მზე ჩახლართვია ფურირემს რქებში: ..
მზე ჩახლართვია ფურირემს რქებში, მთებმა მოიხსნეს თოვლის ბექთარი. გზას მისდევ უხმოდ და სადღაც ეშხით შემოგანათებს ია ფერმკრთალი. ჯაგებში ბრდღვინავს მშიერი დათვი და თავზე შინდის ყვავილი ათოვს. რად მაკლდებაო თვალში სინათლე – ბებერი მგელი შეჰყმუის მნათობს. სურს მოზღვავებულ სიკეთედ იქცეს, – წყარო მოგელის ტყე-ტყე, ბორცვებთან. რომ არ გაგითბო ამხელა სივრცე, მზე ქალწულივით დაიმორცხვებს და ისე დატოვებს პატარა სოფელს... გვიან შინისკენ მიგყვება ბინდი, სარს შეუსწორებ მორღვეულ ღობეს და ვაშლის ხეებს გახედავ რიდით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი