შენი სამფლობელოა ..


შენი სამფლობელოა,
შენი ანასეული,
ვით სასახლის მესერს
და დედოფლის სამყოფელს,
ისე ვუახლოვდები...
სმენას უალერსებს

სიტყვა - შუამავალი
და ანძაზე ფრიალი
საკუთარი დროშის.
წიგნი შენი სახლია,
შენი ტაჯ-მაჰალია
და სასახლე დოჟის.

იგი აღმართულია
რიტმისა და მუსიკის
ვიწრო ხეობაში,
მიაბიჯებ ამაყად
და თვე მოგდევს თორმეტი
ვით თორმეტი პაჟი.

ჰგვანან შენი ლექსები
მთიდან დიდთოვლობაში
ძირს ჩამოსულ ირმებს,
ჩვენთან მაშინ მოდიან,
როცა გრძელი ზამთარი
საქმეს გაუჭირვებთ.

დგახარ მზეში უაზრო
ხმაურს არიდებული,
ხელს შეუშლის ტაში
მარგალიტად რომ იქცეს
ის, რაც მოხვედრილია
სულის ნიჟარაში.

დრო მიდის და ვიცვლებით
და მზე მდინარეების
ვიწრო კორსეტს ამტვრევს,
ჩვენდა გასამხნევებლად
ცვლიან გაზაფხულები
დაღონებულ ზამთრებს.

მაგრამ ალბათ ბოლომდე
საამაყოდ მექნება,
სანამ ვცოცხლობ, მანამ
რომ მე შენი ერთგული
ქვეშევრდომი ვიყავი,
დედოფალო ანა!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
sofo sofo8 წლის წინ

magariaaa

sofo sofo8 წლის წინ

magariaaa

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი