მუხამბაზი


სულით ერთნო, მოლხინენო, აწ შეკრბით
თასით, ჯამით, ყანწით, აზარფეშებით!
ლხინის სუფრა მოჰფინეთ ყვავილებით;
ალავერდა∗ დასვით თარით ნაქებით,
ყოჯა ბულბულ ტკბილის ხმით აღუღუნეთ,
დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ!

ლხინის პაპა, სახით არაბისტნელი,
ღვინისა და ეშხისათვის შექმნილი,
ტოლუმბაშად დასვით ქუდ ჩაკეცილი!
მის შკოლაში ვინ არა ვართ ნასწავლი?
ორმოცი წლის რომ შეიქნეს, - გააგდეთ,
დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ!

სიჭაბუკე, ვით მაისი მშვენივრად
აღყვავდების და მისებრ ჰქრების ჩქარად:
ვაი ვისთვის ეს დრო განვლის უგრძნობლად,
და ცის ალით - ეშხით არ ჰყოფს გულ-დამწვრად!
სიჭაბუკე არს ლხინის დრო, მერწმუნეთ:
დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ!

ვითა ბაღი უყვავილოდ, უვარდოდ,
არა მიყვარს ლხინი უეშხ უსატრფოდ!
მოდი, მნათო, სავსე თასი სალხინოდ
ჩაგვირიგე, თუ გინდ ისე, უპროშტოდ.
შენი თასი არს სადგური სიამეთ!
დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ!

სატრფოს ხალი არს ტახტი სიყვარულის,
ეს ფიალა იყოს სადღეგძო ხალის,
ვისც არ უყვარს, რა ნახოს კეთილ სოფელს?
შავნი ფიქრნი განსტვენენ, - მტანჯნი გულის...
გულში ეშხით, ხელში ჯამით ილხინეთ,
დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ!

ვისთა დღეთა მწუხრამდის ნათლად განვლეს?
ვისი მზე არ ღრუბელსა მიჰფარვიეს?
ვისი ბედის კოჭი სულ ალჩუ დაჯდეს?
არ მიენდოთ დამღუპავს, წყეულს ხვალეს!
დღეს მოხარულთ, დღესვე ისიამოვნეთ,
დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ!

მიმოხედეთ, რავდენთ ვეღარ იპოვნით
ერთად მსხდომთა, მოხარულთ თქვენთან ყოფნით.
სად არიან? ზოგნი შორს ვლენან ოხრვით;
ზოგნი უდროდ განვიდნენ სოფლის ლხინით!
ამ თქმაში რად, ცრემლნო, თასში შთაცვინდით,
და ჭირთ მდევნი, ღვინო ტკბილი დამწარნეთ?..
დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი