ბესიკი (ესსე)


ჩემი თემა არ არის. იგი ეკუთვნის სრულიად ტიტე ტაბიძეს გაკვრით – ესთეტიკურ ნაკვთებში, ინტიმურად – კერძო ბარათებში. ბესიკი უყვარს მას და მისი ლექსის შესახებ წიგნსაც ამზადებს. მე არ მიყვარს იგი, თუმცა ვაფასებ მეტად. ბესიკი აღმოსავლეთის შვილია პირმშო, მაგრამ აღმოსავლეთის მე პრიმიტივი მონუმენტალობა უფრო მაჯადოებს, ვიდრე ჩუქურთმული ქსოვილი. ეგვიპტის პირამიდები, ვიდრე სპარსეთის ხალიჩები. თავისთავად ცხადია ზედმოჭრილს სიტყვას ბესიკს ვერ ვეტყვი – ამისთვის სიყვარულია საჭირო, და მწამს, ტიტე ტაბიძე შესძლებს ამას. მე ვიტყვი მხოლოდ ესთეტიკური შეფასების სიტყვას.
ბესიკმა იცის მუსიკალური ნაკადი ლექსის რიტმში. მანვე იცის პლასტიური ჭედი მგოსნური ხატის. მე უკანასკნელი უფრო მაინტერესებს “მე შენმა ფიქრმა მიმარიდა, ჩაველ ჭირებსა”. – ამბობს ბესიკი ერთ შაირში. სიყვარულით გარინდება რუსთაველმა დააკანონა პოეტური ხელმწიფებით. ბესიკს აქ ერთი რამ შეაქვს ახალი: “ჩაველ ჭირებსა”. თავის თავად არც “ჭირვეულობაა” ახალი, მაგრამ ბესიკი მას პლასტიურად შლის: ”ჩაველ ჭირებსა”. თითქო უკანასკნელნი ხელსახებნი იყვნენ. იმავე შაირში: “ეტლ შვენიერად მოარული გამსგავსე მთვარეს”. მთვარეს დამსგავსება ძველია, ხოლო ბესიკი აქ ერთს ხერხს მიმართავს: დასამგზავრებელს ჯერ ეტლ-შვენიერად მოარულის სახით ხატავს და ამ სახით ამსგავსებს მთვარეს: – ასეთი დამზგავსება კი უაღრესად პლასტიური დინამიურობით გამოდის. გარდა ამისა, შედარება თავისთავად ძლიერი არ არის: თუ სატრფო და მთვარე შედარებით ერთ-სხეულ იქცნენ, მაშინ პოეტური ხაზი უფრო მრავალფეროვანი იქნება. ბესიკიც ასე იქცევა: “შენის ეშყითა მასა შევსტრფე, ღამე ველ გარეს”, – უმატებს იგი და ამით მნიშვნელივან ესთეტიურ ეფექტს აღწევს.
“ბულბულის შურსა”: ლექსი. აქ ერთი ვულგარი თქმაა: “ყელი გამომჭერ”, მაგრამ ის ვულგარობა სრულად იცვლება, როცა შემდეგ სიტყვა ემატება: “პირი დამრჩა შენი დანების”. ამაზე შორს ძნელია პლასტიურობა წავიდეს: ისეთი მძაფრი იყო ჭრილობა, რომ შიგ თითქო დანების პირი დარჩა. იმავე ლექსში ბესიკი იტყვის: “ანთებულს ცეცხლსა შესაწველად ხელი შეგახე”. სახე ძველია რასაკვირველია, _ მაგრამ ბესიკი სიახლეს აძლევს მას: ცეცხლს წარმოიდგენს ანთებულად და თანვე ხელს შეახებს მას შესაწველად. ეს ორმაგი პროცესი (ცეცხლი, ანთებულობა და ხელის შეხება), პლასტიური დინამიურობით სხეულდება.
ბესიკმა იცის, თუ რომელ სიტყვას სად ექნება ადგილი. ეს ”ცოდნა” კი, სტეფანე მალარმეს გენიალის თქმით, პოეტის გენიალობას აცხადებს. თუ შესაძლოა სიტყვის გადასხმა, პოეტური ფრაზა ნაკლებია. თუ არაა შესაძლო, მაშინ ნათელი ფრაზა ერთსმთლიან სხეულად იქცევა: პლასტიური სხეულებისა. ასეთი ფრაზა აქვს მაგალითად ვაჟა-ფშაველას: “ჯიხვმა სთქვა სალის კლდისამა”. ასეთი თქმა აქვს ბესიკს: “მათგან დაზიდულს მშვილდსა უძლოს” (ლექსი: “მე შენი მგონე”, წარბ-წამწამებია ნაგულისხმევი). აქ სიტყვის გადასხმა შეუძლოა: ფრაზა დინამიური სიმტკიცით იჭედება. იმავე შაირში იტყვის ბესიკი: “შენი ბაგისა ორნი მეცნეს; ტკბილი და მწარე ორკეცად შენი სიყვარული თავს დამაფარე”. ყველამ იცის, რომ სიყვარულს ნექტარიც აქვს და შხამიც, ხოლო ამას ბესიკი ისე გამოსთქვამს, რომ გამოთქმული ცოცხალ სიახლეს იღებს. ჯერ ამ ფენომენს ის სენსუალურს სახეს უპოვის: ბაგე. ბაგე ორპირია: ხოლო ერთი რკალით სიტკბოსაც და სიმწარესაც მოსალტავს. შემდგომ პირდაპირ შესახები ხატი: “ორკეცად შენი სიყვარული თავს დამაფარე”. ეფექტი მძაფრია: აკიდო ორმტევნიანი _ ამით თუ გამოვხატავ მას. “ცრემლთა ისარნი”: მუსტაზადი. “დაბერდა ყური, სევდის ჭური”. აქ პლასტიურობა გროტესკამდე მიდის. “დადგესცა ხელნი”; ხელი ნიშანია მოძრაობისა და მოქმედების; თუ იგი “დადგა”, სჩანს – აღარც მოძრაობაა და აღარც მოქმედება. ბესიკიც მას იღებს სწორედ, რომ მისი “დადგომით” პლასტიურად ასნეულოს ფსიხიური განცდა: ამ შემთხვევაში საშინელი სევდა. და ქვევით: “სიზმარს ვემონვით ძილ შეკონვით”. ჯერ სიზმარს დამონება: _ ლამაზი სახე. შემდგომ: შეკონილი ძილი: _ კიდევ უფრო მოხდენილი ხატი. ორნივ ერთად _ ნამდვილი პლასტიური აღმოთქმა.
ბესიკის პლასტიური ნიჭი მეტად ძლიერია. ყველა სახის ამოწურვა შეუძლია. მოვიყვან კიდევ რამოდენიმეს: “სადაფნი ძოწსა მოუზღუდავს” _ “მეყნოსა ოდეს სურნელება თმისა შენისა” (ლექსი: “ეტრფის მთებსა”, მეორე ფრაზა სენსუალობით ყვავილებაა): “გამოჩნდა ჭაღადი სულთ-მხედველობისა” (შაირი “სევდის ლაშქარი”); “შროშათა შვილნი, ყარამფილნი შვენვით ზვაობენ” (ლექსი “მოვედ აწ ძმაო”); “ნათელსა სთხოვს აფროდიტი ცისკარი, ელვარობით ტოპაზის ტახტს ისმოდა” (ლექსი: “ვაშა ამ დღეს”); საყნოსველი კოლორიტი, რომელიც კიდევ უფრო ამავე ლექსის ბოლო ფრაზაში: ქვეყნისათვის ნელსაცხებლად ისმოდა; “რა გული დავაგე შენად სარებლად” (ლექსი ამავე სახელით).
თვითონ ლექსის სახელები ბესიკს პლასტიურად მოუნახავს; “ცრემლთა ისარნი”, “სევდის ლაშქარი”, “გიშრის ნავნი”. აგრეთვე ცალკე თქმანიც: ნარგიზი “ქცევა მზიანი” (ლექსი “მე მივხვდი მაგა შენსა”); “ვარდისენითა” (ლექსი: “ეტრფის მთიებსა”); “მზედტურფობს” (ლექსი: “ვაშა მას დღეს”).
ლექსის რიტმში ბესიკი საშინლად ამახვილებს მუსიკალურ ტალღასა, ხან და ხან იმ ზომამდე, რომ ლექსის ტანი სრულიად იხრჩობა. მაგალითად: “რუხის ბრძოლა”, ნაკვეთი 56:

“ავაზობდის,
გავაზობდის,
დაქროლვიდის და ჰსთრთოლვიდის;
ნავარდობდის,
შავარდნობდის,
მიწას დასცეს დაჰქროლვიდის;
ანაზრობდის.
ანაზდობდის.
გაჰკაფდის და განსროლდვიდის;
მილაღობდის,
თამაშობდის,
განბნევდის, განსმტროლვიდის.”

აქ ბესიკი ვირტუოზია უფრო, ვიდრე ხელოვანი. ეს ერთგვარი “ალექსანდრიზმია”; ლექსის დამუშავება, ზომა-გადასული: – სიცოცხლე “პირვანდელობის” აღარ სჩქეფს ხალას ნაკადულად. ბესიკი ნამდვილი “ალექსანდრიელია” ჩვენში: ამ მხრით ბესიკის ხანა შემოქმედების მხრით მეტად საინტერესი თემას წარმოადგენს. მოყვანილს ნაკვეთში რითმათა სიჭარბე: რითმა რითმს მოსდევს ისე რომ მათ შორის ჰქრება ყოველი მანძილი. უკანასკნელი კი (მანძილი რითმათა შორის), აუცილებელი პირობაა ლექსის რითმის შექმნისათვის. დროგამოშვებით ბესიკი აღწევს ნამდვილ მუსიკალობას თუმცა მაინც ხაზგასმულს. მაგალითად “რძალ-დედამთილიანი”. ნაკვეთი 91:

ქალი სტირის ნაზად,
ხმას აუწყობს საზად:
ლომო და მზეო,
გიწევ მკლავზეო;
აწ მკლავ ნამზეო, მხდი ერთ ნაგაზად?
მზე ხარ მარდია,
ჰქმენ ნავარდია,_
ეს ნავარდია იყნოსე მაზად.
შენთვის ურვილსა,
გნუკავ სურვილსა,
გულ-დაბურვილსა, გამხადო რაზედ.”

ან კიდევ: იქვე: ნაკვეთი 83:

ქალი დუმილით,
ეშყით, სურვილით,
ზის ხელ-მოჭდომით, ცრემლს აფრქვევს ხშირად:
“დამატყდით მნათო,
ხემო და კლდენო,
გულის ხელმწიფე მყავს განაპირად
ნეტავი იმ დღეს,
რომ გამოღიმდეს,
ბრძოლის მკლავზედა ვიხილო ძილად!
მონას, მოლარეს,
მისთან მწოლარეს,
ლალის ბაგით მკოცნიდეს ტკბილად!”

საკმაო, ასეთს მუსიკალობას ჩვენს პოეტთა შორის ძვირად თუ ვინმე აღწევს ბესიკის შემდგომ. მუსიკალობისათვის ბესიკი მიმართავს ხშირად ალიტერაციას (შეხმატკბილება მრავალ ერთხმიან ასოების). ამ ხერხით იგი ლექსაც წერს ანბანზე:
“ანზენით მოხვალ” და “ამბავს ვსწერ ადრინდელსა”. ავიღოთ მეორე მაგალითად: ”ლ”: ”ლალებრივი ლოყა ლოშნით ლელწამ ლალსთა ლალობათა”; ან: ”შ”: ”შუბლთა შუქი შემოადგა, შაბაშ შვენის შუბობაი” და მრავალი სხვა. ხოლო ამ მხრითაც ბესიკი ვერ იჩენს ზომას ლექსებში: ეს ხერხი მას ხშირად ვირტუოზობად ექცევა. მაგალითად: “ზილფო-კასიავ, ნამკ სასიავ-კინამოსანო” (ლექსი: “ეტრფის მთიებსა”); ან კიდევ: “აკიმათნაზავ, ნამკნაზ-შენათხზავ” (ლექსი: “მოვედ აწ ძმაო”).
“ქართულ რენესანში” ვსთქვი: ჩვენში “სამკაულს” ლექსისას უფრო დიდი ყურადღება ექცევა, ვიდრე მის ”აღნაგობას” (ჩვენს არქიტექტურაში კი _ პირიქით). ეს მოვლენა ბესიკისათვისაც დამახასიათებელია: “სამკაულისათვის” იგი თვითონ ლექსის ფაქტურასაც მიიტანს მსხვერპლად. ამ მხრით ზომას (“თანდათანობით”) იჩენს იგი (ისიც რამოდენიმედ), მხოლოდ რამოდენიმე ლექსში მაგალითად: “ტანო ტატანო”. ეს ლექსი საერთოდ სატრფოს სილამაზით გულდაჭრილობის ხატვაა. ბესიკი ხატავს სატრფოს სილამაზეს თანდათანი ძლიერებით და პარალელურად გულ დაჭროლობაც თანდათან იზრდება. პირველ სტროფში ამბობს: “დამდაგეო”; მეორეში – “მიქმოდენ ხელად”, მესამეში: “აწ დამლევიან ყოველნი დღენი”, მეოთხეში: “უშენოდ ხილვა არ ვისი მსურს”, და მეხუთეში: “მკვდარი მიუვალ დამტირეთ”. აქ დაცულია ფაქტურის პრინციპი: დინამიური განვითარება ერთის მთელის.
ბესიკის “იდეურობას აქ არ ვეხები. თუმც არ შემიძლია ორი ადგილი მაინც არ მოვიყვანო: ”რაყიფად შემექნა ბედივე ჩემი” (ლექსი: ”გამტყორცა სოფელმა”); ”რაყიფი” საბა სულხან ორბელიანს ასე აქვს განმარტებული: ”ორი ერთის ტრფიალი იყოს”; მეტად გულისხმიერი თქმაა, თუ მოტრფიალეს მისივე ბედი რაყიფად ექცა. მეორე: ”გაშმაგდა ქვეყანა” (ლექსი: ”სევდის ლაშქარი”); მოტრფიალემ დაჰკარგა სატრფო და ”გაშმაგდა ქვეყანა” (მისთვის): დიდი აზრია.
მე მაინტერესებს ბესიკი პოეტური პლასტიურობის მხრით. რომელიმე მისი სახე ჭდეულია ნამდვილად. მუსიკალობითაც დიდად არის დაჯილდოებული ბესიკი: განსაკუთრებით, თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ იგი ცხოვრობდა მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში: მან განავითარა ლექსის მრავალი სატეხნიკო ხერხი, რაიც ერთი საუკუნის შემდგომ მხოლოდ ფრანგ სიმბოლისტებმა აიყვანეს პრინციპად. ამ მხრით ბესიკი ფენომენია ნამდვილად: აქ გამოჩნდა ძლევამოსილება მასში მცოცხლები აღმოსავლეთის. ზოგან ისეთი სახეც აქვს ბესიკს, რომელსაც თანამედროვე ევროპელი პოეტი თუ გადმოისვრის: ”მისმან ლხინმან ჭირების კონა მკრა გზასა” (ლექსი: ”ეტლზედ”). ერთგან იგი კალდერონის კონგელიალია: კალდერონი ხმარობს სახედ ”შავ ვარსკვლავს”, – ბესიკიც: ”შენსა ცასა ასხენ ვარსკვლავნი შავნი” (ლექსი: ”სვისადმი”).

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი