დაბრუნება მიწასთან (თავი პირველი)
როგორც კერძო ბარათი ხელოვნება უთუოდ არის ერთ-ერთი სახე რელიგიის, კავშირის. იგი არის საკრალული კავშირი საგნებთან, მსოფლიოს მატერიალურ ფორმებთან”. თანამედროვე ხელოვნების უკიდურესი ფრთა ჰკარგავს ამ საკრალური ერთობის გრძნობას; საგანი, ნივთი თავისთავად, აქ იქცა ასტრალურ მირაჟად; მის ნაცვლად რჩება გეომეტრიული პროექცია, სივრცისა და დროის დაშლილი ფორმა. ეს კი არის უარყოფა ხელოვნების როგორც ასეთის. აქედან პაროლი: ”მისტიური კონტრაქტი ხელოვანსა და ნივთებს შორის უნდა განახლდეს. ხელოვნება, როგორც საკრალური კავშირი საგნებთან, ბუნების მატერიალურ ფორმებთან, შეუძლებელია დაირღვეს დედა მიწა არასდროს არ ანელებს სიყვარულს”. Aამ დეკლარაციაში მოცემულია ერთგვარი ზღვარდება თანადროულ ლიტერატურულ შეცნობაში. აქ არის მონახული ფორმულა: სწორი და მართალი. ზედმეტი არ იქნება რკალის გახსნა. თანადროულ შეცნობაში გზნება მსოფლიოს დაშლის. ძველი რასსა კვდება, იბადება ახალი ნივთები იშლებიან და საგნები გვევლინებიან მობრუნებული პაროლით: ”мир с конца” ბოდლერის ”ავი ყვავილები” პოეტური თაურია ასეთი გზნების. მისთვის არის ეს უდიდესი პოეტი საშინელი უცნაურობით და თანვე მიმზიდველი მსოფლიოს ახალი სურნელებით. თუ მსოფლიო დაშლის პროცესშია, ცხადია თავისთავად, რომ ყოველი მისი ელემენტი მთელობას დაიჩემებს. აქედან:Lრემბო და მისი მსოფლიო როგორც ოკიანისებრი ცხოველი, რომელშიაც ელემენტები მთელობენ და თვითონ ”მთელი” კი არსად სჩანს. ქვეყანა იღუპება და კვდებიან საგნები. აქედან: ლაფორგ და მისი მძაფრი ირონია განწირულ ნივთისადმი. თანვე: მისი ”სამგლოვიარო მარში მიწის გარდაცვალებაზე”. ხელოვნება არის ენტელეხია, რომელიც თავისებურ ჰქმნის თვითონ მსოფლიოს. თუ ეს ასეა, მაშ როგორ მოხდა, რომ ხსენებული პოეტები ”აყვენ” მსოფლიოს დაშლას და თითქო პილატისებურ განზე დგომით შეხვდნენ მას?! აქ თავს ჰყოფს მეტად საცნაური მოვლენა. არა თუ მსოფლიო, თვითონ მატერიაც მონაწილეა ქმნადის. აქ არის გამართლება ”დემონურის”. როცა ალერსანდრე მაკედონელი იურვებს ბუცეფალს, ეს არ ნიშნავს მარტო იმას, რომ უკანასკნელი მხოლოდ ”ემორჩილება” მძლეველ მხედარს. პირიქით: იგი მიმღებია უკანასკნელად ვაჟური ენერგიის: მეორის მხრით, ეს არც მარტო იმას ნიშნავს, რომ დიდი მაკედონელი ”ანარცხებს” ბუცეფალს. პირიქით: იგი დაურვებულ ცხენს სადავეს მოშვებით აძლევს თავისუფლებას და თვითონ თითქო შეზდილი გაჰყვება მის ველურ გავარდნას. აქ არის მოცემული უსასტიკესი წონასწორობა. ხელოვნების გეზი ამ წონასწორობაშია. იმარჯვებს მარტო მხედარი, როცა მას ცხენი მხოლოდ ”ემორჩილება”. _ გვაქვს მომენტი მარტო ”ასკეტური”. იმარჯვებს მარტო ცხენი, როცა მის ნავარდს მხედარი სრულიად ”გადაჰყვება”, _ გვაქვს მომენტი მარტო დემონური. ბოდლერში რემბოში და ლაფორგში არის არა მარტო დემონური მომენტი, არამედ მომენტი ასკეტურიც (თუმცა პირველი უფრო ძლიერია მათში, ვიდრე მეორე). გაიხსენეთ ბოდლერის კათოლიკური ხაზი, რემბოს ლოცვები და ლაფორგის ატირება, დემონური მომენტი შემდეგ უფრო გამახვილდა: პიკასოსა და ჩურლიონისის მხატვრობა, სკრიაბინის მუსიკა და ანდრეი ბელის სიტყვა. ფუტურისტები ”გადაჰყვენ” მარტო დემონებს. ტკბილია თრობა უკანასკნელით და ძვირად თუ ვინმე არ გადაყვება მას. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში არის მხოლოდ სიმბოლისტური პოეზია. სხვა პოეზია ამ ხანაში ”ბიბლიოგრაფიულადაც” არ მარლთდება. საცნაურია მეტად, რომ სიმბოლისტურ პოეზიაში გოეტჰეს სიტყვა იქმნა თაურად მიღებული: ”ყოველი წარმავალი სიმბოლოა მხოლოდ” (იგულისხმება ”წარუვალის”). ნივთების დაშლა ამ შემთხვევაში უკეთესს ფორმულას ვერ მონახავდა. ნივთი იშლება მაგრამ იგია ნიშანი (სიმბოლო): წარუვალის, მარადიულის თავისთავად ეს ფორმულა სწორია. მხოლოდ მას გახსნა სჭირდება ორის მხრით. პირველი მხარე არის ფილოსოფიური. მართალია, რომ ყოველი წარმავალი სიმბოლოა მხოლოდ წარუვალის, მაგრამ თანვე ისიც მართალია, რომ თვითონ წარუვალი მხოლოდ წარმავალში ვლინდება: უკანასკნელი კონკრეტი მომენტია პირველის. აქედან: დაფასება წარმავალისაც. მეორე მხარე ქმედითს სფეროშია: ყოველი ნივთი სიმბოლოა, მაგრამ სიმბოლოს სხეულება მხოლოდ ნივთში ხდება, აქედან: სიყვარული ნივთსაც. ”წმინდა” სიმბოლისტებს არ ჰქონიათ არც სათანადო დაფასება წარმავალის და არც სათანადო სიყვარული ნივთის. მათს ქმნილში სიმბოლო განსხეულდა, მაგრამ სხეულების დროს ნივთი გაჰქრა (რასაკვირველია, გამონაკლისი აქაც იყო). ცხადია: ჩვენ ასეთს სიმბოლიზმს ვერ მივიღებდით. აქედან: ერთგვარი რეაქცია. ამ ორი წლის წინად მე უკვე განვიცადე ეს. ჩემთვის პირადათ მისაღებია მხოლოდ შემდეგი ფორმულა: ისე უნდა ამოსწურო ნივთი, რომ იგი ფანტასმად (თუ გინდ სიმბოლოდ) იქცეს, მაგალითი: დოსტოევსკის ხელოვნება: აქ ყოველი საგანი ყველაზე ”უნივთესია” და თანვე ყოველი ნივთი ყველაზე ფანტასტიური. თვითონ ”ამოწურვა”. სიტყვა _ ” სახელში”, რომელიც ასტრალურ დაღად დაესმის საგანს. შეიქმნა პიეზია, როგორც ერთგვარი მაგია. რამდენად წარუშლელი იქნება ეს დაღი, იმდენად გამძლე იქნება ქმნილი. გაცივდება დაღი და გათავდება ქმნილი. თქმულიდან ნათლად სჩანს, თუ რაოდენ ხვდება ჩემი გაგება ხელოვნების პავლე ინგოროყვას გაგებას: ”საკრალული კავშირი საგნებთან”. დეტალების სხვაობა აუცილებელიც არის. ჩემი წერილი არ არის წმინდა თეორიული. უნდა ავღნიშნო, რომ პავლე ინგოროყვას სახელით ახალ მწერლობის რიგში სდგას ერთი მეტად მძლავრი ტალანტი, რასსიულად არიული (-”ინგოროყო” ჩრდილოეთ კავკასიიდან) იგი არიულ სიწმინდეს შეიტანს ჩვენს ლიტერატურაში. ფილოლოგოსი, ისტორიკოსი, კრიტიკოსი _ იგი, როგორც ვიაჩესლავ ივანოვ, უეცრად თავდამტკიცებულ პოეტად შემოჭრება ქართულს პოეზიაში. მე ეს მწამს. მინდა შევეხო ვალერიან გაფრინდაშვილის წერილს. ”საკრალული კავშირი საგნებთან” _ ინგოროყვას ამ ფორმულას უახლოვდება გაფრინდაშვილის სიტყვა ”მიწასთან დაბრუნმება”. თუმცა ვალერიანი ამ დაბრუნებას ”შემთხვევითს” უწოდებს, მაგრამ თქმულიც ადასტურებს, რომ იგი არც ისე შემთხვევითია. აქ არის ქვეშეცნეული პროცესი. მისი სიტყვით დამწყებნი ამ ”რეაქციის” იყვენ: პაოლო იაშვილი (”წერილი დედას”) და გრიგოლ რობაქიძე (”ვასაკა” და ”აქლემი”). ეს მართალია უთუოდ, მაგრამ სწორი არ არის, თუ ამას ჩემი ”ლინდაც” არ მივუმატეთ, რომელიც თავიდან ბილომდე ”ერთგულებაა მიწის”,რომლის წიაღში მზის გახელებით ირრაციონალია გადავარდნილი. ქვემოთთქმული _ მხოლოდ ”მიწასთან დაბრუნების” ნიშნით. პიოლო იაშვილი ბოლომდე ქართული რასსის ტემპერამენტია _ მასში იცეცხლება გზნება გამოწვევის და ნება ძლევის. ტყვილად არ ვუწოდე მე მას (სონეტში ”პაოლო იაშვილს”) ”დაჭრილი კენტავრი”. მზე მას ისე აწვალებს, როგორც არც ერთს პოეტს. ბალმონტის მიმართ დაპირისპირება მისი ამ მხრით ოდნავადაც ვერ გახრის მას. ჩემთვის პაოლო იაშვილის მზე უფრო კონკრეტულია და ტემპერამენტური (”ფარშავანგები ქალაქში” და ”წითელი ხარი”). აქ მინდა ერთი პარალელი ვახსენო: პაოლო იაშვილის მზე და ჩემი მზე: მზე მეც მაწვალებს (”პან” ”დიდი შუადღე”, ”ვასაკა”, ”ლონდა”, ”მისტერია მზის”: საგულისხმოა, რომ უკანასკნელმა ჩემი მეგობრების მხითაც შუმჩვენლად ჩაიარა). აქ არის სხვადასხვა აპერცეპცია. ალბათ ამის შესახებ იტყვის ვინმე. თუ ამ შემთხვევაში ვინმეს სურს ჩემი აზრი გაიგოს, მე ვიტყვი მოჭრით: პაოლო იაშვილის მზე ”სანახაობაა” უფრო, ჩემი მზე კი უფრო ”ცხოველი”. პაოლო იაშვილი ინტუიტივიტია ნამდვილი; ძვირად გაიფიქრებს ისეთს რამეს, რომ იგი წამსავე არ მიხვდეს. მას აქვს აბსოლუტური გზნება ლექსის როგორც ასეთის: მის გემოზე შეგიძლია გადასჭრა ლექსის სისწორე თუ სინამდვილე. მზის პასსაჟებს მან ამ ბოლო დროს უტია. არ ვიცი _ რად?! ეტანება უფრო დარბილებული სულის ლირიულ ცხადებას. მისი ”წერილი დედასთან” შედევრია უკანასკნელი სიყვარულით და წინაგრძნობით. აქ მართლა არის დაბრუნება მიწასთან როგორც ”დედასთან”. ამავე რკალში მიდის მისი ”ტანიტ ტაბიძეს”. თუმცა შიგადაშიგ შედიან სხვა ხაზებიც (ალბათ იმის გამო, რომ ტანიტ ტიციან ტაბიძის შვილია). უკანასკნელი მისი ლექსი ამ რკალის არის ”ლილი მეუნარგიას”, ეს ლექსი ჩემთვის ყველგან და ყოველთვის უნაზესი დარჩება სათუთი მიახლოებით სიკვდილთან: ”პატარა ბალიშს დაეცა ცრემლი, პატარა ფილტვებს მიეპარა ჭლექი და ხველა”… ”ცრემლის” პოეტური გამართლება მე უკეთესი არ მინახავს. ”ჩამოწყდი როგორც ყვავილი ტყემლის” _ აქ არის კლასიკური უბრალოება და მიწის სიმართლე. ”ასე მგონია ფუტკარის გუნდი დაესეოდა შენს მკვდარ სხეულს, ტკბილ სხეულს, ლილი”. ძვირფასი პირის ”სიტკბილე” ამაზე შორს ვერ წავა, შეუძლებელია, რომ ამ ლექსმა არ აგატიროს. ასეთია პაოლო იაშვილი. უსიყვარულობა იქნებოდა, რომ აქვე მისი ”მტერი” არ ამენიშნა: ეს არის მისი ”სიადვილე”.პაოლო იაშვილი ხშირად ენდობა მას უკანასკნელად. სიადვილე საცდურია: თუ მას თანვე განზე დადგომა არ აქვს პირისპირ და სასტიკი ანალიზი, შესაძლოა მოღალატეთაც მოგევლინოს იგი. მიწასთან დაბრუნება ალბათ ტიციან ტაბიძისთვის არის საძნელო. მიუხედავად იმისა, რომ მან საქართველო ცხელ ქალდედან გამოიყვანა. არც ერთ ქართველ პოეტში არ მხილებულა ისე დეკადანსი როგორც მასში: დეკადანსი ფრანგრბის ლათინური გენიის გაგებით _ ”დემონური” ელემენტი ძლიერია მასში. ამ მხრით მას თანატოლი ჰყავს ვალერიან გაფრინდაშვილი. მისთვის უფრო საგულისხმოა მისი უკანასკნელი დიდი ლექსი. აქაც მინდა ერთი პარალელი ავნიშნო. ტიციანი ლექსში თითქმის იგივე მთავარი გმირია, რაიც არის ჩემს ”ტფილისის ხერხემალში”. თუ ჩვენ ერთიმეორეს შევადარებთ ”მიწის” მიღებაში, ტიციან ტაბიძე გამოვა როგორც არმიმღები (გავიხსენოთ მისი ”გომბეშო”), მე კი როგორც მიმღები (გავიხსენოთ ჩემი ”ვასაკა”). ხდება საცნაური: ზემოაღნიშნულ თემის გახსნაში კი ტიციანი გამოვიდა მიმღები უკანასკნელი დაწურვით, მე კი ამხედრებული და შემტევი. შემტევი არა იმისათვის, რომის გმირი მე არ მიყვარდეს, არამედ მისთვის, რომ იგი მისტიურად უძლური მეჩვენება. შესაძლოა ამითაც აიხსნებოდეს, რომ ამ ლექსის დაბეჭვდა მეშინია. დავუბრუნდეთ ისევ ტიციანის ლექსს. აქ მოკლულია ლამაზი ქალწული _ რითმა. არც მისი დობილის ხსენებაა _ ასსონანსის. ეს არის პირველი თავგამეტებითი გაბედულობა. ლექსი საერთოდ ირრაციონალის ტორტმანია. იგი ტონაწეული სიტყვაა: ყოველ შემთხვევაში _ განზე გაწეული. რითმა ხშირად ამ ირრაციონალის როლს თამაშობს. მიუხედავად ამისა ტიციანის ლექსი მოვარდნილი ირრაციონალია. ტიციან ტაბიძეში სჭარბობს მხოლოდ აბსოლუტური პოეტური იდეა. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა კოლორს (როგორც პაოლი იაშვილისათვის), არც რიტმს (როგორც ჩემთვის), არც კოლორსა და რიტმს ერთად (როგორც ვალერიან გაფრინდაშვილისათვის). მისთვის ყველაფერი არის ტიტველი პოეტური აზრი. ამისათვისაა რომ იგი ფართო მასებისათვის მიუღებელია. ყველაზე მეტად მას პოეტები იღებენ. ეს კი ყველაზე უფრო სასურველია პოეტისათვის. ხსენებულ ლექსშიც იგი ასეთია. იგი აქ ესსენციებს ასხურებს მხოლოდ: და თან: ყველგან კონკრეტული ხაზებით. აქ მოსჩანს ანდრეი ბელლის ფოსფორიული განათება ასტრალურ სხეულების. ეს პარალელიზმია უფრო ვიდრე გავლენა. გავლენას მე უფრო ლოტრეამონისას ვხედავ _ და ისიც: მხოლოდ პოეტურ განსხეულებაში. ტიციანი აქ ლოტრეამონსავით საგნებს თუ მოვლენებს ერთიმეორესთან ალაგებს ცალკეულ: ყველგან მარტო სუბიექტი და თითქოს არსად პრედიკატი. კიდევ უფრო უცნაური: სუბიექტებს შორის ხილული სიცალიერე: ”მეწამული ზღვა. მთვრალი ხომალდები. სიდონის მატროსები. ზღვა ქარავნების. ქალდეას ოქრო”. ხოლო ეს საგნები თუ მოვლენები ესეთი ოსტატობით არიან ერთიმეორეს გვერდით აწყობილნი, რომ პოეტური მკითხველი მაშინვე იგრძნობს მათ შორის გაბმულ უხილავ გრეხილს. ასეთია ამ ლექსში გამწევი შთაგონება პოეტის. მთელი ლექსი ასტრალური ღვედებია: მხოლოდ დაჭრილი. აქ არის თავის გამმართლებელი ძალა. მაგრამ საერთოდ აქ საცთურიც იმალება: ჰიეროგლიფის. ყოველ შემთხვევაში ეს ლექსი უდიდესი ძლევაა თითქო განზრახ ამართულ სიძნელეთა. ამ ლექსზე კიდევ ბევრს იტყვიან. ალბათ იქნება ცილობაც. ვალერიან გაფრინდაშვილისთვისაც ძნელია მიწასთან დაბრუნება. თუმცა მიწის სურნელება იყო მის ლექსებში (”წითელი ბატონები”, ლექსი შეწირული მიცვლილ ძმისადმი). ვალერიან გაფრინდაშვილი ფანტასმის პოეტია. ამისათვისაა, რომ მის ქმნილში უმეტეს წილ პერსონაჟებია. მან პირველმა მოგვცა სახელების მაგია. იგი ამტკიცებს საკუთარ პოეტიკას: თუ კი ვარდი, შეიძლება იყოს პოეტური ხატი, რად არ შეიძლება იყოს ასეთი ხატი ოფელია მაგალითად _ აი მთავარი ხვეული ამ პოეტიკის. პოეტური აპერცეპცია მისი არის ორეულობა საგანის თუ მოვლენის. ესეც ფანტასმის მთავარი გზა. შესაძლოა მისი მისტიკა ძირში სხვადყოფის ძიება იყოს. აქედან ხაზი: სხვადყოფა-ორეული-ფანტასმა. ამ საშინელს გადავარდნაში აბსტრაქცია გიცდის როგორც საცთური. ვალერიანიც ბევრჯერ ცთუნებულა. მაგრამ მან გამარჯვებაც დიდი იცის. ერთი მძლაცრი გამარჯვება მისი ”ივანე მაჩაბელია”. აქ უკვე სჩანს დედა-მიწასთან დაბრუნება. შესაძლოა მისთვის არის ეს ლექსი ასე კონკრეტული გულსახვედრი. ”ის ყოველღამე ვერის კიბეზე მომელოდება ვით ორეული. ის არის ლანდი უღარიბესი ფიროსმანებრივ ჩამოხეული.” ვერის კიბე უკვე ფანტასტიური გახდა ვალერიან გაფრინდაშვილის შემოქმედებაში. ფიროსმანის ლანდი თავისთავად მეტყველებს: ამ მათხოვარის და ნიადაგ ვიზიონერის. მაჩაბელის ასეთი ლანდათ ხილვა ვერის კიბეზე უკვე დიდი ინტუიციაა. ”დეზერტირკაზე ჰყიდის სურათებს ნახევრად გიჟი, მუნჯი, მშიერი. ის თავის მკვლელებს დაუყურადებს. და გაექცევა მათ-კადნიერი”. მაჩაბელი დეზერტიკაზე _ ეს ჩემთვის უმძაფრესი ხილვაა რაინდისა და საწყალის. შემდეგ: თავის მკვლელების ”დაყურადება” და გაქცევა _ ეს უკანასკნელი ხაზია სინამდვილის: როცა გიჟი და განწირული შენც გიხმობს თითქო, მაგრამ მიუახლოვდები თუ არა, იგი გაგირბის დაფეთებული. ”ტრამვაის მოსვლას ჩვენ ერთად ვუცდით” _ აქ არის ჰოფმანის ფანტასტიკა ყოველდღიური სინამდვილის. და მაჩაბელი (ასე მგონია) ხიდიდან წყალში გადავარდება”. თავის მკვლელობის პასსაჟი აქ ბრუნდება უკანასკნელი ატეხით როგორც სიმფონიაში, _ რომ უეცრად ბოლოში მოსკდეს ზღვარგადასული შურისძიება თუ სისხლის აღება: ”უკვე დაინგრა ბედითი გორი. დგებიან მკვდრები საყვირის ხმაზე. და მაჩაბელი _ მხნე კამანდორი _ ტფილისზე მოდის, ვით სააკაძე”. ეს ლექსი ჩემი დიდი სიხარულია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი