დაბრუნება მიწასთან (თავი მეორე)
კოლლაუ ნადირაძემ დაიწყო დეკადანსით. ძნელია თანადროულობაში ამის აცილება. მეცხრამეტე საუკუნის პოეზიაში ნამდვილი ყვავილი დეკადანსის სურნელებას იძლევა. ”ავზნიანი ქალაქი” _ ეს სათაური ერთი ლექსის ფორმალურად გაირკალა ავტორის შთაგონებაში. მან განიცადა სხვების გავლენა, მეგობართა გავლენაც. მაგრამ იგი მაინც ”განზე” დარჩა თავისებური. კოლლაუ ნადირაძემ როგორც ”განზე მდგომმა” იცის უეცარი გადახვევა პოეტური პასსაჟების დენაში. თანვე: ყოველი მისი ხვეული არის მძაფრი სენსუალურობით. და მაინც: ჩემთვის იგი უფრო გულისმიერია როგორც ”დაბრუნებული მიწასთან”. მისი ”პატრიოტული ეკლოგა” შედევრი არის როგორც ლირიზმით ისე წინაღგზნებით. მისი ”ოცნება საქართველოზე” უძვირფასესი ოფორტია პრიმიტივის: ”დავიწყებილი ძველი ფონები; შავი კედლები დიდი ციხეების ჩვენი დიდება მოსაგონები; და ფართო ჩრდილი ცაცხვის ხეების შედიხარ ჩუმად. გრილი ტაძარი… მოთაფლისფერო სახე მამების, და საცეცხლურში ცოტა ნაცარი; და შავი ხატი წმინდა სამების. ნიშანი ბედის _ კარზე ნადები. სახურავები დახავსებული. და ხვთის მშობელის მოგრძო თვალები; უმანკო სევდით ამოვსებული.” გიორგი ლეონიძეს არ ეჭირვება მიწასთან დაბრუნება: იგი თვითონ არის ”მიწა”. მის პოეზიაში უთუოდ არის ვაჟა-ფშაველას თესლი. ძვირია ასეთი სინოყიერე და სიუხვე. ”მიწა” მისთვის სხეულია ნამდვილი და ამისთვის ”სისხლიანი”. ეს ”სისხლიანობა” ისე ღვივის მის ლექსში, რომ ხანდახან იგი პირდაპირ ყასაბი მგონია პოეტური ხატების. მისი ”ავტოპორტრეტი” ერთი მაგარი მედალიონთაგანია მიწის ტანის ატეხილობის. ”ავდიდდი როგორც გავასქელი ჩვენი იორი”, _ ამბობს იგი ერთს გაბედულს ლექსში. ”სდგას როგორც სისხლის ტაბასტაში დამსკდარი საშო”. ეს მზეზეა ნათქვამი. ამ თქმამ ბევრი გაახელა. მე კი ვიტყვი თამამად: ეს უძლიერესი განცდაა სისხლიანი მზის. გიორგი ლეონიძე კიდევ ბევრს იტყვის ასეთს. რა ვთქვა შალვა აფხაიძის მიწასთან დაბრუნებაზე?: იგი ჰეკატას პოეტია ნისლიანი. თუ ”მთვარეს” მივიღებთ უბრალოდ, მაშინ ცხადია შალვა აფხაიძე მიწასთან ვერ იქნება ახლო. მაგრამ მთვარე კოსმიურად სხვა არის: არის იდუმალი კავშირი მიწასა და მის შორის. მიწა როგორც დედა, როგორც ქალი, რომელიც კოსმიურად გრძნობს მთვარეს, შალვა აფხაიძისათვის მთვარე სწორედ ასეთია. შესაძლოა, ამით აიხსნებოდეს, რომ მოტივი მთვარის მადონნას თემაზეა გახსნილი. (აქ იგი ლაფორდის გავლენის ქვეშ იმყოფება). ამ რკალში ორი ლექსია მისი შესანიშნავი: ”მისტიური დიალოგი” და ”ღამის პეიზაჟი”. ”ასე მგონია გადაესხა თითქო ქეძაფი”. ამას ამბობს იგი ანთება მოკიდებულ მთვარეზე. სახე სასტიკი და მძაფრი. შემდეგ: ”ებრძვის ობობა საოცარი და ჭორფლიანი” (გაიხსენეთ ნიცშეს მთვარის შუქში აწვალებდა ობობა). ეს სახე დაუვიწყარია. კიდევ უფრო სენსუალურია სახეები ”ღამის პეიზაჟის”. ”მოყვება საწყალს ლოკოკინა ვერცხლის ნახველით” _ მთვარეს. ეს თქმა შინაგანი ექსპრესიისა და კოლორის სურნელით პირდაპირ კლასიკურია. ”ლოკოკინა” და ”ვერცხლი” შემდეგ სტრიქონში სხვა ხვეულს იწვევენ: ”გზა მოვერცხლილი სინესტისგან (ლოკოკინა ნესტიანია) ისევ სივდება”. აქ არის შალვა აფხაიძე ძლიერი და ქართულ პოეზიაში განუმეორებელი. ლაფორგის გავლენა სხვა მხრითაც არის: ირონია. პირველი შეყვარებული უკანასკნელის ქართულ პოეზიაში ტიციან ტაბიძეა. ხოლო უნდა ითქვას: ირონიისთანა ძნელი და თანვე მაცდური პოეზიაში არა არის რა. ირონია უნდა იყოს პოეტურ ფრაზაში არა განზრახი, არამედ ”შიგადაშიგ”, სიტყვებ შორის, უხილავი, ატმოსფერული. შალვა აფხაიძის ლირიკაში ირონია მაცდური გამოდის. ბევრი შინაგანი გადალახვა დასჭირდება მას. მსურს სანდრო ცირეკიძეზე და სერგეი კლდიაშვილზე ერთად ვილაპარაკო. ”ერთად” _ ჩემი თემის მხრით. ერთიცა და მეორეც პოეტია ჩემთვის. სწერენ პოემებს ”მინიატურის სახით”. ვიცი: სანდრო ცირეკიძეს ეს სტყვა არ მოეწონება, მგრამ აქ სხვა სიტყვა ვერ გამოვნახე. პროზასა და პოეზიას შუა არის ზღვარი. რასაკვირველია არა ტიპოგრაფიული (ამ შემთხვევაში მართალია სანდრო ცირეკიძე). ეს სხაობა საგანის მოგრეხაში თუ მობრუნებაშია. ამ მხრით პროზაიკოსი დოსტოევსკი აბრუნებს საგანს, მინიატურის ფორმაში ვერ ეტევა. აქ ისევ მონუმენტალური ფორმები თუ გამოდგებიან. ბოდლერის მაგალითი აქ საბოლოვოდ საკითხს ვერ სწყვეტს. რადგან ბოდლერი ცნობილია უფრო როგორც ავტორი ”ავი ყვავილების”, არც მალარმეს მაგალითი: რადგან მისი ჰერმეტული ფორმები ლექსსა და მონიატურას ერთიმეორეს აახლოვებენ არამონუმენტალურ ფორმებში. საჭიროა უფრო რიტმული ”ქავილი”, რომელიც თავისებურ მეტრულ ზომას ჰქმნის. აქ მინიატიურა უთუოდ ლექსის ფორმას მიიღებს: თუ ”სწორის” არა, ”თავისუფალის” მაინც. მრავალი ნაწარმოები სანდრო ცირეკიძის პოეტურია უაღრესად, _ და მაინც: მე პირადათ სურვილი მრჩება, რომ რიტმიულად სხვანაირად ამეტყველდნენ ისინი. ესევე ითქმის ს. კლდიაშვილის ”ნატიურ-მორტზე”. თუ ჩემ მიერ ანიშნული გზით გადაიხარა მათი (შემოქმედება კი არა) ფორმაში-სხმა, იმ შემთხვევაში უფრო ადვილი იქნება ლაპარაკი მათ მიწასთან დაბრუნებაზე. ნიკოლო მიწიშვილის პირველი ლექსი იყო ”წმინდანიანი”. თქვენ აქ ამჩნევთ, რომ ავტორს წინად სხვა ფორმით უწერია. შემდეგ მან თანდათან სძლია ძველი ფორმა. პირველი თემები მისი იგივე დეკადანსის ხაზებია (-საკუთრივ ჟილკენის), მაგრამ ესეც მიატოვა მან და ”შეხვდა” მიწას. აქ გამოჩნდა ის როგორც ნამდვილი პოეტი. მთელი რკალი ”ჩიბის” შედევრია ლირიზმის მხრით. ”მეტად უნუგეშო პეიზაჟი” უახლივდება ”სოფელს”, მაგრამ ეს არ არის უბრალო პასტორალი. საერთოდ ნიკოლო მიწიშვილს დიდი გრძნობა აქვს პრიმიტივის, _ და, რაც კიდევ უფრო გულისხმიერია, იგი აქ არსად არ გამოდის ყალბი. ეს კი მეტად ძნელი საქმეა. გარდა ამისა: ნიკოლო მიწიშვილის ლირიზმს არ არღვევს (მის მთავარ რკალში) ”პერსონალიზმი”: ესეც დიდი მიღწევაა და იმედი ჩვენი გადავარდნილი ძმის. რაჟდენ გვეტაძე ”ვირებით” დაუბრუნდა მიწას. აქ არის გულწრფელობა და გაბედულობა. ”ვირის” თემა არ არის ახალი (გაიხსენეთ თუგინდ ფრანსის ჟამმ). ცხოველში არის რაღაც მისტიკს. პირველი ვაინინგერი იყო, რომელმაც მიაქცია ამას ყურადღება. ძაღლი, ცხენი: რაღაცას ამბობენ თავის ყოფით. მთელი ყოფა ერანის მე მაგალითად აქლემით წარმომიდგა ცხენის გალენჩებაში არის მზის ნირვანა (”მისტერია მზის”). ვირი: საბრალო, საცოდავი, სათუთი, სათამაშო. ტყუილად კი არ უყვართ იგი ბავშვებს. რაჟდენ გვეტაძემ სწორედ ამ ხაზებში გაიყვანა თავისი თემა. საქართველოში ბევრია გიტარა სმერდიაკოვისათვის, – ცხადია ადვილი არ არის რაღაც ”ვირზე” – ლაპარაკი. მე პირდაპირ ვხედავ ამ წამს სმერდიაკოვს და მესმის სიტყვები: Ну, что-же-с, ослы-с хорошая тема-с в поэзии-с можно воспеть-с их любовь-с… … მაგრამ რაჟდენ გვეტაძე გაუძლებს იმ ყოფას. საცა ყველაფერია თითქმის გამასხარავებული. მისი “ჩოჩორი” პირდაპირ შედევრებია” “პარასკევს ყაფანზე გაჰყიდეს ჩოჩორი, ატირდა საბრალო თაფლისფერ თვალებით. ახალმა პატრონმა მოპარსა ქოჩორი და ჭიშკრის სვეტები მოჭედა ნალებით. ბავშვებმა ბეღელქვეშ ანახვეს საწოლი. კოცნიან ახრჩობენ რძიანი ბალახით. ორშაბათს აკიდეს ხურჯინით მაწონი: პატარა ფეხები ეტკინა ტალახით.” გრიგოლ ცეცხლაძე ჯერ კიდევ სხვა რკალშია და ამისათვის ძნელია ლაპარაკი მის ”მიწაზე”. თავის რკალში კი იგი მაგარია. ”გაჭენებულ მონუმენტში” _ თვითონ სათაურში გავარდნილობა. საინტერესოა აგრეთვე მისი ”პოეტის” ყეფა. ამ ლექსში ”თავისუფალი ზომა” ლამაზად და მტკიცედ არის მოსადავებული. ჭიჭინაძეც სხვა რკალშია. მისი პოემა ”ანთების” არ არის მიწასთან ახლო. თუმცა თვითონ პოემა (განსაკუთრებით მეორე ნაწილი) მეტად საინტერესოა. მიწასთან ახლო მისი ”აკვარელი”, საცა მიწის მოსვენება ზანტი ზმორებით ნებივრობს მზით შემორტყმულ ჩრდილებში. წინად ცნობილ მოდერნისტებში უთუოდ მიწასთან დაბრუნებულია ს. აბაშელი ”შორეული ნაპირებით” და სხვა პოემებით. პოეზიის კულტურა ახასიათებს ს. აბაშელს. ერთი პრობლემა, რომელიც საგულისხმოა მთელი ევროპის პოეზიისათვის, ს. აბაშელზე ცხადდება ჩვენში. ხშირად ხდება, პოეტურ ქმნილებაში პოეტური სახეები ერთი მეორეს ედავებიან სიჭარბით და სიუხვით. ხოლო თვითონ ”დენა” სახეების ასე ვთქვათ ”ღერი”, მოითხოვს მეტს ირრაციონალურ ხვეულს. ეს ემჩნევა ისეთს დიდ პოეტსაც, როგორიც არის ემილ ვერჰარნ. ს. აბაშელის პოეზიაში არის ასეთი ხაზი. შესაძლოა ეს იმითაც აიხსნებოდეს, რომ იგი პოემებსა სწერს, საცა მართლაც ძნელია ირრაციონალური დენა. “შორეულ ნაპირებში” არის ერთი პასსაჟი, რომელიც განსაკუთრებით მოქმედობს ჩემზე. ეს არის ოთახის მოგონება და შიგ _ ძველად განცდილის. აქ მართლაც გძლევს “მიწა” თავის ინტიმურობით. შალვა კარმელი. უკვე გარდაცვლილი. დაუბრუნდა მიწას საბოლოვოდ: სიცოცხლით და პოეზიით. სათუთი და მორცხვი. ნიბლია-პაოლო იაშვილის სიტყვით. სმენით შეყვარებული რითმაზე, ულამაზეს ქალწულზე. მზერით _ ავხორც ქალზე, რომელსაც ყველა სახელები ჰქვია: იზიდა, იშტარ, სალამბო. მას ატყვევებდა სალამბოს ცქერა მთვარისადმი: ცქერა იმავე მიწის. დათუთქვა და დასერვა მთვარით. სხეულში კი ტუბერკულოზი, რომელიც მთვარეულად ხდის თვითონ სიცოცხლეს. თბილი იქნება მისთვის მიწა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი