ძვირფასო გიტა, გრაფინია შტრახვიტც! (ეკოლ მედსინის სანაპიროდან)


ეკოლ – მედსინის სანაპირო №8
ჟენევა

ძვირფასო გიტა, გრაფინია შტრახვიტც!
20 აპრილს დაწერილი თქვენი ძვირფასი სტრიქონებიდან შევიტყვე, რომ ჩემს ლექსებს – Das vierte Blatt Jeanne d’Arc und Der sterbende Adler – თქვენს გულში ხელმეორედ დაბადება ხვდათ წილად – უმაღლესი ბედნიერება, რომელიც შეიძლებოდა რგებოდა ოდესმე ლექსს თქვენს სამყაროში, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ გამახარა ამან. ახლა გიგზავნით ყველა ფურცელს საოცარ ჟანაზე. მეოთხე ფურცელი უკანასკნელია. ვინაიდან ეს ლექსები ერთ მთლიანობას ქმნიან, რა თქმა უნდა, ესეც გადმოგიწერეთ.
გულითადი მადლობა ღია ბარათისთვის: წმ. გიორგის სურათი. მწერთ: „რამდენიმე დღის წინ, როდესაც საღებავებს ვყიდულობდი, ღია ბარათი შევამჩნიე; მან უცებ თქვენი თავი გამახსენა – ხომ არის წმ. გიორგი თქვენი სამშობლოს მფარველი? – ამიტომაც გიგზავნით“. საოცარია დეტალების ცოდნა ჩემს შესახებ. გმადლობთ. ვარ გულაჩუყებული. თქვენი წერილი 22 აპრილს მივიღე, გიორგობის წინა დღეს. ბარათზე თქვენი ხელითაა მინაწერი: „23 აპრილი, 1961“. ამან შემძრა სულის სიღრმემდე. ამიერიდან თქვენც ჩემი სამშობლოს მფარველი კალთის ქვეშ გიგულებთ.
სულიერად მონათესავე
თქვენი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი