ძვირფასო გიტა შტრახტვიც! (სამი მაისის გამო)


ეკოლ – მედსინის სანაპირო №8
ჟენევა
ამაღლების დღე

ძვირფასო გიტა, გრაფინია შტრახვიტც!
3 მაისს დაწერილი ძვირფასი სტრიქონები, რომლებშიც თქვენი გულიდან მოფენილი შუქი იგრძნობა, ერთი ფრანგი ავტორის რილკეზე მშვენივრად ნათქვამს რომ მივმართოთ – „de faire glisser le réel sur le plan du rêve – ის გზით, ცხადყოფენ ჩემთვის „მეტაფიზიკურ საიდუმლოს“, რომელიც, როგორც თქვენი გაუბედავი აღსარება მამცნობს, ჩემთან გაკავშირებთ. მორცხვად და გულახდილად მიამბობთ აღდგომის ღამეს თქვენს მიერ ნანახ სიზმარს, რომელმაც აქამდე მხოლოდ გუმანით ნაგრძნობი საიდუმლო მეხსიერებაში მკვეთრად გამოაბრწყინა. პოეტს გაუჭირდებოდა თქვენი ბუნდოვანი წარმოდგენა ისე შესანიშნავად გაეშალა, როგორც ამ სიზმარშია, რომელიც ფრთხილად, მოსინჯვით, აზრიანად გადადის გულისწამლეკავ ხილვაში.
„თქვენ იცით ამ სიზმრის ახსნა“, მეუბნებით. მაქვს კი ამის უფლება? დიდმა ვაიმარელმა სადღაც თქვა: ყოველი საიდუმლო ისე უნდა გამჟღავნდეს, რომ მისი საბურველი არ დაზიანდეს. ალბათ ხელვყოფდი თქვენი სიზმრის წმინდა საბურველს, მისი სიტყვიერი ახსნა და გადმოცემა რომ მეცადა. განა მე ეს მჭირდება? ჩვენ ეს გვჭირდება განა? ღრმად განვიცდი თქვენ ხილვას: დიახ: ეს „ თანაგანცდაა“, განცდა თქვენთან ერთად. დაე მან, უბიწომ თავისი აუხსნელობით, ეთერივით ილივლივოს ჩვენს შორის.
მადლობის ნიშნად გულის აღმვსები ამბისათვის გიგზავნით ჩემს „Himne an Orpheus”, რომელშიც ჩემი გულისცემა სავსედ და მთლიანად გაისმის.
ყოველივე საუკეთესო –
თქვენი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი