ძვირფასო გიტა შტრახვიტც! ( რვა ივნისის გამო)
ჟენევა ძვირფასო გიტა, გრაფინია შტრახვიტც! თქვენმა 8 ივნისის მშვენიერმა სტრიქონებმა გულის სიღრმემდე შემძრა. ვგრძნობდი განა ქვეცნობიერად, რომ ჩემს შეკითხვაზე, წაკითხული გაქვს თუ არა ჩემი რომანი „Die Hüter des Grals”, შემდეგ პასუხს მივიღებდი? „ეს წიგნი ჩემი შინაგანი შეხვედრა იყო თქვენთან, რომელიც შემდგომ ღრმა განცდად გადაიქცა. ბავშვობაში და სიყმაწვილეში ნანახი ყველა სურათი უეცარი რეალობით აღივსო. განა ეს ღრმა შინაგანი ნათესაობის შეცნობა არ იყო?“ (ნამდვილად! ასე ჩანს. ეს მახარებს). ჩემს რომანში იბრძვიან გრაალის თასისათვის. გავიგე, რომ თქვენი სიმბოლო თასი ყოფილა „croix mystique” – იანი ფიალის სახით თქვენს მარჯვენა ხელში ჩახატული (რა საოცარია!) ჩემი რომანი მზიურს წარმოაჩენს. იქ ცხენის ჯირითშიც კი მზე გამოვლინდება. და: გავიგე, რომ თქვენ ასტროლოგიურად „unio mystica” – ში ხართ მზესთან დაქორწინებული (გილოცავთ ამას). „გაგიკვირდებათ განა, თუ გეტყვით, რომ თქვენს ლექსს „Orpheus”-ს ველოდი?“ (ალბათ, მაგრამ მხოლოდ იმ აზრით, რომ აქ გამოთქმული საოცრად, დიახ მთლად, წინასწარმეტყველურად ახდა). გულთბილად გართმევთ ხელს. თუ თქვენს მარჯვენაზე აღნიშნულია ფიალა „croix mystique” -ით, ჩემი მარჯვენა ხელის გულზე გულის ხაზი მზის ფორმითაა გამოხატული, ეს ნიშნავს: გულის და გონების ხაზები ერთადაა. როცა ხელს გართმევთ – ჩემი „მზის ხაზით“ ვეხები თქვენს – „ფიალას“. ამით ჩვენი შინაგანი ერთიანობა სამუდამოდ დადასტურებულია. დიდი მადლობა ნაცშეს ლექსისთვის „Ruhm und Ewigkeit”. ამ ლექსს არ ვიცნობდი. მეკითხებით, ვმუშაობ თუ არა კიდევ ჩემს „Bildnis Nitzsches” – ზე. ეტყობა როცა ჩემთან სტუმრად იყავით, მაშინ ზუსტად ვერ გამოვთქვი. ეს პორტრეტი ჯერ კიდევ 1948 წლიდან ჩაკეტილი დევს. უთუოდ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ეს არაა „კიდევ ერთი წიგნი“ ნიცშეს შესახებ. რატომ არაა ის დღემდე დაბეჭდილი? ერთმა აქაურმა ცნობილმა გამომცემელმა ვერ გაბედა ჩემი ნაშრომის „Hitler” -ის გამო ნაწარმოების გამოცემა, თუმცა მას მიაჩნდა, რომ ის იყო „სიახლე ლიტერატურაში ნიცშეს შესახებ“. (ცოტათი მაინც რომ ყოფილიყო ჩემი ნაშრომი „ნაცისტური!“) მერე ის შევთავაზე ჩემს მთავარ გამომცემელს გერმანიაში. 9 თვის მანძილზე იდო ხელნაწერი მასთან. და პასუხი: ფილოსოფიურ წიგნებს დღეს გასავალი არა აქვთ და ამას ემატება ისიც, რომ ხელნაწერის მოცულობა წიგნისათვის საკმარისი არაა. ორივე შეეძლო მაშინვე ეთქვა, როცა ხელნაწერი ნახა! ნამდვილად უარის თქმის მიზეზი „სხვა“ იყო. ერთმა გამომცემელმა კი ჩემს შეკითხვაზე მომწერა: „ნიცშეს“ თემა დღეს აქტუალური არაა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იმ „მიზეზის“ დაფარვისათვის იყო ნათქვამი. თქვენ ხედავთ: ჩემი წიგნი – რომელშიც სრულიად ახალი ნიცშეა წარმოდგენილი – გამოუთქმელი რჩება. ალბათ ბედი სხვა დროს გაუმართლებს თუ თქვენ მოისურვებდით, შემეძლო ხელნაწერის ეგზემპლარი წასაკითხად გამომეგზავნა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი