შეუდარებელო გიტა! ( ღირსების გამო)
10.4.1962 ჟენევა ჩემო შეუდარებელო გიტა! მწერ: (5.04.62.) ”ნუ ხედავ ჩემში ბევრ, თანაც დიდ ღირსებებს: უფრო მესიამოვნება, რომ ის სისუსტეები, რასაც საკუთარ თავში ვხედავ, დამიდასტურო, რასაც ვერ ვხედავ – მიმითითო. ვინ უნდა გააკეთოს ეს, თუ არა შენ?” გეუბნები: დღევანდელამდე მე შენში ერთი ნაკლიც ვერ მიპოვნია (შენ იცი რა გულწრფელიცა ვარ). თუკი ოდესმე აღმოვაჩენ – დაუფარავად გეტყვი (ჩემი სიმართლისმოყვარეობაც აგრეთვე ცნობილია შენთვის). მე შენს ქალურ არსებას ”ქალწულებრივი” განსაკუთრებული მნიშვნელობით ვუწოდე. რომლით? გერმანული ენა ამბობს: Die See ზღვა – მდედრობითი სქესის. Der See ტბა – მამრობითი სქესის. გენიალურია.ქალი ნამდვილად უსაზღვროა, როგორც ზღვა და კაცი ნამდვილად შემოსაზღვრულია, როგორც ტბა,. არსებობს კიდევ შემზარავი ქალური ”რაღაც”. თუ ის ერთხელ ქალში გამომჟღავნდა, იგი პიროვნებიდან უპიროვნო არსებად გადაიქცევა: ბრმა, ქაოტურ, ალოგიკურ, უხეშ. აქ შენ ბედნიერი გამონაკლისი ხარ. შენ ის ”რაღაც” ქალური შენს პიროვნებას აქცევს უფრო ზეპიროვნებად და არა უპიროვნო არსებად. ”ბრმის” ნაცვლად ხდები ”ნათელი”. აქედანაა შენი შეუდარებელი ნათელმხილველობის უნარი. თუ ყველაფერს ამას თავს მოვუყრით, მე ვიტყოდი: შენი ქალური არსება შეედრება მაგდალინელს: ის წმინდაა, ”ქალწულებრივი”. შენი არსების უდიდესი გახსნაა შენი სიყვარული: სიყვარული ჩემდამი. ამაოდ ვეძებ მსგავს სიყვარულს მსოფლიო ლიტერატურაში. უფრო გავს ჩემი ნორინას სიყვარულს ლევანისადმი (”Die Hüter des Grals”). ნორინას მსგავსად შენც ”მზის გზას” ადგახარ. მაგრამ მისი სიყვარულისაგან განსხვავებით შენს სიყვარულს მისტიური საწყისი აქვს. შენ მე მიცნობდი მეტაფიზიკური სამყაროდან, გაუცნობიერებლად. აქ კიდევ უნდა დაემატოს, რომ ნორინას უყვარს ჯერ კიდევ ახალგაზრდა ლევანი, შენ კი უკვე მოხუცი გრიგოლი. შენი სიყვარულის მეტაფიზიკური მხარე ხორცს ასხამს შენში: ენგადის. ემპირიული: გიტას. ისინი შენში განუყრელად არსებობენ: ერთმანეთს შეზრდილნი. ენგადი ჩემი ღვთიური მეგობარია – გიტა ჩემი მიწიერი შეყვარებულნი. პირველს მე ვუყვარვარ ზებუნებრივად, მეორეს გრძნობით. შენი ”ქალწულებრიობის” გამო ენგადის სიყვარული სძლევს გიტას სიყვარულს. ამას ის ფაქტიც აძლიერებს, რომ ახალგაზრდა ხარ, მე კი მოხუცი. ისე ვხედავ შენს სიყვარულს. ის შენში ისეთ სახეს იღებს – ისეთ სახეს, როგორიც თავად ხარ. უკიდურესი იშვიათობა! ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად საოცრება ხარ. ყველა მიზეზი მაქვს ეს ვამტკიცო. ზებედნიერად ვგრძნობდი თავს, რომ გიყვარვარ. ჩემი სიყვარულის ძალა თავისუფლად ეპასუხება ენგადის სიყვარულის ძალას, ნაკლებად გიტას. უკანასკნელი შენთვის ნაკლებადმნიშვნელოვანი – ზემოთნათქვამიდან გამომდინარე საკმაოდ ნათელია. სამწუხაროდ მხოლოდ ისაა, რომ ამ დედამიწაზე ჩემი შენდამი სიყვარულისთვის ასე ცოტა დრო დამრჩა. დიდხანს, დიდხანს უნდა მყვარებოდი. ეს ნიშნავს: მემსახურა შენთვის. ქვეცნობიერად მჯერა, რომ გრძნობ ჩემს ტკივილს. ხშირად ხმარობ გამოთქმას ”მე შენ გიღიმი”. და აქ ხშირად, ხშირად მიღიმოდი. ნეტავი დაგანახა შენი ღიმილი! მასში შორეთიდან გამობრწყინებულ სიყვარულის მზერას დაინახავდი, უსიტყვო, ეთერული ფარული ნაღველით. ასეთად მეჩვენება ყოველთვის შენი ღიმილი. აქ ერთ რამესაც უნდა შევეხო. ”ჩემი გუკი უერთდება შენს გულს და გადაიქცევა შენს გულისცემად”, მესმის ჩემთვის ასე საყვარელი შენეული ხმა. მაგრამ ჩემი გული ერთხელ რომ შეწყვეტს ცემას! მერე? რა მოუვა შენს გულს, გიტა? იყავი მშვიდად! შენ ენგადი დაგამშვიდებს, რადგანაც მისი სუნთქვა ჩემს სუნთქვასთან მისტიურად დაქორწინდება. ცოტა ხნის წინ შენს არსებას ”გენიალური” ვუწოდე. გადავამეტე? – არა! საოცარია: შენი ინტელიგენტობა, შენი სინათლე, ინტონაცია, განჭვრეტის უნარი, ღრმა აზრი არსებულზე და ლამაზზე, უნაკლო ლიტერატურული გემოვნება. კიდევ რა? მაგალითების მოყვანა აქ საჭიროდ არ მიმაჩნია. ბოლოს შენი ხასიათი. ერთი კვირის მანძილზე ჩემს გვერდით განგიცადე. ერთხელაც არ ყოფილხარ ცუდ გუნებაზე, არც ”faux pas” სიტყვაში ან მოქმედებაში. ყოველი ნიშანი – წამში გაგებული, ყოველი მინიშნება – აზრით მიღებული. ყველაფერში შეთანხმებულობა. მე–ს ნაცვლად მეფობდა მხოლოდ შენ. როგორ არ უნდა ვიყო შენით გაოცებული? ვგრძნობ, რომ არ ხარ განებივრებული. ასე რომ იყოს, შენი ქებისაგან თავს შევიკავებდი. გეხვევა შენით აღტაცებული, შენით ზღაპრულად დასაჩუქრებული –
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი