ენგადი! (ღვთიური მეგობარი)
ჟენევა ჩემო ღვთიურო მეგობარო: ენგადი! ჩემო შეუდარებელო სიყვარულო: გიტა! (რომ იცოდე, როგორ ვიტანჯები!) საბედნიეროდ ხელთა მაქვს 10 აპრილის შენდამი გამოგზავნილი წერილის ასლი. ვამბობ ”საბედნიეროდ”, რადგან ჩემი წერილების ასლს იშვიათად, იშვიათად ვაკეთებ. ვკითხულობ მას, წერილს, შინაგანი მედიტაციურობით: და ვადგენ: შენი არსების ყველაზე ღრმა ფენებში ნათელით შევაღწიე. ”ნათელში” აქ იგულისხმება: სიყვარულის ნათელი. შენი 12 აპრილის ღია ბარათი ამას სრულიად ადასტურებს. ამბობ: ”მწერ: შენი არსების უმაღლესი გახსნა შენივე სიყვარულია: სიყვარული ჩემდამი. რა ღრმად გამიცანი. მხოლოდ შენით შევძელი ეს. ჰო, შენდამი სიყვარულში როგორც ყვავილი ისე გავიფურჩქნე. რადგანაც: შენ (შენგანვე ფარულად) ხარ ის: ხარ – ჩემი არსებობის მთავარი მიზეზი”. ახლა ვეკითხები ჩემს თავს: როგორ შეძლებდა გრიგოლი, რომელმაც შენს არსებაში თავისი სიყვარულის ”ნათელი” ასე ღრმად შეაღწია, როგორ შეძლებდა ის შენთვის ”ჩაკეტილად” ყოფნას?! სიყვარული თავად ”გახსნა” არაა? მერე ვეკითხები ჩემს თავს: როგორ შეძლებდა ენგადი – გიტა, რომელიც გრიგოლის სიყვარულში ყვავილივით გაიფურჩქნა – როგორ შეძლებდა ის უკან დაბრუნებისას თავის შინაგანი განცდების შესახებ მისთვის, თავისი არსებობის მთავარი მიზეზისთვის არაფერი აღარ ეამბნა? გაფურჩქვნა თავად ”გახსნა” არაა! წარმოუდგენელია! მით უფრო, რომ ეს გადაწყვეტილება გარკვეულ კავშირშია ტაბუსთან, რომელიც ჩემთვის სრულიად გაუგებარ რჩება! აქ ნამდვილად რაღაც ფატალური შეცდომა უნდა იმალებოდეს. ტყუილად კი არ მეშინოდა და ეხლაც მეშინია ბოროტების ჩარევის ჩვენს საკრალურ ურთიერთობაში. მართალია დედამიწაზე არანაირ ძალას არ შეუძლია ამ ურთიერთობის დარღვევა – მაგრამ წამიერი ”არეულობა” ჩვენს გრძნობებში შეძლებდა ბოროტების ჩადენას. ალბათ გული მიგრძნობდა, ერთხელ რომ მოგწერე: ჩვენი სიყვარული პირადულზე მაღლა დგას: ამიტომ ჩვენ მოვალენი ვართ: ის ”დავიფაროთ”, დავიცვათ. უახლოეს დღეებში, როდესაც ყველას სიცოცხლის აღდგომას მხოლოდ ერთადერთი შენი სიტყვა გამომაცოცხლებს. ეს სიტყვა, დარწმუნებული ვარ, არ გამოგრჩება. ამ წერილს ზეგ მიიღებ. თუ იმავე დღეს მომწერ, შაბათს უკვე მივიღებ მას – ვიმედოვნებ. უწინარეს ყოვლისა გთხოვ ამიხსნა შენი სტრიქონების კონტექსტი. ”…არ მინდა იმით (ე.ი. ჩემი წინადადებით) ვისარგებლო. ეს არის ჩემთვის (შენგან დაფარული) ტაბუ. – შენი ტაბუ – შევამჩნიე ეს და დაბრუნების შემდეგ აღარ ვილაპარაკებ ჩემს შინაგან განცდებზე (შენ იყავი ერთადერთი ადამიანი ვისაც მათ შესახებ ვუამბობდი)”. გაუგებარია ჩემთვის. რომ იცოდე, როგორ ვიტანჯები! გეხვევი ძლიერ, ძლიერ, შენი, შენი –
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი