ძვირფასო გიტა! (ტკივილიანი ექსპრეს წერილის გამო)


30.IV.1962
ჟენევა

საყვარელო გიტა!
გუშინ მივიღე შენი ტკივილიანი ექსპრეს–წერლი, გამოგზავნილი 27 აპრილს. მაშინვე გიდეპეშე: დასამშვიდებლად. ვიმედოვნებ ჩემი ბოლო ორი წერილი ტკივილებს ოდნავ დაგიამებს. 25 აპრილს, ღამით, ნამდვილად გეძახდი. მონატრებით შეპყრობილი შენს გულს ჩემ გულთან ახლოს ვგრძნობდი. ნამდვილად. Imaginaire présence ისე მწველად ტკბილი იყო – რომ რეალური absence იმ მომენტში ისეთივე მწველ ტკივილად იქცა და მე ავყვირდი – შენ გეძახდი.
ასე ვიტანჯები ხანდახან შენგან მოშორებული. მაგრამ შენ ამის გამო არ უნდა იტანჯო. მე სხვა ვარ. შენს გამო რას არ გადავიტან! შენ მე სიყვარული უბრალოდ კი არ მაჩუქე: არამედ შენივე თავი სიყვარულში! მე, შენმა შეყვარებულმა, ვიცი ამის ფასი: ისევე როგორც ლაშარის რაინდმა.
შენი გულისცემა ჩემს გულისცემად გადაიქცა. შენ ეს იცი. მაგრამ არ იცი, რომ ამით ჩემი გულის თასი გადაიქცა თავისებურ გრაალის თასად შენთვის. ამ თასში შენს გულს მზესავით შეუძლია იბრწყინოს, ისე რომ უბედურების ჩრდილი ოდნავადაც არ შეეხოს.
გიტა, ჩემო წყაროსთვალო! მაგრად გეხვევი, ძლიერ, ძლიერ: და: ვართ განუყრელად ერთად.
p.s. დამავიწყდა. 13 აპრილის წერილში ჩემი “Kentaur” – ის შესახებ ამბობ: „განსაკუთრებულად ლამაზი“ (ხაზგასმა შენია). მე კი თავს ვიკავებდი მის გამოგზავნაზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი