შეუდარებელო გიტა! (სიზმარის გამო)
ჟენევა ჩემო შეუდარებელო გიტა! 19 წლისამ შენ, თითქოსდა ახალგაზრდა ქურუმმა სიზმარში ოსირისი ნახე. 12 წლის მერე „დაუბრუნდი მას“. სიზმარი ახდა. არ არის საჭირო მეტი დაკონკრეტება. გრიგოლი აღფრთოვანებული კითხულობს ამ ადგილს შენი 13 მაისის წერილში: იმყოფება „mysterium tremendum” – ში. გუშინ ოკულისტთან ვიყავი. ჩემი მოტირალი თვალებისთვის გამომიწერა წვეთები „ოკულოსანი“. თუ წვეთები არ მიშველის – საცრემლე არხს ოპერაციის საშუალებით „გამიხსნის“. არ ღირს სალაპარაკოდ! ამ დღეებში ჩემი სიძე იყო აქ. გაკვირვებული თვალებს არ უჯერებდა – ასე გაახალგაზრდავებული რომ მნახა. რომ იცოდე ვის უნდა ვუმადლოდე ყოველივე ამას! წარმოსახვაში ხშირად ჩემს მკლავებში მყავხარ მომწყვდეული ისე მხურვალედ, თითქოს მართლაც ასე ხდებოდეს. ახლა გავიგე, რომ შენც თითქმის ყოველთვის ჩემს მკლავებში გრძნობ თავს. რა საოცარია! შევამჩნიე, რომ ბოლო დროს ზუსტად ისე გიყვარვარ, როგორც აქ, ჩემთან ყოფნისას გიყვარდი, ე.ი. არა როგორც ორივესათვის უსაზღვროდ საყვარელი ენგადის „შუამავალი“. ერთი „საიდუმლო“ შეკითხვა: არ „ეჭვიანობს“ ენგადი შენზე? მითხარი! შენი 18 აპრილის წერილში ამ „ეჭვიანობამ“ ბრწყინვალე გამოხატულება ჰპოვა. ამის შესახებ შემდეგ წერილში. დღეს გიგზავნი „Pro domo Sua”. მალე გამოგიგზავნი: “Rilkes Duineser Elegien”. ნაწყვეტს სტატიიდან წარმართული და ქრისტიანული გროების პოეზიის შესახებ. მე დავადგინე, რომ ქრისტიანული დროის პოეტური სურათები ბევრად უფრო ღარიბია წარმართულთან შედარებით. რით ახსნი ამას? გუშინ ღამის 4 საათიდან გათენებამდე ჩემთან იწექი მკერდზე მოკრული. მოწყურებულმა შეგსვი შენი უსაზღვროდ საყვარელი ტუჩებიდან და: ვიყავით განუყოფლად ერთად (ენგადიმ ეს არ უნდა იცოდეს. იღიმები). გეხვევა ძლიერ, ძლიერ შენი საყვარელი და შენი მსახური –
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი