ძვირფასო გიტა! (შთამომავლბისთვის)
ჟენევა ჩემო შეუდარებელო გიტა! Pro domo Sua. ეს შთამომავლობისთვისაა განსაზღვრული. არ უნდა იცოდნენ მათ: ვინ ვარ? არ მესმის რატომ გეჩვენებოდეს ჩემი ხელნაწერის დასაწყისი ნაღვლიანად! „შემდეგში მეტს მოგწერ“ ამბობ, „რადგანაც დღეს ისევ ძალიან ვჩქარობ“. რაღაც ძალიან ხშირად „ჩქარობ“. სიამოვნებით გავიგებდი: რაშია საქმე. ამის შესახებ კონკრეტულად თითქმის არაფერს მწერ. ენგადი „და“ გიტა. „და“: ნიუანსი შენ თვითონ ჩასვი. ერთხელ მომწერე: ენგადის შენ უყვარხარ – მე მხოლოდ მისი შუამავალი ვარ. ე.ი. : შენ მე გიყვარვარ, რადგანაც ენგადის ვუყვარვარ. მე კი ენგადი მიყვარს, რადგანაც გიტა მიყვარს. შენი აქ ყოფნის დროს ამ „დას“ ბრჭყალებშიაც არ გრძნობდი. გიტას და ენგადის განუყოფლად განვიცდიდი: ორივე ერთი იყო. ეს ნიუანსი „და“ ამოტივტივდა შენი გამგზავრების შემდეგ. ყოველი წერილი მას მერე ამას მიმტკიცებს. ჩამოვაყალიბებ. ენგადის ვუყვარვარ დროის გაგების გარეშე: აგრეთვე ამ დროშიც. გიტას ვუყვარვარ ამ დროში და: დროის გაგების გარეშეც. მაგალითად: როცა მწერ: ჩემი შენდამი სიყვარული განხორციელდა, მაგრამ ის აღარ ეკუთვნის ამ სამყაროს – ასე ამბობს ენგადი. როცა ამბობ, მაგალითად: თითქმის ყოველთვის ვგრძნობ: რომ გულშიგყავარ ჩაკრული – ასე ფიქრობს გიტა. 18 აპრილის შენ წერილში ეს ნიუანსი მშვენივრად გამოიხატა: „როგორ მიყვარხარ, საყვარელო, საყვარელო. შენ!“ მერე ბრჭყალებში: „ენგადის უყვარს შამაში – შამაშს უყვარს ენგადი“. ბოლოში ხელმოწერა: „გიტა (გიტას უყვარს გრიგოლი)“. მშვენიერია არა? პირველი წინადადება ეკუთვნის გიტას. მეორეში სწრაფად ერთვება ენგადი, თითქოს უნდა გიტას ნათქვამი „დააზუსტოს“. „ენგადის უყვარს შამაში – შამაშს უყვარს ენგადი“. გიტას მაინც სურს ბოლოს თავისი გაიტანოს: „გიტა (გიტას უყვარს გრიგოლი)“. აქ ფრჩხილია! „უყვარს გრიგოლი“ – ამას თითქოს ენგადისაგან საიდუმლოდ წერს. ასეთია ჩემი ახსნა. როცა ჩამოხვალ – (მაგრამ როდის?) – აგიხსნი უფრო დაწვრილებით, უფრო კონკრეტულად. იყავი, და ხარ ჩემი შეუდარებელი სატრფო: ენგადი „და“ გიტა შენი ორი სახეა. ასე განგიცდი მე შენ. საჭიროა გრიგოლმა გითხრას, რომ შენი მონატრება დღითიდღე იზრდება? წვეთები არ მომიხდა. სამწუხაროა. გეხვევი ძლიერ, ძლიერ: და: ვართ განუყრელად ერთად – შენი გრიგოლი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი