ძვირფასო გიტა შტრახვიტც! (პასუხი მაისის წერილზე)
გიტა, ჩემო წყაროსთვალო, შენ! 19 მაისის წერილის პასუხად. ნათლად ვხედავ, რომ დღითიდღე უფრო დაკავებული ხდები, ასე რომ უნდა შემოგთავაზო: მომავალში კვირაში ორჯერ ნუ კი მომწერ წერილს, როგორც შეთანხმებულები ვიყავით, არამედ ერთხელ, კერძოდ: სამშაბათს. წერილი ერთი და იმავე დღეს ჩააგდე საფოსტო ყუთში იმისათვის, რომ მე ის ხუთშაბათს ან პარასკევს მივიღო. ჩემს წერილს ყოველ ორშაბათს მიიღებ. მეუბნები: „შენ რომ ენგადი ისე გიყვარს, როგორც გიტა – ეს მე შემიძლია გავიგო“. არაა აქ მხედველობაში მიღებული ის უსაზღვროდ ფაქიზი ნიუანსი – „და“ შემდეგ: „შნ ენგადი უფრო უნდა გიყვარდეს, ვიდრე გიტა“. ისევ ის ნიუანსი. მოვეშვათ ამ დახვეწილობას. არსებითად აქ საქმე არ ეხება ჩვენს სიყვარულს, რომელიც ჩვენშივე ყოფად იქცა – არამედ იმ ეგზისტენციალურ „ჩარჩოს“, რომელშიაც მას განვიცდიდით. როცა ისევ ჩემთან იქნები – აგიხსნი კონკრეტულად. მაგრამ როდის მოდიხარ? ალბათ ხუთ კვირაში, ამბობ და თან უმატებ: „ეჰ, როგორ მოითმინოს შენმა მონატრებამ!“ და ჩემმა? „შენი ენგადი უფრო უნდა გიყვარდეს, ვიდრე გიტა. თუ არა და გიტას ეწყინა“. გამორიცხულია, რომ ოდესმე გიტას ვაწყენინო! მე ისე მიყვარს ის, რომ თითოეული მისი სიტყვა ჩემთვის კანონია. რა ქმა უნდა, შევეცდები ენგადი უფრო მიყვარდეს, ვიდრე გიტა, რადგანაც გიტასაგან ვიცი, მისი სიყვარული ჩემს მიმართ ენგადის სიყვარულიდან მოდის. ამასთან არ შემიძლია თავი შევიკავო და ის პირველი წინადადება ისევ არ გავიხსენო: „შენ ენგადი ისე გიყვარს, როგორც გიტა – ეს მე შემიძლია გავიგო“. ზუსტად მიზანში ხვდება. ახლა კი შნი 25 აპრილის სიზმარი. გუშინწინ უკვე მოგწერე რომ მან სრულიად შემძრა. ესაა ამაღელვებელი წინასწარმეტყველება. „ჩვენ გადახვეულები ვიყავით“. აქ იგულისხმება ჩვენი მიწიერი კავშირის ბოლო აქტი. „როცა მომცილდი და ფეხზე ადექი ორდენის მფლობელის ნაცრისფერი ტანისამოსი გეცვა“. ეს ნიშნავს: მე იმად ვიქეცი, ვისაც შენში ენგადისთან მეტაფიზიკურად აიგივებ. „წინ გამიძეხი საქარავნო გზაზე. უდაბნოში ირგვლივ ბრტყელი ქვები იყო“. ეს ნიშნავს: ვემზადებოდი, რომ სამუდამოდ გამოგთხოვებოდი, მხოლოდ შენ მარტოს, მთელი ქვეყნისაგან მოშორებულს. შენთან მსურდა ცოტა ხნით ყოფნა. „მოსახვევში უეცრად გაუჩინარდი“. ეს ნიშნავს: გარდავიცვალე. „სასოწარკვეთილი გეძებდი – შორს ჰორიზონტზე წერტილივით მეგონა კიდევ გხედავდი“. მე უკვე მარადისობაში ვიყავი. „მერე ულამაზეს ლანდშაპტში გადავინაცვლე, მესმოდა როგორ მეძახდი“. მიცვალებულებს ვერ ხედავენ – მათი ესმით. ასე იყო ამჯერადაც. „ულამაზესი ლანდშაპტი“ შვა მარადისობის მიჯნაზე მყოფმა ჩვენმა სიყვარულმა. „შნ დამიძახე“. გესმოდა როგორ ვიძახდი შენს სახელს: ნეტარება ჩემთვის – ნეტარება შენთვის. ჩემთვის უკვე ზეციური, შენთვის ამქვეყნიური. ”ბედნიერი გავიქეცი ხეებისაკენ, დარწმუნებული, რომ გნახავდი”. შენ უკვე ექტაზში იყავი. ”უცებ აღმოჩნდა, რომ ირგვლივ ღობეშემოვლებული ვარ, ღობის იქით კი კბილებდაკრეჭილი ურჩხულები დაყუდებულან, რომლებიც ყოველ წუთს შეიძლება მეცნენ. ერთი ფეხით ”ულამაზეს ლანდშაფტში” ვიყავი, მეორეთი კი ამ ”ბოროტების” სამყაროში: თავისი ეგზინტენციალური სისაძაგლით. ”უეცრად აზრად მომივიდა, მხოლოდ სიყვარულით შმიძლია დავძლიო ეს – და მე მათ სიყვარული მივაფრქვიე”. შგახსენებ რა მოგწერე ერთხელ: ჩვენი სიყვარული პიროვნულობას სცილდება. ახლა მან თავი იჩინა: შენ იყავი სრულიად გასულიერებული სიყვარული. ”ცხოველები ხტოდნენ ჩემს ირგვლივ, მილოკავდნენ სახეს და ფეხებს”. შენ გახდი წმინდა ფრანცის ღვთიური და. სიზმარი – ნოველა მეტს აღარაფერს ამბობს. სიზმრის დასრულება ალბათ ცოცხალ გრიგოლს ევალება. ესაა: ”გაგიმარჯოს შენ, გიტა!” გიკრავ გულში: და: ვარ განუყრელად შენთან. დაგავიწყდა გეპასუხა: რატომ გეჩვენება ჩემი ხელნაწერის დასაწყისი ნაღვლიანად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი