შეუდარებელო გიტა!
ჟენევა ჩემო შეუდარებელო გიტა! ”გველების მეფის სტელა. ზემოთ – შევადრენი, ქვემოთ გველი. შევარდენი. დიდებული მბრძანებლური თავდაჭერილობით. კეთილშობილების განსახიერება. გამოხედვაში: მზის სხივი მუქ–ლურჯ ალმასებად შეკრული. ფრენაში – ნავარდი (ქართულ სიტყვაში ”შვარდენი” მინიშნებულია ნავარდი). ნავარდში: თავგამოდება, შთაგონება, გამბედაობა. მთლიანობაში: ღვთიურად ფრთაშესხმული ტალღა. ძველი ეგვიპტლი აღმერთებდა მას, შევარდენს. ამომავალი მზის პირველ სხივთა კონაში ხედავდა ის მქროლავ შევარდენს. და მხოლოდ შემდეგ, თითქოს მზის თესლით ავსილი, მიუახლოვდებოდა ის მიწას: შეყვარებულს. (მე მიყვარს ცხენები, ირმები, მიყვარს არწივი. შევარდენში კი შეყვარებული ვარ. ნიუანსი თავისთავად მეტყველებს. გინახავს ოდესმე ასათი შევარდენი?) გველი. ”Die Hüter des Grals” – ში ლაპარაკია ვარდნაზე: ადამიანის პიროვლულობა ღმერთიდან გადმოვარდნილა, შეჯახებია მის მეტაფიზიკურ საზღვარს: სიკვდილს. “Dämon und Mythos” – ში. ნათქვამია: გველია ეს საზღვარი, ცხადია: ”მძაფრია ცივი ტალღა, რომელიც ღვთიურსა და არაღვთიურს შორის ელვასავით ამოიკლაკნება. მის დანახვისას ადამიანი გუმანით შეიგრძნობს საკუთარ ვარდნას და უძლურად ხედავს, რომ არარაობად შეიძლება გადაიქცეს”. დღეს ვაზუსტებ: გველი გრძნობადი ცენზურაა ღმერთსა და არარაობას შორის. საზიზღრობაა! ჩემი აზრი გველზე განცდილი აზრია. ბავშვობაში, ზაფხულობით, არდადეგებზე მთელ დღეებს მდინარესა და მის ნაპირზე ვატარებდი, თანასოფლელებთან ერთად. ჩვენ ვცურავდით, ვთამაშობდით, ვბანაობდით: კამეჩები, ცხენები, ძროხები. ერთ ადგილას, სადაც მდინარე დაბალი იყო, ქვების ქვეშ თევს ვიჭერდით. ერთხელ ჩემს მარჯვენას ამოჰყვა – საშინელება – თევზის ნაცვლად, გველი. გულშეწუხებული დავვარდი. შოკმა შინაგანად დამჭრა. ამ სულიერი ტრამვისაგან დღემდე მთლიანად არ განვკურნებულვარ. გველის მიმართ თავისებური მეტაფიზიკური შიში მაქვს. სიზმარშიაც კი მეშინია მისი ნახვის. შევარდენი და გველი – ერთა. ფარული აზრი: შევარდენის მზიური გამოხედვა დაიმორჩირელბს გველის გამანადგურებელ მზერას. ასე ვხსნი ”გველების მეფის სტელას” (ტყუილად კი არ ამოვარჩიე ეს სტელა ჩემი “Schlangenhemd” – ის ქართული გამოცემის თავფურცელისათვის. დღეს მე ამაში უფრო დავრწმუნდი). გიტა! ჩემო შევარდენო! როგორ მენატრები! გეხვევი და დაუსრულებელი თრობით გსვამ შენს ტკბილ ბაგეთაგან. შენ – ჩემო შევარდენო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი