ქართველ მწერლებს
ქართველი ერისათვის მწერლობა არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ”სფერო სიტყვიერებისა”: მწერლობა მისთვის უფრო რთულ ფენომენად ვლინდება. ქართველი ერი არა თუ ჰქმნიდა მარტო მწერლობას: იგი კიდეც სცოცხლობდა მით. რომელიმე ტკბილხმოვანი შაირი, შთაგონების შადრევანს მოწყვეტილი და ხალხში გადავარდნილი, საკუთარ სიცოცხლეს იწყებდა უცნაური: იგი იშლებოდა ხან სიმღერის ჯადოსნური ხვეულებით, ხან ცეკვის ხალასი სამოსლებით. ქართველი ერი მგოსანია ბუნებით. ძველი მესხეთის უცნაურს ნატეხში _ გურიაში _ ხალხი დღესაც მგოსნად გამოდის. ძვირად მოიძებნება იქ ისეთი ოჯახი, საცა მზიურ ახალისების ჟამს შაირობა არ იყოს გამართული, _ ადვილი საპოვნელია ისეთი ოჯახი, საცა სმენა მათრობელი მოლექსეობა თაობიდან თაობაზე გადადის. ასევეა სამეგრელოში. კიდევ მეტი. ქართველი ერი არა მარტო სტკბება ლექსით: იგი ავადმყოფებსაც არჩენს მით. მოიგონეთ ”ბატონები”, რომელ ავადმყოფობასაც ქართველმა ერმა ”ყვავილი” უწოდა (ეს პირველი მაგალითია, რომ ავადობა მხატვრულად მონათლეს). _ მოიგონეთ მასთან ლექსითი სიმღერა ტკბილს ჩანგურზე და თქვენ ნათქვამი დაგაჯერებთ. ქართველი ერის სტილი მწერლობაში განსხეულდა. ქართული კულტურის პროფილი ლექსით გამოიკვეთა. საქართველოს სულის რელიეფი სამხატვრო სიტყვით გამოიხაზა. გვაქვს შესანიშნავი არქიტექტურა, საცა ძველი ქართველის ნებისყოფაა ამართული ურყევი და მტკიცე; გვაქვს თვალისმომჭრელი ფრესკები, საცა ქართველთა თვალღია სიზმრებია ასახული მზიურ ხაზებით; გვაქვს ქართული ტაძარი, რაიცა მუნჯი ქვების ლოცვებითაა შეკრული; გვაქვს ქართული სიმღერა, უცნაური და ლამაზი; ბევრი რამ სხვაც გვაქვს. ხოლო გვაქვს კიდევ ისეთი რამ, რომლის სადარი ძვირად თუ სადმე მოიპოვება: ეს არის ქართული სიტყვა, პლასტიკური დაბადებით რომ იკვეთება. თავადური თავმდები ამისა რუსთაველია მზეოსანი. საქართველო საიდუმლო უღელტეხილია აღმოსავლეთისა და დასავლეთის: ჩვენ ვიწვით აღმოსავლეთის ფიქრმორეული შუადღით, როცა მზის ღელეთა მარმაშში პანი იბადება მძიმედ მთვლემარე; ჩვენ ვერთვით დასავლეთის საშიშარ სიცხადეს, საცა თვალღია ფანტასმაგორიებში ”ძეობა” იკვეთება ძლევამოსილი. ჩვენ გვაფიქრებს ეგვიპტის სფინქსი და გვანცვიფრებს პარიზის ქიმერა. ქართული ნადიმით ვიხდით აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქორწილს, _ და ნადიმი იგი მთავარი ჰანგია ჩვენი ნაბეჭდი სიტყვისა. ჯერ არ გათავებულან ”სადღეგრძელონი” იმა ნადიმის, _ რადგან ხშირად და ხშირად შეგვიშალეს უდარდო ლხინი, _ და ცხადია თავისთავად, არც ქართული სიტყვა თქმულა ჯერ უკანასკნელი. და აი, ამ ჟამს, როცა ქართლის ბედი ცის მშვილდითაა შემორტყმული, ჩვენ, ქადმაღლებმა, უნდა წარმოვსთქვათ: საქართველო დადგინდება თავის თავად და ეტყვის მსოფლიოს თავის ნამდვილ სიტყვას… მომკრთალო ხაზებში თვითონ სიტყვის ტანიც იკვეთება. ჩვენმა სულმა იცის წამება, _ მაგრამ ჩვენს მხრებს არ მოსხმიათ მელანქოლიის წამოსასხამი, ჩვენმა გულმა იცის ცეცხლი. ჩვენი დიონისოს ვნებაა და ცეცხლი ჩვენი სიცოცხლის გენია.. და ნიცშეს ზარატუსტრას სწორედ ჩვენში შეუძლია დაიბადოს ღვთიური სიხალისით… წამება და ცეცხლი: ამ ორ სიტყვაში მოქცეულა მთელი ჩვენი სიცოცხლე. მაშ, რა გვიშავს: პირველი გაგვწმენდს ღვთიური მსხვერპლისათვის, _ მეორე მოგვასხამს ალისფერ მოსასხამს… ”საქართველო”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი