პაოლო იაშვილი - ''გრიგოლ რობაქიძეს''
საქართველოში გადავაშენოთ სონეტის მოდგმა… ჩვენ გავაკეთეთ ის მშობლიურ სიტყვის მუცელში… იშვა… და ახლა გავასვენოთ თეთრი კუბოთი და ღვდლებათ იყვნენ მალარმე და ხოზე-მარია. მომართვა ჩემი, კარდინალო ჩვენი ორდენის იქნება მძიმე: შენი შუბლი უფრო მძიმეა ყველა ლექსებზე, რაც მე და შენ დაგვიწერია. გამტყდარი ლექსით. ქება შენ. ნიცშე, დანტე. ბოდლერის ღმუილი ყველა მხეცების ხმით თქმული ლოცვა დიდების: შენი გვამის მიღებისათვის. თბილისი იღუპება, როცა შენ გინდა, მიწის ძვრა არის მისი ბრალი რომ შენი ლექსი უკანასკნელი შეძრაა ტვინის – მატერიის მიწაზე დიდის. ხარ მარმარილო და კენტავრი. ცილინდრი ძვირად უფრო ხშირად საწყალო ცქერით. როდესაც ეძებ ახალ ლექსს და შენს ბავშს ალკას: ჩვენის ტირილით გასვენებულს: უწმინდესს გრიგოლს. უნეტარესს გრიგოლს. უსაყვარლესს გრიგოლს. უსმენთ სინდისით, სიმკაცრით მდიდარს. მე გეკითხები: ვართ მართლები? გვიპასუხებ: ჩვენი სიტყვა პირველია მას შემდეგ, რაც ქრისტიანობამ მოვალეობათ ადამიანს გაუხადა, რომ პოეტს დაემორჩილოს, რომელსაც გული აქვს ღმერთის და ცქერა ყველა ვარსკვლავების. მე ვხედავ მენადებს: ისინი თბილისს შემოესივნენ ყველა ქუჩები სავსეა მათი. სიცხეა დიდი: ელიან შენს გამოსვლას. სიხარულით: სტირიან ქუჩებში მენადები. დაგინახეს და გიჟდებიან მენადები: იჩოქებენ: ცახცახებენ: იზმორებიან. შენ მოესწარი: დღესასწაული შენ მოგიწყო ჩვენმა ორდენმა. შენ გვიპასუხე დირიჟორმა: ქალდეაში. იყო დღე დიდი: ქალაქი სრულიად, უხალისო, უმოძრაო და გადამწვარი, მზით გადამწვარი. ცას ასტუმრე ფარშევანგები მთავარ მოედანზე ბალაგანი გამართე. დიასახლისათ მოიყვანე ბალაგანის – ოფელია ბალდახინით მოასვენე ყველა ლექსები: ჩვენი შვილები უბიწონი და უქორწილო. პირველ დარაჯათ დღესასწაულის დანიშნე ვაჟი – სარაცინი. ოქროს ტრირემით ქალაქს მოადგა კაპიტანი და მოიყვანა სანტა მარია. და ერთად ერთი მათხოვარი მეოცნებე იყო ნაპირზე. ოქროთი და ვერცხლით დატვირთული. ჩვენგან: ერთად ერთი გახარებული მათხოვარი. და ფრაკში ფავნი იყო ჩვენი მოსამსახურე: ფარშევანგებმა გზა გაუხსნეს ციდან მოსულ მტრედს: ეს არის ალკა. დაისში მან იცეკვა ბალაგანის წინ ჩვენ ტაშს ვუკრავდით და ვიყავით გახარებული რომ უდიდეს დღესასწაულზე არ დაგვივიწყა ჩვენ ალკას სულმა. შემდეგ იტირე: და ვიმღერეთ დასამშვიდები ყველამ ერთად ლოცვა: გრიგოლს უწმინდესს. გრიგოლს უნეტარესს, უსაყვარლესს გრიგოლს. გაზ. `ბარრიკადი~, # 4
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი