გედის ყივილი


ლურჯი ტალღით,
ცელქით, ლაღით,
ქოჩორს  იყრის ტბის ფაფარი;
მთვარის გული,
დასისხლული,
დაჰქათქათებს თავს დამდნარი;
შორით გედი,
თეთრი გედი,
ერთვის ნელა ტბისა ქშენას;
და განცდილი,
მწვავი – ტკბილი,
ეწვეთება სათუთ სმენას…

***
თვლემავს ნელა
ის თეთრყელა,
აგონდება ტურფა ლედა:
როს მწყურვალი
და მხურვალი
მისი მკერდით სუნთქვას ლევდა;
ოჰ, იმ სუნთქვის,
ტკბილის, უთქმის,
ახლაც ათრობს მას სურნელი;
ფრთას ისწორებს,
თავს იწონებს,
ტკბილ ხსოვნაში სძირავს ნელი…

***
და იქ, შორ – შორს,
ვერცხლის ქოჩორს
უცხო ხილვა თავს ადნება:
თითქო ქაფში,
თუ სარდაფში,
ტურფა ლედა იბადება;
შეჰკრა გედი,
იცნო ბედი.
გადაეშვა ტბის ლურჯა მკერდს;
ლაღი – ფრენით,
ვნება – ლხენით,
აღწევს სატრფოს, ქაფად ნაკვეთს…

მაგრამ ლედა,
ტკბილი ელდა.
გაჰქრა სადღაც, ვით ჩვენება;
შეჰკრთა მჭვრეტი,
ტანწერწეტი,
მოსწყდა გული, გატყდა ნება;
გედი ქაფ – ტანს,
სევდას ატანს,
ეკვრის გულით, ტანჯვას უფრთხობს;
ხოლო შორით
მწარე გრძნობით –
ვეღარ ნახავ – ნისლი უხმობს…

***
შედრკა გედი,
იხსნა მკერდი,
ყელი ლაღი მოიღერა;
გულ – ჩამწყდარი,
და თან მტკბარი,
იწყო ცრემლთა მან სიმღერა;
ტბის ფართე გულს,
ათრთოლებულს,
ეფინება ჰანგი მწირის;
გედი დნება,
გედი კვდება
გედი ჰყივის, გედი სტირის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი