ვალერიან გაფრინდაშვილს
შენ გესმის მუდამ ჯადოსანი ხმა შორეული. სურნელოვანი შენში თითქო ვიღაცა მოჰკლეს ორეულების მასკარადზე სიზმარეული მალვით გინიშნავს შენი ცალი პაემანს მოკლეს. გოლუბის მასკით შენც იქ მიხვალ თვით ორეული მაგრამ მის ადგილს შეეყრები მხოლოდ მის მომკელს შიში აგიტანს, გადასძახებ ძველ ემპოდოკლეს. რომ სიტყვით შეჰკრა ეს ქვეყანა გადარეული. და შენი ხელი ახელებით ცდას ვეღარ ითმენს: უვალ ხრამებში ის მოანგრევს და ბელტავს რიტმებს მაგრამ ხანდახან სარკე ხილვას რომ დაგპირდება, - შენში უეცრად აიშლება მარადი ქვრივი: დაგირბილდება მაშინ შენი სონეტი კვრივი და ულმობელი უცნობისთვის შენც ატირდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი