ვასაკა
უკარებელი. მიზანტროპი. ტანდაყუდრული. ხავსისფერ კანზე მზის ხაოთი სქლად მოწვეთილი. სოფელში ცოცვით მკერდზე თეთრად გადაცვეთილი, ჩუმი. გვერდულა. ალმაცერა. ცქერაქურდული. თავისიანებს თავის ძულვით ჩამოწყვეტილი. მუხის წყალიან ფუღუროში გადამუდრული. ქოსა. თვალკუსა. ლორწიანი. ცხვირდასუდრული. სოფლის ავიზნით ცხარე ტვინში ხშირად წყვეტილი. გიყვარს: სიდამპლე: შმორი: მატლი: მშვიდო ვასაკა – მაგრამ პანის ჟამს ცნობ ყველაფერს ასე ფარსაკათ: როს ნაწვიმარზე მზე იშლება ნელი თაყვანით. – ბნელ სინესტეში ყველას თვალწინ შენ გაოცდები: ხის სენაკიდან მალვით ზემო ამოცოცდები – და შეუდგები ღვთის დიდებას მკვახე ყაყანით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი