ირრუბაქიძე
პასუხი ევროპის პოეტებს შეკითხვაზე: რეალისტებს, ნატურალისტებს, სიმბოლისტებს, ფუტურისტებს, დადაისტებს და ყველა მათს ნაშიერს. მე მაშინ ბაღში ვიყავ. ველზე მიმეძინა. იყო დიდი მუხა და ტიტველი შუადღე. იყო მწვანე ხავსი და ყვითელი კალო. როცა გამეღვიძა – სახელოებში ხვლიკები დავინახე. მე არ მიკივლია: ეს იყო მზის ნიშანი. ( ხალიბის სხეულს ნალად აჩნევია – ყოველი კუნთი რომ არის მზენაკრავი)... 1917. აგვისტოს 17. ირანის თეთრი ღამე ქვის ლომზე გავათენე. ( ფილიპპის ძე თვითონ ამ ლომის სახელია). ეს იყო ხამადანში: საცა ერთ ღამეს დიდმა ალექსანდრემ ათიათასს მხედარს ათიათასი ქალი მოთენთილ ბალახებზე ცოლებათ გაუფინა. მე მხოლოდ მომაგონდა – მაგრამ დავიკივლე: რომ ვნახე გადალახვა. (ყოველი ხერხემალი ელის ამ ნიშანს – დამვურვებელი ირრუბაქიძე)... ჩემს მაღალ თავლაში ჯერ კიდევ დაბმულია დამცხრალი ცხენის პატმოსის კუნძულიდან. მისი ნესტოები სეისმოგრაფია ყველა მიწისძვრების. უცდის დოსტოევსკის და უსმენს მხოლოდ ქვესკნელის გუგუნს. ერთხელ აიწყვიტა და გაიჭიხვინა – დიონისის სიტყვა „ტფილისის ხერხემალი“. (სტამბები ვერ სტამბავენ: ალბათ, ეშინიათ დაზგების ავარდნის)... იქვე ბაგას ანგრევს კიდევ სხვა ნადირი: „კარდუს“ მონოლიტი რისხვარი მარტორქა. მე არა მგონია, რომ ვინმემ დაიურვოს. მასთან ახლო მისვლა მე თვითონ მეშინია – თუ ხელში არ მიჭირავს ნინოს ნაწნავები. (მხოლოდ ეს ანელებს). უცდის მზის მოვარდნას – გავარდეს საბუღრაოდ. (მითხარით კიდევ სხვა სანახაობა!)... ჯერ კი მისი სუნთქვა მოდის როგორც „მალშტრემ“. (თქვენ იცით: რომელზედაც რემბომ მიუშვა ულაყი ჰიპპოპოტამ). მისი ავი სუნთქვა მოდუღს როგორც „მალშტრემ“. ზვავების ურაგანი შეანგრევს ევროპას. სიტყვაც ხომ მაგარია: ირრუბაქიძე.... "ბარრიკადი“, 1924, 6 იანვარი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი