ს. ჯ.-ს (სიმონ ჯაფარიძეს)


ეშხით გახსნილან გიშრის თასში შენი თვალები,
შენი თვალები შაირია სილამაზისა:
როს გაიღიმებ – ირხევიან მთის მწვერვალები.
როს დაფიქრდები – იჩრდილება მდელო ვაზისა.

თავის ამართვა ამაყი გაქვს მთის გავაზისა.
შენს გამოხედვას სილამაზე ვერ ემალება;
ჰო, რომ იცოდე, ვით თვრებიან შენით ქალები!
ჰო, რომ იცოდე, ვით ხალისობს შენი თმა მზისა!

დრო ულმობელი შენს გიშერსა ნელად ათოვებს,
ხოლო ვეჭვობ კი: შავ განზრახვას ვერ აათავებს;
საზარელია და სასტიკი ხანის კვეთება:

ცელავს და ლეწავს ლაღი სიტკბოს ნაზ ლერწამებსა, -
მაგრამ შენთან კი თვით სიკვდილიც მხოლოდ შეკრთება
და ჩუმი კოცნით დაგიხუჭავს მაგ წამწამებსა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი