ტიციან ტაბიძეს
შენში იწვიან ძველ ქურუმთა ლოცვის თესლები. ტკბილი სონეტი ესიტყვება გვართა მოირას. ხსოვნას გილბობენ იზიდასი შენ სარეცლები: ქალდეას სიზმარს რომ აგრძელებ ასე ზმორიანს. ცხელ ზმანებაში ქვეყნის საშოს თითქო ეცლები: ჟღალი თვალებით “შიში ძველი” შენთან მოიარს. წარღვნის სიავით ამღვრეული დაიგესლები სიკვდილის ღრენა ფიქრს დაგიფრთხობს როგორც მორიალს. ღამის გუბეში გალეშილი ბნელი ქაოსი შენში აპირებს მუნჯი რიტმის უხვად ამოცრას, როს მოგესხმება ლუში ლირწი მისი ხავოსი, - ყივილით ისვრი საიდუმლო სიტყვას საოცარს არ შეგეშინდეს ძნელი ცნობის: ბავშო ტიციან: რომ დიონისო შენი ჩუმი ძმადნაფიცია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი