საქანელა და სახრჩობელა


სამყარო ინგრევა, ამის შემჩნევა არ შეუძლიათ მხოლოდ ბაზელის კმაყოფილებს. არის იგი ნგრევა უაღრესად კოსმიური თუ მარტოოდენ სოციალური: ეს ბოლოს და ბოლოს შეცნობის ინტენსივობის საკითხია. არსად ისე მძაფრათ არ ცნაურებულა ეს ნგრევა როგორც პოეზიაში და საერთოდ ხელოვნებაში. ამბობენ: ყოველი ახალი ჯერ სურნელებით მოდისო. შარლ ბოდლერმა პირველმა მოგვცა სამყაროს დაშლის სურნელება ”ავი ყვავილებით”. საფრანგეთის სიტყვის ხერხემალი ბოდლერის შემდგომ ამ ყვავილების სიავით არის დაზნექილი. ლაფორგმა იმდენი იტირა, რომ ტირილში შეშლილივით გაიცინა: ამ სიცილში გაისმა სამყაროს უკანასკნელი განიავება. არტურ რემბო დაჭრილი კენტავრივით გადავარდა მსოფლიო ნგრევაში და უცნაურობის ტემპერამენტით გიჟურად ამახვილა იგი. სტეფან მალლარმემ დაშლილ სამყაროს მიქელ-ანჯელოს არტახები მოუჭირა: მაგრამ ”მოჭერა” ისეთი ძლიერი იყო, რომ აშლილი ქვეყანა კიდევ უფრო გაიბზარა. ამ დროს მოდის ფრიდრიხ ნიცშე დიონისოს ჟინჟილებით და ახელებული მენადები კივილით მოედვენ ევროპას. რუსეთი იმთავითვე მღვრიე თვალებით სიგიჟეს ატარებდა და დოსტოევსკითგან მოყოლებული ვიდრე ანდრეი ბელამდე მას აპოკალიფსური ეპილეფსია ეკიდება. სკრიაბინმა კი ამ ეპილეფსიას ქაოსით მოხეთქილი რიტმები დაურთო და აირია ქვეყანა. ამ არევას ვერც ლლოიდ-ჯორჯები მოუვლიან თავს და ვერც ლენინები დააბოლოვებენ მას.
რას შვრება ამ დროს საქართველო? ყველაფერი ინგრევა და სამყაროს ტორტმანში იგი მხოლოდ ქანაობს. არასოდეს ისე არ გამოცხადებულა ჩვენი რასსიული ხასიათი როგორც დღეს. საქართველო სისხლშერეული სხეულია. თუ არსებობს ფსიხოლოგიური სხვაობა სემიტურსა და არიულს შორის ქართველობაში უთუოდ პირველიც არის და მეორეც. უცნაური რასსიული ელემენტი ძველი იბერიის აწინდელ საქართველოში ყველაზე უფროა ამახვილებული. ჩვენ გვიყვარს სემიტური ”გამორჩენა”. მაგრამ ჩვენ არიული ”გამორჩევაც” გვიყვარს. ”ლაღადგადასმულობის” დასაწყისს ჩვენს ბუნებაში ეომება პრინციპი ”ახმაურობის”. ჩვენ ხშირად გვძლევს ხოლმე ”წვრილმანობა”: მაგრამ ხშირადვე გვაჯადოებს რაინდული ”ხმალში გამოწვევა,” ჩვენ ”მეწვრილმანენიცა” ვართ და ”რაინდებიც”. უცნაურია საქართველო: ქართველში ”ლაქიაც” ზის და ”მეფეც”. მასში ”ჟულიკიც” არის და ”არისტოკრატიც”. ქართველი თავის თავს ატყუებს რომ სხვა მოატყუოს: ქართველნი თვალმაქცები არიან. ბოლოს და ბოლოს ქართული ყოფა ფუნკციონალურია უფრო. საქართველოს გაქანება საქანელაა და ქართველი ქანაობს კიდეც. იგი არც არის და კიდეც არის. მას არ ჯერა თავის თავის თავის და ჰსურს სხვა იყოს. ”მაძიებელი აზნაური” ბოლოს და ბოლოს საქართველოს მისტიკაა და ყალბი ღერბებეის მაესტრო აშორდია ისტორიულ ფიგურად გამოდის. ქართველი გაურბის თავის თავს (ცუდს), რომ ნახოს თავის თავი (უკეთისი). წმინდა მამა იოანე საქარველოს გაექცა და მთაწმინდას შეაფარა თავი. შემდგომ ვერც იქ გაუძლო ”შუღლიანობას და შფოთს” ქართულსა: მაგრამ გაემართა ესპანეთისაკენ საცა მაინც ქართველები ეგულვებოდა. კიდევ უმძაფრესი: ქართველს სძულს თავის თავი (ახლობელი): ალბათ მისთვის ეტრფის თავის თავს (შორესულს). გიორგი სააკაძე ორჯერ გადავარდა საქართველთგან და ორჯერვე შემოუტია მან ხმალით მშობელ ერს. იყო მასში შორეთის სიყვარული და ტანჯვა უკანასკნელი.
აქ არის ყოფა ქართული ესთეტიურ ათვისებული. არსად იგი ყოფა არ ცხადებულა ისე როგრც ჩვენს უახლეს პოეზიაში. მართალია: ამ სფეროში ხარფუხის ”ბარაშკაჯან” და ”ნარიმანა გოცაძე” ერთი მეორეს ჯერ კიდევ ედავებიან პირველობისათვის. მაგრამ ეს მარტო ოდენ ზედაპირია. ნამდვილი ათვისება ქართული ყოფის რიტმის უახლოეს პოეტურ სიტყვაშია უთუოდ. ქვეყანა ინგრევა და საქართველო კი ქანაობს: ქანაობს როგორც ყვითელი ჭინკა საქანელაზე. ეს არის მისი რიტმი: სანახაობა ეფემერული ძალზე და მისთვის ალბათ ფეერიული მეტად. ერთვიან ერთიმეორეს ჭინკების ფერხული და კუდიანების არეული. ძველი იბერიის ყვითელი ქიმერები დაიძვრენ ბუდეებითგან და კალიასავით მოედვენ ქართულ ველებს. უცნაური და საცნაური დუელში არიან ჩართულნი. სახეები ჰქრებიან და რჩებიან ორეულები მარტო ოდენ. არის აქ ალური მოვარდნა წითელი ჩვენების და ლანდების ქორწილი გიჟური ნადიმით. არის თავადური განზე გადგომაც და ხილვის დაჭრაც მზის დაყუდებაში. არის მრავალი რამ. საქართველო ქანაობს საქანელაზე: მაგრამ საქართველო უფსკრულზეა გამართული და ადვილი შესაძლოა საქანელა სახრჩობელად გადაიქცეს. ხილვა უკანასკნელის ხშირად მძაფრდება და შეშინებული ჟღალი თვალები კიდევ უფრო ფართოვდებიან. იხსნებიან უფსრკულები და გვეფეთებიან უცნაურნი მზერანი. საქართველო ქანაობს უდარდელი: მაგრამ სახრჩობელას ჩვენება სტანჯავს მას. ან თავის თავის მონახვა უკანასკნელი: ან სრული დაღუპვა თავის თავისა. გზა ხსნილი არ არის სხვა. ხანდახან აქ სახრჩობელა სისხლიან ჯვარად იქცევა. ჯვარი უფრო ძნელია ვიდრე სახრჩობელა: მაგრამ ჯვარცმაში კათარზისია ნათელი და ჩამოხრჩობაში კი უკანასკნელი დაღუპვა. ჯვარცმა უცდის საქართველოს და ჩვენც ლოცვით ველით მის მოახლოებას. ვიცით: იქნება გამართლებული საქართველო. ვიცით: იქნება ათავადებული ქართული სიტყვა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი