წერილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ეფრემ || - სადმი
კურთხეულო მღვდელმთავარო! უფრო კარგი იქნებოდა, მოვსულიყავ პარიზში და უშუალოთ მიმეღო თქვენგან დალოცვა. არ ხერხდება, დამრჩენია კალამს მივმართო. ხელი ქვემორე – აღსარებად. ვარ ქრისტეანი – არა მხოლოდ პასპორტით. გასაგებია, რომ უარესად მაწუხებს გაჭირვებული ყოფა ჩვენდროინდელი საქრესტეანო სამყაროსი. კრიზისი მისი – მასსშივევეა თვითონ. ვერავითარი oicoumen – ური კრება უშველის მას, თუ – თუ იგი არ გადახალისდა შინაგან თვისსა. მოვალედ ვრაცხ ჩემს თავს მოგახსენოთ აქ ჩემი მოსაზრებანი. (მათი მოსმენისას გთხოვთ იცოდეთ, რომ მე არა ვარ არც „ქედმაღალი“ და არც „თავმდაბალი“ – არც ერთი და არც მეორე მიღებული გაგებით). 1. ქრისტეანობა არაა სწავლა ქრისტესი – ეს ქრისტემდეც იყო ცნობილი. იგი : სწავლაა ქრისტეზე . ვეყრდნობი აქ უდიდესს ქრისტეანს: ნესტან აუგუსტინეს. ყოველი მდგენი რელიგიისა იტყოდა: „ესაა“ ჭეშმარიტება! მხოლოდ ერთმა ქვეყანაზე თქვა: „მე“ ვარ ჭეშმარიტება – ქრისტემ. (იოანნე:14,6.). (გადახვევა, არც თუ ზედმეტი. ასეთი წიგნი, როგორიცაა სახარება იოანნესი, ჩვენს პლანეტაზე არ დაწერილა. იოანნეს გარე მე გზას ქრისტეს მიმართ ალბათ ვერ ვიპოვნიდი. სახარება მისი გვიხსნის იმასაც: თუ რატომ უყვარდა იგი მაცხოვარს გამორჩევით. რატომ? სწავლა გადაცემის ნამდვილად მხოლოდ ამ გზით: მოყვარულისაგან – ყვარებულს). 2. ღმერთი პიროვნებაა, ხოლო ზეინდივიდუალური. ვისაც ორგანო არა აქვს ასეთი წარმოდგენისათვის, იგი ღმერთს წარმოისახავს „ანტროპომორფულ“ ვითარ ვინმეს და: კონსეკვანტურ გადაიქცევა ღმერთის უარმყოფელად! 3. ქრისტე – პიროვნება – ხომ ინდივიდუალურ მოვლინდა?! გონებისათვის ეს საიდუმლო თითქმის აუხსნელია. ამის გამოა: რომ გრწამდეს ღმერთი ათასჯერ უფრო ადვილია ვიდრე გრწამდეს ქრისტე. ვთქვი „თითქმის“ – ვინაითგან: თუ ერთხელ განიცადე ქრისტე შინაგან, მაშინ სიძნელე იგი გონებითი მოხსნილია რასაკვირველია, მადლიცაა აქ დამხმარე. 4. ადამიანის შექმნა. ესეც „ანტროპომორფურ“ აქვთ წარმოდგენილი. სრულიად მცდარი შეხედულება! ადამიანის გაჩენა გულისხმობს: ღვთიურ წარმოშობას მისსა. აქ აუცილებელია „თეომორფული“ ხილვა, რომლის მიხედვით ადამიანი „იმ თავითვე“ მოქცეულია წიაღში ღვთისა. ამ ხილვის გარე აუხსნელი რჩება: როგორც თავისუფლება ადამიანისა, ისე მისი პასუხისმგებლობა! 5. ადამიანი: „ მონა ღვთისა“. სიტყვა „მონა“ უნდა ამოვარდეს ეკლესიის სიტყვარითმისაგან. ერთხელცაა ამოვარდება კიდეც – მიხედვით არა მარტო მეოთხე უხლში თქმულისა, არამედ და უფრო შეგნებით თვითონ ძველი და ახალი აღთქმისა. გავიხსენოთ, იესო უწოდებს თავის თავს „ძე ღვთისა“. იუდეველნი გმობენ ამას. იესო ეუბნება მათ: განა თქვენს საღვთო წერილში არ წერია: „მე ვამბობ: ღმერთები ხართ“? (იოანნე: 10,34.). ნაგულისხმევია, გაგახსენებთ, თქმული 8 ფსალმუნში. 6. პირველცოდვა: შემოჭრა ბოროტისა ყოფაში. მრავალია თეორია ახსნისათვის ამ საიდუმლოსი. არც ერთი მათგანი მართალი არაა. ყოველი მათგანი, ხსნის რა ბოროტის შემოჭრას ყოფაში. ბოლოს მაინც ფაქტის წინაშე დგება: კეთილისა და ბოროტის არსებობისა. ეს საიდუმლო აუხსნელია, ოღონდ იგი პოსტულატია, ურომლისოდაც არც ონტოლოგიაა შესაძლებელი და არც გნოსეოლოგია. 7. ღმერთი – დამსჯელი. დამსჯელი ღმერთი არ შეიძლება იყოს ღმერთი თვით იაჰვე შურისმგებელი კი არაა – მშურველია: 8. ნამდვილი წინამორბედი ქრისტესი არის მოსე. საუკუნეთა განმავლობაში ოთხი – საიდუმლოება – ქვაკუთხედი მისი ქმნილებისა ვერ აუხსნიათ. (შენიშვნა. როცა ამას ვამბობ ხოლმე, იმართება კითხვა – პასუხი. „თქვენ ახსენით?“ „დიაღ, ავხსენით“. „საითგან იცით?“ „არა უნივერსიტეტებითგან და ბიბლიოთეკებიდან“. „მაშ?“ „ალბათ მომადლებული მაქვს: ვგულისხმობ ცოდნას“. (Notalene . ის ოთხი საიდუმლო თუ ვერ ახსენი, ვერ ახსნი საიდუმლოებას ებრაელთა ყოფისა) შენიშვნა. ამ ყოფის ერთს საიდუმლოს მიუთითა („გადაკრულ“) მოციქულმა პავლემ: „რომაელთა“: 11, 25. მე ჯერ არ მსმენია: ვინმეს საქრისტეანოში აეხსნას ეს „გადაკრული“.). კურთხეულო მღვდელმთავარო! რასაც აქ ვწერ, ვეუბნები მთელს საქრისტეანოს. შემთხვევა მეძლევა: თქვენც გითხრათ: უმაღლესს მწყემსს ქრისტეან ქართველთა. სავალალოა მხოლოდ, რომ მოკლედ მიხდება გასაუბრება. მივმართოთ ახლა საქართველოს. რომელიმე ხალხის ნიჭი განიზომება ამით: თუ როგორ წარმოუსახავს მისს ზეპიროვნულ გენიას მსოფლიო. წარმოსახული მსოფლიო – მოკლედ: „მსოფლხატი“ – ქართველოლოგიაში ბევრი რამ კეთდება, მნიშვნელოვანი. აქაც: მაქვს ხედვაში ჩვენი ჯურნალი. მე ვარ ჯერ კიდევ, ერთადერთი ავტორი, რომელიც აცნაურებს „მსოფლხატს“ ქართველთა. ამ მსოფლხატს მსოფლხატნი ჩვენი დროის ხალხთა ვერ შეედრებიან სიღრმით.(კერძოთ, რუსებს ვურჩევ უკლონ ტრაბახი, თორემ: თუ წავუყენე მათ მსოფლხატს ჩვენი მსოფლხატი, სასტიკად დამარცხდებიან.ვამბობ ამას როგორც მოყვარული ჭეშმარიტებისა. „რუსოფობას“ ვერავინ დამწამებს „ფობია“ უცხოა ჩემთვის საერთოდ. 1919 წელს მე ერთი წიგნაკიც ვუძღვენი რუსეთის მხარეს, რუსულად დაწერილი. „მხარეს“ – პირველი მაგალითი მსოფლიო ლიტერატურაში! 1920 წელს გამოვიდა ჩემი „ჰაიასტან“. სომხებმა იგი თარგმნეს – საინტერესო დეტალი – როგორც ერევანში, ისე პარიზში!). ქართველთა მსოფლხატვაში – რად ღირს მარტოდ – მარტო ქართული ენა! ენა, რომელიც ასე დაუსახავს მეათე საუკუნეში ერთს ღრმადჩახედულ გონმეტყველ ქართველს: „…რამეთუ ყოველი საიდუმლოÁ ამას ენასა შინა დამარხულ არს“. (თუ ყოველი არა – მრავალი უთუოდ!). ხოლო გული ჩვენი მსოფლხატვისა არის ჯვარი ვაზისა – უდიდესი „რეალსიმბოლო“, რომლის სადარი მთელს საქრისრენოს არ მოეპოვება. ( რა იქნებოდა, დიდ ავგუსტინეს რომ ცოდნოდა მისი არსებობა! მისს აღფრთოვანებას საზღვარი არ ექნებოდა!) როცა ქართველს მამულის დასაცავად ხრმალი ეჭირა, მისი მარჯვენის მაჯისცემას სწორედ ეს გულისცემა ამაგრებდა: ჯვარი ვაზისა. მე რომ შემეკითხონ: რომელ ნაწარმოებში უფრო გრძნობ უფრო ქართველობასო – ვიტყოდი: გიორგი მერჩულეს ძეგლში „ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა“. ამით ბევრი რამაა თქმული. სიტყვას აღარ გავაგრძელებ: ისეც მივხვდებით, რაა თქმული. (წაკითხული გექნებათ შესანიშნავი გამოკვლევა პავლე ინგოროყვასი „გიორგი მერჩულე“. დიდი მარჯია საქართველოსი! წაკითხული გექნებათ აგრეთვე შალვა ნუცუბიძის წიგნი „ისტორია ქართული ფილოსოფიისა“. ეს კი დიდი მარცხია – მარცხი დიდი ნიჭით დაჯილდოებული ავტორისა. მარცხი, დიდად მავნებელი. ჩვენი ჟურნალის მომავალ რვეულში გავარჩევ ამ წიგნს – აუღელვებლად, გულდასმით. ამ რაღაც „პანთეისტურ მატერიალიზმისაგან“ – გარწმუნებთ – ნამცეციც აღარ დარჩება). ვათავებ. კურთხეულო მღვდელმთავარო! ღრმად მრწამს: რომ თქვენ პირნათლად შეასრულებთ განგებისაგან რგუნებულ საქმეს. ისე, როგორც ამას ასრულებდნენ საუკუნოებში ჩვენნი მღვდელმთავარნი, რომელნიც აგრეთვე დიდნი მამულისშვილნიც იყვნენ. პირადი თხოვნა. თქვენ ალბათ ბევრად უმცროსი ხართ ჩემზე – კალენდარით. ასე რომ: მე თქვენზე უფრო ადრე გარდამავალ სამარადისოში. გაიგებთ ჩემს გარდაცვალებას – გადამიხდით პანაშვიდს. იყავით ნათელმოსილ და მზეგრძელ! გემთხვევით მარჯვენაზე, რომლისაგან დალოცვას ვიღებ წარმოსახვით თქვენი გრიგოლ რობაქიძე დამატებანი. 1. მუხლი 4. განკაცება ღვთისა შეუძლებელი იქნებოდა, რომ კაცი „იმ თავითვე“ ღვთის წიაღში არ იყოს „თეომორფულ“ გულვებული. 2. მუხლი 5. იგივე „განკაცება“ წარმოუდგენელია, თუ კაცი „მონაა“. 3. მუხლი 7. ვთქვათ: რაინდმა ჩაიდინა არარაინდული რამ რომ წარხდა! თვითონვე ისჯება! გრიგოლ რობაქიძის წერილი მის უწმინდესობის, ეფრემ II – ისადმი ჟენევაში 1962 წლის 12 აგვისტოს არის დაწერილი. დოკუმენტი დაცულია თბილისის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი