აკაკის ბუნება


მეტად რთულია აკაკის ბუნება: მასში იდუმალ არიან ხლართულნი მისი პიროვნება და მისი შემოქმედება. მართალია: აკაკის პიროვნება და შემოქმედება სხვა და სხვაა, მაგრამ ისიც მარათალია, რომ ისინი ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელ არიან.

აკაკის ბუნება ქართველების ბედის ნატეხია. ყოველი ერი წარმოადგენს სულიერ რეალობას: იდეა პლატონისა, მონადა ლეიბნიცისა. იგი ხორციელდება, ესე იგი, ვითარდება, სრულდება, ისტორიას განიცდის. ამ პროცესში იგი თვალს იხსნის, ცნობას აღწევს, ენას იდგამს, მეტყველებას იღებს. ეს არის ერის პირველი დაბადება, გარნა, შესაძლებელია, რომ მან დროებით მიიძინოს: მაშინ ერს თვალი ებინდება, ცნობა ეკარგება, ენა უჩლუნგდება, მეტყველება უძნელდება. ხანგრძლივ ძილის შემდეგ ერი იღვიძებს: თვალს ისევ ახელს, თავს ისევ სცნობს, ენას ისევ ამოძრავებს, ისევ მეტყველებს, ეს არის მისი მეორე შობიერება.

აქ შეიძლება აიხსნას აკაკის ბუნება. მოვიყვანოთ საგულისხმიერო პარალელი: აკაკი და პუშკინი.

პუშკინი რუსობის პირველ დაბადების შვილია; აკაკი – ქართველობის მეორედ დაბადებისა.

პუშკინი მოევლინა რუსეთს მაშინ, როცა რუსობის სული დილის ბინდში იყო ხვეული; აკაკი აღმოჩნდა მაშინ, როცა ქართველობა საღამოს ბინდით იყო მოცული.

პუშკინამდე რუსობის სულს მზე არ უნახავს, მაგრამ გრძნობს კი, რომ ამოვა, – და პუშკინიც ელოდება მის ბრწყინვალე ამოსვლას; აკაკიმდე ქართველობის სულს მზე კიდეც უნახავს და აკაკიც სევდით ელის მის მეორე ამოსვლას.

პუშკინამდე რუსთა ძალა ბარბაროსობაში იმყოფებოდა: მაშინ პუშკინიდან იშვა თავი კულტურისაკენ; აკაკიმდე ქართველთა ძალას უკვე უგრძვნია თავი კულტურაში: აკაკიდან მას უნდა მხოლოდ განაგრძოს იგი.

პუშკინი პირველი სიტყვაა ახლად გამოსულ ხალხისა; აკაკი მეორე სიტყვაა გაღვიძებულ ხალხისა.

პუშკინი მომავალს სიხარულით შესცქერის, აკაკი სევდით გასცქერის წარსულის ხანასა.

პუშკინის ჩანგის ჰანგი შვება-ლხენაა; აკაკის სტვირის მოტივი ნაღველი და კაეშანია.

პუშკინის ჩანგი ჟღერს და მღერს; აკაკის სტვირი მოსთქვამს და სტირს.

პუშკინის მუზა ლაღია: მას ბევრი რამ ახარებს, – ამისათვის იგი მრავალფეროვანია; აკაკის მუზა ნაღვლიანია: მას ერთი რამ აწუხებს, – ამისათვის იგი ერთფეროვანია.

აქ სწყდება პარალელი. ის “ერთი რამე”, რაც აკაკის აწუხებს, არის სწორედ ამხსნელი მის ბუნებისა. ქართველობა თავის მეორე შობიერებაში ტრაგიზმს განიცდის – და მისი ღვიძლი შვილი აკაკი ამ ტრაგიზმის საგულისხმიერო მატარებელია. ქართველობის მებრძოლი სული აკაკის ბუნებაში განსახიერდა, ხოლო ამისათვის მისი პიროვნება ქართველთა სახის მსხვერპლად იქცა. აქ არის ჩამარხული საიდმლოება აკაკის პიროვნებისა და მის შემოქმედებისა: აკაკი ნამდვილი პიროვნებაა მხოლოდ მაშინ, როცა ჰქმნის, ამ საიდუმლოებას მხოლოდ მომავალი გახსნის.

ეხლა კი უნდა ითქვას: შესწყვიტონ ლაპარაკი აკაკის პიროვნების შესახებ “თავისუფლად” მსაჯულებმა, თორემ ისტორია მათ უფრო გასაჯავს!

ჩვენ ვდღესასწაულობთ აკაკის იუბილეს არა მარტო იმიტომ, რომ აკაკი პოეტია (როგორც ეს უმრავლესობას ჰგონია), არამედ იმისთვისაც, რომ აკაკი ქართველობის იდუმალი თან მეტყველი სახეა.

ქართლის მომავალი ბედი ამ სახის გამოცნობაშიაც სდევს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი