აკაკი - ორი ნიღაბი
დარჩენილია აკაკის სურათი კუბოში ჩასვენებულის. არსებობს ამგვარივე სურათი ვიქტორ ჰიუგოსი. მსგავსება ამ ორი ნიღბის ისეთია, რომ გამორჩევა ძნელი ხდება. უნებურად პარალელი იბადება: აკაკი და ჰიუგო. ყოველ შემთხვევაში აკაკის იმდენივე გავლენა ჰქონდა საქართველოში, რამდენიც ჰიუგოს საფრანგეთში. პოეტური შეპირისპირება მათი შესაძლოა მერმისმა ითავოს. გამოსვლა მარტო სახელით არის რაღაც ანტიური ამ გამოსვლაში. აკაკი გამოდიოდა სახელით: თავის გვარს ძვირად ახსენებდა. მთელი საქართველო მას სახელით იცნობდა უფრო. გარდა ნიჭისა, აქ უთუოდ სიყვარული იმარჯვებდა. უამისოდ აკაკი ვერ “გაითქმებოდა” ხალხში. ბავშვებმა ისიც არ ვიცოდით, თუ იგი წერეთელი იყო: ვიცოდით მხოლოდ, რომ იგი “აკაკია”. მეტი არაფერი. ერთხელ, ქუთაისში, ვასილ ბეჟანიშვილის წიგნის მაღაზიის გვერდით მივდიოდით. ხმა მოგვესმა: “აკაკი”. ეს ხმა ახლაც გაისმის ყურში. მივიხედეთ: მაღაზიიდან გამოვიდა ახოვანი კაცი. “ფეთება” მოგვეცა, მაგრამ ადგილიდან ვერ დავიძარით. აკაკიმ ნათელი თვალით გადმოგვხედა. ეს გამოხედვა ახლაც მახსოვს. დიდხანს ვუმზერდი მიმავალს. მაშინ ჩვენ მისი “კრილოვის” არაკები ვიცოდით. არ ვიცოდით მხოლოდ, რომ კრილოვი კაცი იყო და მოარაკე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი