აკაკი - მამა


“ბოჰემურად” მქონდა აკაკი წარმოდგენილი. რამოდენიმეთ ასეთიც იყო. სად ჰქონდა ოჯახი, კაცმა არ იცოდა. ხან ტფილისში, ხან ქუთაისში. ხან ერთთან, ხან მეორესთან. იყო ‘სტუმარი” მუდამ, სტუმარი საყვარელი. ცოლი რუსეთში ცხოვრობდა. ვაჟიც.

მე ისიც არ ვიცოდი, შვილი თუ ჰყავდა აკაკის.

ერთხელ მისი ვაჟი, ალექსი, ტფილისს ეწვია. ვნახე. გამიკვირდა: გადაგვარებული მეჩვენა. მოხრილი იყო იქ საცა მხრები კისერთან ერთმანეთს სცილდებიან. ამავე დროს თავი მაღლა ჰქონდა აწვდილი. თვალებით კარგად ვერ იხედებოდა. ეს კიდევ უფრო ამძაფრებდა ჩემს შთაბეჭდილებას.

“უფრთხილო” სიტყვა წამომცდა აკაკისთან – (რომ ვაჟში არ წასულიყო ჯიში).

აკაკი შეირხა. არა უთქვამს რა. მხოლოდ შეირხა.

ვხედავდი: იგრძნო “ტკენა”.

კიდევ მეტი: იგრძნო “წყენაც”.

სახტად დავრჩი: ამას რაღა გამოაკეთებდა?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი