აკაკი - ფანტაზია თუ ფანტასტიკა
აკაკის დიდი ფანტაზია ჰქონდა. თანვე: ტყუილი იცოდა დიდი. რა საჭიროა ამის დაფარვა? ხოლო მის “ტყუილს” რაღაც სხვა იერი ჰქონდა: “მოტყუება” კი არ უნდოდა (რაიმე პირადი მიზნით). “ტყუოდა” ისე: თითქო ჰსურდა ესიამოვნებია მობაასე. უსმენდი აკაკის და გიკვირდა მისი “ფანტაზია”. საკვირველი კიდევ ის უფრო იყო, რომ თვითონვე სჯეროდა, რასაც ლაპარაკობდა. მახსოვს: ჩამოვარდა ლაპარაკი რუსთაველზე. “ჩემი წერილი ხომ წაგიკითხავს რუსთველზე?” (აკაკი ამბობდა – “რუსთველი”, ყოველთვის). მეკითხება იგი. “როგორ არა?!” ვაძლევ პასუხს. პაუზა. “ალბად ილიას გარჩევაც გექნება წაკითხული, ჩემი წერილის გარჩევა!” “წაკითხული მაქვს”. პაუზა. “მერე იცი რა? მე ამ პასუხის პასუხი დავწერე. ილიას აზრები დავარღვიე”. “სადაა ეს პასუხი?” “წარმოიდგინე: ილიამ გაიგო ეს, მივიდა სტამბაში, შეისყიდა მთელი გამოცემა, – ილია მდიდარი იყო, – და ცეცხლს მისცა”. დაამთავრა. კილო ისეთი ჰქონდა, რომ თვითონ სწამდა ეს ამბავი. მე გაშტერებით ვუცქერდი – (აბა, “გაშტერების” გარდა სხვა რა არგუმენტი “მოგივიდოდა” ამ წამს?) ეს კიდევ არაფერი. ეს შეთხზული ამბავი მან სიტყვა – სიტყვით საჩხერეში გაიმეორა. იქაც გაშტერებით ვუცქერდი. მხოლოდ ერთი რამ უნდა აღინიშნოს: ეს ამბავი ორივეჯერ ისე მოჰყვა, რომ არც ერთხელ არც ერთი ხაზი ღვარძლისა მის სახეზე არ შემინიშნავს. ეს უფრო მისი ფანტაზიის “თამაში” იყო: ისე “გათამაშებული”, რომ ბოლოს და ბოლოს თვითონაც სჯეროდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი