აკაკი - საქართველო და რუსთაველი
აკაკი იყო “მკილავი”, ხანდახან “მქირდავიც”. (თუმცა, ვიმეორებ, ღვარძლი არა ჰქონია). შეეძლო ყველას გაკილვა და ყველაფრის გაქირდვა. მხოლოდ ერთი რამ არსებობდა მისთვის მთელ ქვეყანაზე, რომელსაც იგი ეთაყვანებოდა. ეს იყო საქართველო. მასთან ერთად რუსთაველი. საქართველოსადმი იგი ისე იყო განწყობილი, როგორც მიცკევიჩი, სლოვაცკი და ვისპიანსკი პოლონეთისადმი. ეს აშკარაა მის შემოქმედებაშიც. თუ ამ სიყვარულით გამოწვეულმა აკაკის შემოქმედებამ ვერ მიიღო დიდი გამოხმაურება, ეს ალბად იმის გამო, რომ მას აკლდა “ევროპა” (ეს უნდა ითქვას) და მუდმივი პოეტური წვა (ესეც უნდა ითქვას). აკაკი ფუტკარს ჰგავდა, მხოლოდ ისეთს, რომელიც ბეჯითობას მაინცა და მაინც ვერ დაიქადის. გარდა ამისა: მარტოდ-მარტო “მამულის” სიყვარულით უნივერსალურ პოეზიას ვერ შექმნი. ეს იმთავითვე მწამდა და მითქვამს კიდეც. ბედნიერება? აკაკი “ბედნიერ” კაცად ითვლებოდა. სიბერეს არ დაუმახინჯებია მისი სახე. პირიქით: კიდევაც გაალამაზა. “წვეთის” დაცემის შემდეგ ცალი წარბი ოდნავ მაღლა აეწია. სახეს ამან მეტი სიმკვეთრე მისცა. თავიც მაღლა ეკავა. განსაკუთრებით, როცა ქუჩაში მიდიოდა. ჰქონდა რაღაც სხვანაირი “სიმაღლე”: თითქო საგანთა მაღლა იცქირებოდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი