აკაკი და ვაჟა
ოცი წლის წინად ასეთი დაპირისპირება – აკაკი და ვაჟა – მაკვდინებელ ცოდვად ჩაითვლებოდა: ისე მაღლა იდგა აკაკი და ისე დაბლა ვაჟა. დღეს კი ასეთი დაპირისპირება არა თუ შესაძლოა, არამედ… რა საჭიროა წერტილის დასმა? მაგრამ მაინც: აკაკი და ვაჟა. პერსონალურად რომ ავიღოთ, შესაძლოა აკაკი უფრო ნიჭიერიც გამოვიდეს. მაგრამ პოეტურ ნამოქმედარს ეს ვერ არკვევს ბოლომდე. ვაჟა პირია უპიროვნო შემოქმედების. იგი ჰომერის ნატეხია საქართველოს არეზე. აქ არის მისი სიძლიერეც. აკაკიც ხომ ხალხურია? მართლაც. აკაკი პირია ხალხის. საუკეთესო მისი ლექსები ხალხურია. მე მინდა აქ მხოლოდ ერთი მაგალითი მოვიყვანო. არის პატარა წიგნაკი: “ჭიდაობა ნესტორ ესებუა და კულა გლდანელის”. წიგნაკს აწერია: “მესტვირული ლექსი აკაკი წერეთლისა”. დათარიღებულია: 1890 წ., 15 ნოემბერი. ვინ გამოსცა, არ ჩანს. წიგნაკზე ესებუას სურათია. ალბად თვითონ აკაკი ამ ლექსს უმნიშვნელოდ თვლიდა, თორემ იგი არ იქნებოდა ასე “გადამალული”. ეს ლექსი ლიტერატურულად აღმოაჩინა პაოლი იაშვილმა – (გავიხსენოთ მოჭიდავე ნესტორ ესებუას იუბილე, – იყო ასეთ იუბილეც! – ხუთი თუ ექვსი წლის წინად გამართული ცირკში). ეს ლქესი შედევრია. რადგან მას ბევრი არ იცნობს, მოვიყვან ადგილებს. სახელი გავარდა კულა გლდანელის: ყველას სძლიაო. “ეს ქუთაისში შეიტყვეს შუბლში იტკლიცეს ხელია, ნუთუ ქართლსა და კახეთსა ვაჟკაცი შემოელია, აქ რაღაც ცბიერობაა უთუოდ საეჭველია უნდა უშველოთ როგორმე თუ სადმე მისაშველია. როგორ თუ მთელი ქვეყანა მან ასე აიბუაო? მოდი გავგზავნოთ აქედან მეგრელი ესებუაო. ისე დაბლაგვოს, იცოდეთ, როგორც რომ დანის ყუაო. მაშნ იტლინკოს გლდანელმა, მერე ისწავლოს ჭკუაო”. მიიხმეს ნესტორა. სთხოვეს. “მაშინ წამოდგა ნესტორა სიმდაბლით მოუბარია: უფროსები ხართ და ჩემგან არ გეკადრებათ ვარია. თუ გავიმარჯვე აქავე ჩამოვალ მომცინარია, თუ ვერა კომბალს ავიღებ და წავალ სადაც ცხვარია”. ჩავიდა ტფილისში ნესტორა. მიდიან საჭიდაოზე. “გლდანელის საპირდაპიროდ აქ ვიღაც ჩამოსულაო, მაგრამ ყურებსაც არ იბერტყს ჩვენი ნაქები კულაო, ამბობს, ამისი ტოლები აქ ბევრი გალახულაო, და ესეც ისე გავპენტო როგორც რომ ბამბის ქულაო”. გაიმართა ჭიდაობა. “გამოდის კულა გლდანელი მხარბეჭა და შიშველია, ჯეირანივით ნავარდობს, მაღლა ხტის როგორც შველია, ტანზედაც ერბო წაუსვამს, რომ ვერ მოავლონ ხელია, გარს ახვევია ამქრები სუყველა მისი მშველია. მეორე მხრიდან მეგრელი გამოძვრა როგორც ტურაო, რომ დაინახა გლდანელი ლომივით მიაშურაო. მკლავებში ხელი მოავლო და ერბომ აიცურაო. კინაღამ უცბად გაფუჭდა და ბედმა მოიმდურაო. განზე გადუხტა მატყუარს, სისწრაფით მოიშორაო. ამბობს, ხელს ვეღარსად ვკიდებ, რა ცუდათ მომაღორაო. მივარდა, გულში ხელი ჰკრა, ბურთივით გააგორაო. ვეფხვივით ზურგზე დაახტა, დათვივით მოიტორაო. ქვეშ დევს, ფართხალობს გლდანელი, ცდილობს ზე წამოდგომასა. ზემოდან მტკვალავს ნესტორა, თითქო იღებდეს ზომასა. თან ეუბნება დაცინვით: კულა ნუღარ სწევ შრომასა, უფრთხილდი თან არ გადაყვე შიშსა და გულისწყრომასა. ფეხებში ხელი მოჰკიდა, თავდაღმა დააყირაო, საცეცხლურივით დაკმევა ოთხკუთხივით დაუპირაო. იმისი მაყურებელი სუყველა გააკვირაო, კულა გლდანელის მომხრენიც უწყალოდ აატირაო”. მე მოვიყვანე მთავარი ადგილები. ვიმეორებ: ეს ლექსი შედევრია, ხალხური გენიის ხაზით გამართული. ყოველი დეტალი აქ თანხმობაა მასალისა და ფორმის, ყოველი სიტყვა, ყოველი სახე – მედალიონებია. ეს პოემა ცალკე გარჩევას თხოულობს. რით ჩამოუვარდება იგი თუ გინდ ლერმონტოვის ნაწარმოებს (“Песня про купца Калашникова”)? და მაინც და მაინც: ვაჟა გადასძლევს. ნიჭით? მაგრამ ნიჭი აკაკიმ ამ “მიგდებულ” ნაწარმოებშიაც ხომ დიდათ გამოაცხადა? ესეც ხომ ხალხის შემოქმედების ნატეხია? არა: აქ სხვაგანაა საიდუმლო. იგი მასალაში უნდა ვეძიოთ (უფრო). ეს კი სხვა თემაა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი