სამოსელი პირველი (ნაწილი V)


აღმართი

იმან კი დომენიკო ღორების მწყემსად წარავლინა. დიდი კომბალი მისცეს, ველად გაჰყავდა კოლტი. გამალებულნი დაეძგერებოდნენ ღორები ბალახს, მაგრამ საკვებად მხოლოდ ეს არ ჰყოფნიდათ, შებინდებისას, დიდად მომთხოვნი ჭყვირილი ატყდებოდა ხოლმე; ერთი ველური მცენარე იყო რაღაც, ლობიოს ჰგავდა, დილა-საღამოს ნასუფრალს იმ მცენარესთან ერთად აზელდნენ დიდ გობებში, ღორებს უყრიდნენ. გომურის კედელს მიყრდნობოდა დომენიკო, და ნერწყვმომდგარი მისჩერებოდა, როგორ თქვლეფდნენ ღორები სალაფავს, შიმშილისაგან სციოდა დომენიკოს, აკანკალებდა, ძალიან გახდა, შორიახლოდან გომურზე მიყუდებულ ფიჩხის მცირე რამ შეკვრასა ჰგავდა. რომ დამჯდარიყო, გადაქანცულს, მაშინვე კისერს მოსწყვეტდა ძილი და, მისუსტებული, ფეხზე იდგა, გამწარებული უცდიდა, როდის მოასუფთავებდა მადააშლილი კოლტი გობების აქერცლილ ფსკერს. გომურში შედენიდა მერე ღორებს, კარს ჩარაზავდა, კუთხეში მიგდებულ ჯვალოს დაფლეთილ ტომარაზე მოიკუნტებოდა, ზედაც ტომარას გადაიფარებდა, ამყაყებულ სუნს ვეღარა გრძნობდა - შეეჩვია, და მაშინვე ყელზე ლოდშებმულივით, იძირებოდა - ჩაძინება არ უნდა ყოფილიყო მაინცდამაინც ეს, გულის წასლას უფრო ჰგავდა. ვერც წრიალებდა... გათენებისას მოუთმენელი ღრუტუნი გამოაღვიძებდა ხოლმე, გარეთ გამოსული, დილის საღ ჰაერზე კანკალებდა, თითებს ამობურცულ ნეკნებზე შემოიჭდობდა, ძვალს და ტყავს იზელდა. მიღველფილს, ჭვარტლი ბინდისფერ ლაქებად უტივტივებდა თვალწინ, რა იყო მაინც, რა უცნაური სისუსტე სჭირდა, ჩამოძენძილი, თავჩაქინდრული, მიდენიდა კოლტს. დილდილაობით, ხელისგულისოდენა პურს მიუგდებდნენ ხოლმე, ხანდახან ჰაერშივე იჭერდა, ხან - გულაძგერებული დასწვდებოდა და სასოებით უბერავდა სულს. ორიოდ ლუკმას იქვე ჩაკბეჩდა, და დაღეჭვასაც ვერ ასწრებდა კარგად - უცაბედობით, ეყლაპებოდა. ველად გასული, შეტყუპებულ პეშვებზე დაიდებდა პურს, სახესთან მიჰქონდა და, თვალდახუჭული, გამოზოგილი სიამოვნებით, ფრთხილად ყნოსავდა. და მერე, უცებ, ვეღარ ითმენდა - პირში მალიმალ იტენიდა, დაუღეჭავად ყლაპავდა ლუკმას, ერთი, ორი და აღარა ჰქონდა, მთელ დღეს და ღამეს, გათენებამდე უნდა ეთმინა. საღამოობით, ნაღვლიანად დახარბებული დასცქეროდა სალაფავს, ვაშლისა და კიტრის ნაფცქვენებზე უარს იტყოდა კი არა, სურვილისაგან აჟრიალებდა. მაგრამ არავინ მიუგდებდა მას. ისე კი, შემოდგომა წელიწადის ყველა დროს სჯობდა - შემოდგომით, ტყისპირას რომ მიდენიდა კოლტს, მაჟალოსა და პანტას, კვრინჩხს, ზღმარტლს, ძახველას აგროვებდა და ადამიანს რომ მიეცა მისთვის ეს ხილი, გააღმერთებდა, ხეს კი არაფრად აგდებდა, მხოლოდ ნაყოფი მოსწონდა და ესურვილებოდა მისი... და ზამთრისთვისაც იმარაგებდა ხეთა მოწყალებას, მაგრამ პოულობდნენ, ართმევდნენ და ღორებს უყრიდნენ. ზამთრობით, ჭირდა... ფეხზე კანაფით ჯვალოშემოხვეული, შემცივნებული, კანკალებდა და წყლის დალევის ნაცვლად თოვლის გუნდას კბეჩდა, ყინულს აკნაწუნებდა - ეს უფრო ჰგავდა საჭმელს, და სპეტაკად ჩამომდგარ მჭახე ჰაერში ახსენდებოდა, რომ ახლა, საღამოობით, მამა ოთახში, ბუხართან იჯდა. მამა ყოველდღე მუშაობდა და ყველას უკვირდა, ასეთი მდიდარია და ნეტავ რა ძალა ადგასო, იგი კი, მოღლილი, საღამოობით ბრუნდებოდა შინ, როცა სახლებისა და ხეების წაგრძელებული ჩრდილი თვალნათლივ ბაცდებოდა. ასე, მუშაობაში გადიოდა წელიწადის სამი დრო. ზამთრობით კი, როცა სალუქი თოვლი უშნოდ დაიტკეპნებოდა სოფლის გზაზე, მთებში კი რბილად ბრჭყვიალებდა მზეზე, მამა მრგვალ ბუხართან იჯდა და, თვალებმოჭუტული, ფიქრობდა ხოლმე. მამასთან ხშირად დაიარებოდნენ ყმები, ზოგი რჩევას ეკითხებოდა, ხან რას ეუბნებოდნენ, ხან რას, ხანდახან დანაშაულშიც გაუტყდებოდნენ და თუ ძალიან გაუჭირდებოდათ, ფქვილს ხმადაბლა სთხოვდნენ და არავინ მოიძევებოდა მთელ სოფელში, მამის უმადური რომ ყოფილიყო, ეჰ! - სოფლად ასვლაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო... ერთი, ერთად-ერთი დრაჰკანი რომ დაეტოვებინა... გაზაფხულობით უფრო ახსენდებოდა ეს, გაზაფხულობით, ნაზამთრალ მიწას სახნისით გადაუსერავდნენ მკერდს, გაზაფხულობით, სოფლად, ძალუმი ოხშივარი ავარდებოდა ჰაერში, საკინძეს შეიხსნიდნენ ხოლმე გაბრუებული გლეხები, გაზაფხულობით, კალთააკრეფილი კოჭლი გლეხი რწევით მიმოდიოდა ხნულში და ხელის ყოველ მოქნევაზე თითო პეშვ ხორბალს აპნევდა... ბალისა და ალუბლის კენჭივით მაგარ, ციცქნა ბურთულებს სითეთრე ეძალებოდა, ლეღვის ხაოიანი ფოთლების მიღმაც ალაგ-ალაგ შეიმჩნეოდა ნაყოფი, წითლად ასაჩახჩახებელი ბროწეულის ხეები ჩამწკრივებულიყვნენ ღობეების გასწვრივ, წვიმდა... ჯვალოს ტომარაზე წრიალებდა დომენიკო, და აქაც, ამ საღორეთშიც წვიმდა და, გამხნევებული ახელდა თვალს, მაგრამ ეჰ, არა - იქ რა უნდოდა, აქ, ქვემოთ იყო... ენანებოდა ეს გახლეჩილი, ნაღველნარევი სიამით გაჟღენთილი სიზმარი და, წვიმის ერთენოვანი ხმაურით აღვსილს, ახსენდებოდა, იქაც, სოფელში, თუ როგორ წვიმდა... წვიმდა, თბილი წვეთები ეცემოდათ გლეხებს, ზურგზე ეტმასნებოდათ ნაცრისფერი, გახუნებული ხალათები, ხის ძირას დგებოდნენ, ზოგი ამოზნექილ ფესვებზე ჯდებოდა, იცდიდნენ, ამდენი წვიმა არ გამიგია, ამბობდა პირველი ყმა, ბიბო. მიწა იჟღინთებოდა, ლბებოდა, მერე თანაბარი, ჩუმი გუგუნი ცალკეული წვეთების ხმამდე დადიოდა, ნათდებოდა, მზე გამოდიოდა ცაზე, თავ-თავიანთ ყანას უბრუნდებოდნენ შარვალაკარწახებული გლეხები, მძიმედ აბიჯებდნენ და ხანმოკლე დამღად აჩნდებოდა დამბალ მიწას მათი ფართო ნაფეხურები. მზე აცხუნებდა, ორთქლი ასდიოდა ბელტებს, უფრო მძიმდებოდა ისედაც გამაბრუებელი ჰაერი, მოკლე ბალახი ამოიზიდა, დამჭლევებულ საქონელს მზეზე ულაპლაპებდა მიწისკენ დახრილი კისრები, გამოგაზაფხულდა, ცხენები აჭიხვინდნენ - და ტომარაზე წამოჯდა დომენიკო, აჰ, არა, არა, ცხენს რა უნდოდა აქ, ამ ჯაგარაშლილ, სალაფავის ხათრით მოშინაურებულ ცხოველებში, წამოწვა ისევ, თვალი მილულა... მუცელი გვრემდა. მოიისფრო ბინდში ბრუნდებოდნენ სოფლად ნამუშევარი, მადააშლილი გლეხები, წვნიანით სავსე ჯამებში ხმელა პურს ჰყრიდნენ და პურითვე გულდაგულ ასუფთავებდნენ ჯამების გაცრეცილ ფსკერს, თავბრუ დაეხვა დომენიკოს, მაგრამ გადაწოლის ნაცვლად, შეშინებულმა - იკარგებოდა თითქოს! - წამოიწია, მუხლებზე დადგა... სოფლად დაბრუნებაზე ფიქრი ეგებ არ იყო სულაც ზედმეტი, და არა, არა, შვილად მიღების იმედი სრულებითაც არ ჰქონდა, მაგრამ რა იქნებოდა, ყმად რომ შესდგომოდა მას, მამას, რა იქნებოდა, თავად მამას სამუშაო რომ მიეცა მისთვის და მხოლოდ იმდენი საკვები, იმ სამუშაოს კეთილად შესრულების თავი რომ ჰქონოდა... „და რომ ავდგე, და წავიდე, და ვუთხრა მას, - გაფაციცებული ფიქრობდა დომენიკო, - დავაშავე შენს წინაშე და წინაშე კიდევ მრავალთა სხვათა, და არღარა ვარ ღირსი შენი შვილი რომ მერქვას, არამედ მიმიღე მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი...“ მიიღებდა კი? ზაფხულობით, ველად გასული, ძონძებს მოიშორებდა და მზის გულზე შიშველი იჯდა. ეხეთქებოდა კანი, იარებიდან ბაცი სისხლი სდიოდა. დიდი, მძიმე ლოდი ჩამოეკიდნა გულზე; გაზაფხულობით, მოწყურებული, წყაროსთან იჯდა, მარილს ლოკავდა. სეტყვაში მორჩილად დგებოდა, თეთრ, ბეჯით წერტილებს გასაცოდავებულ სხეულს უხვედრებდა. ზამთრობით, თოვლზე, ფეხშიშველი დაიარებოდა, ქვებზე ეძინა და ვერ მოიცილა მაინც ვერაფრით, მაინც ჯიუტად ამოუტივტივდებოდა ხოლმე: „რომ ავდგე და... და რომ აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა მას: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა, და არღარა ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი. ვითარცა, ერთი, მუშაკთაგანი“, - იმეორებდა... ცხელოდა, წვიმდა. და მის დროებით, მცირე პატრონსაც, ძუნწს, ხარბს, წუწურაქს, რა ჭირი ეტაკა, რა იყო, რა მოეჩვენა მაინც, ბოლო დროს შინ, საღორეში მობრუნებულს, ცხელ კერძს, ხორციანს, უხვედრებდა და სპილენძის ჯამი ნაკელიან სოხანეზე კი იდო, მაგრამ მაინც დუღდა, მძიმედ თუხთუხებდა და დამატყვევებელ, რკინის აბლაბუდასავით სუნს გამოსცემდა, აჟრიალებდა დომენიკოს, მოიკუნტებოდა, ნერწყვი სდიოდა, აძაგძაგებდა, მაგრამ იცოდა, კერძის შეთქვლეფა და - სოფლად ასვლაზე ფიქრი მოშორდებოდა; და ამა ფიქრის ასარიდებლად თუმც ზამთარ-ზაფხულ თავს იწამებდა, აიქ ასვლაზე მტანჯველ ოცნებას მაინც, მაინც რომ ელოლიავებოდა, ამ ავაზაკურად აორთქლებულ კერძზედა მიხვდა... რაღაც სხვა იყო მაღალ სოფლად ისეთი რაღაც, საჭმელზე მეტად რომ ეზიდებოდა, მაგრამ იქ ასვლა... „არამედ მყავ მე... ვითარცა ერთი... მუშაკთაგნი...“ - ლაქა უნდოდა! მიიღებდნენ კი?.. და იქამდე აღწევას, შორეულ ბილიკს გინდაც დასდგომოდა, შესძლებდა კია? - ქანცგაწყვეტილი, დავრდომილი... დაღმართზე, ცხენით, იმდენი იარა და იჭენა, იქაც კი დაიღალა და ახლა, აღმართში, მისუსტებული, ღონემიხდილი, სულ ფორთხვით მიდის, და თანაც, გზად, ბილიკებზე, ზეზუხბაიები დაძრწოდნენ, ლტოლვილთა მტერნი, ეს ბავშვობისდროინდელი თამაში იყო, სადღაციდან დაბრუნება - ვითომ ბრუნდება, ბრუნდება დიდი განშორების შემდეგ... ოთხზე დამდგარა, ადის, მიჩოჩავს, მიხოხიალებს, ამოშვერილ ფესვებზე ძლივას გადააქვს დამზრალი ტანი, მაღლა, ტოტებზე, სვავები და ყორნები სხედან, იცდიან - გაძვალტყავებულს, მაინც ექნება ცოტაოდენი ხორცი და სისხლი... როგორ მიფორთხავს, მიხოხავს როგორ... რომ არ დაცურდეს, ფესვს კბილებით ჩასჭიდებია, სიმწრით ათრთოლებული ნესტოებით მოშიებული ისუნთქავს ჰაერს, და რა ძნელია, რა მძიმეა თუნდაც ასეთი გამხდარი ტანი, რა არ ერევა, რა არ აწუხებს, ციცქნა ეკალი რომ ეკალია, ვთქვათ... მაგრამ ჯანდაბას, ეს კიდევ არაფერი - გვერდით, შორიახლოს, დიდი გველი მისდევდა, უტყვად გაყინული თვალებით აკვირდებოდა, ვინ გაიგებდა, რა ედო ცივ გულში, უთვალთვალებდა... ერთი დრაჰკანი რომ დაეტოვა... ფოთლებს ღეჭავდა დომენიკო, მისავათებული, თავს მიწაში ჩარგავდა თუ არა, კეფაზე გველის მზერა ეწვოდა, საბრალო, მგზავრი... გაფითრებული, შეძრწუნებული მიიკვლევდა ფესვთაშუა გზას, გადაჰყვლეფოდა იდაყვები, მკერდი, მუხლები, ეს დომენიკოს ბალღობისდროინდელი თამაში იყო, გლოვად ქცეული ახლა - სადღაციდან დაბრუნება... რა იყო მაინც, იმოდენა და იმდენი ეკლოვანი ბუჩქი... გაზაფხულობით სუყოველივე, ეს ეკლებიც კი, მწვანედ ბზინავდა, და მუქდებოდა მერე - საღამოვდებოდა, ისევ ის გატრუნული, ჩაშავებული ჩრდილები, ხანდახან ავად რომ შეირხეოდნენ... ისევ ის სიჩუმე, ჭრიჭინათა სუსტად გაბზარული... კვლავინდებურად, მონაცრისფრო გველის გაყინული თვალი, და სხეულში ჟღრიალით დარწეული სუსხი... ვიღაცა შავი, დიდთითება, ზანტი მუქარით მომავალი - ადრიანი გაზაფხულის ღამე... წელიწადის დრო, ყოველივესი ჩამსახველი, სუყოველივე თვალნათლივ როგორ სხვაფერდებოდა!.. გაზაფხულობით, როცა ხეთა ფერადი კვირტები პაწია ნაყოფად გადაიქცეოდა, ხალხი ერთ ღამით სტოვებდა სოფელს. ჩაფიქრებულნი, მორჩილად აიკრავდნენ გუდა- ნაბადს, ჩვილებს თბილად გაახვევდნენ, საქონელსაც მიერეკებოდნენ და ჯგუფ-ჯგუფად გადიოდნენ, სნეულნიც კი გაჰყავდათ ჩარდახიანი, უხალისოდ აღრჭიალებული ურმებით. რაღაც უცნაური წუხილი კი მიჰქონდათ, მაინც უფრო დიდი სევდა ბანაკდებოდა დაცარიელებულ, უადამიანებო სოფელში. ხორციელის ჭაჭანება აღარ იყო, ერთადერთი მამა რჩებოდა შინ, ქვის გალავანს მსუბუქად მიყრდნობილი. იგი გასცქეროდა სოფლელებს, მძიმედ რომ ადიოდნენ აღმართში და მერე ბორცვს მიღმა უჩინარდებოდნენ. იქით, ბორცვს მიღმა უნდა გაეთიათ დღესასწაულისწინა ღამე, კაცებს უნდა ეფხიზლათ და ვეება კოცონთან უხმოდ მსხდარიყვნენ, მამა მარტოდმარტო რჩებოდა იმ უჩვეულო სიჩუმეში, უძრავად იდგა, სანამ არ დაბინდდებოდა. შებინდებისას, გაბრუებული ჩიტების ჟრიამული რბილად იკარგებოდა ჰაერში, საღამო ხანს თითო-ოროლა ფოთოლი წამით აფრთხიალდებოდა ხეზე, მერე ისევ სიჩუმე, სიჩუმე, სიჩუმე ტლანქ, მძიმე სიშავედ იღვრებოდა სახლებსა და ეზოებში, გზებზე; თითქოს თვალნათლივ აორთქლებულ კუპრში დინჯად იძირებოდა ყველაფერი და როცა შავად გაჟღენთილი, დამძიმებული ჰაერი ყოველივეს წაშლიდა, მამა კვარს ანთებდა და გზაზე გამოდიოდა ხოლმე. მიაბიჯებდა წყნარად, უხმაუროდ, ღამენარევი იდუმალებით მოცული, და კვარის სუსტი, ოდნავ მოკიაფე სინათლე თანაბრად ირწეოდა ირგვლივ. მიწაზე მოცახცახე რკალი, წინ რომ მიუძღოდა მამას, ღობეზე სწრაფად აცოცდებოდა და ისევ მორჩილად მიცურავდა ბალახზე, მამის ფერხთით, კიბეზე ტალღად გადადიოდა და მერე სუსტი ციმციმით ირწეოდა ოთახში - მამა დედაბოძთან ჩერდებოდა და მეზობლის სახლს ათვალიერებდა. კვარი მქრქალ სინათლეს ჰფენდა კუთხეში მიყრილ ქალამნებსა და ფერად წინდებს, ჭრელ ფარდაგს, თიხის ჭურჭელს, ხიდან გამოჩორკნილ კოვზებს, ყველაფერს აკვირდებოდა მამა, კუნჭულებში აბლაბუდასაც კი ამჩნევდა იმ დალეულ სინათლეში და ხელისგულს ადებდა კედლებს, სკამებს, მაგიდას, თითქოს ნივთების მდუმარებასაც კი უგდებდა ყურს. მთელ ოთახს მოივლიდა და მერე, სანამ გავიდოდა, ერთხანს უძრავად იდგა, კედელზე კი მისი წაგრძელებული, კუთხესთან თითქოს გადატეხილი ხელი ბარბაცებდა, კვარის სუსტ ციმციმს აყოლილი, მაგრამ თავად მამას მტკიცე, დაჭიმული მარჯვენით ეპყრა კვარი და რაღაცას ფიქრობდა. გასცქეროდა გზას... დინჯად, მძიმედ გადიოდა შავად დაგუდული ღამე, თითქოს ყოველივეს ეძინა, მაგრამ ღამესაც ჰქონდა თავისი ხმები, საიდუმლონარევი, შიშისმომგვრელი - სადღაც ეცემოდა წვეთი, ერთი ციცქნა და უკუნეთის წყალობით მაინც საოცრად მნიშვნელოვანი, კედელს ავად ეხახუნებოდა გამხმარი მიხაკის გვირგვინი, სუსტად გაიჭრიალებდა ღობე და ხანდახან ძილგამკრთალი მწერიც გაიხმიანებდა, მაგრამ მამას ეს ხმები სულაც არ უშლიდა ხელს - სახლებში დაიარებოდა და დიდხანს, დაფიქრებული ათვალიერებდა ყველაფერს. მერე კი, ოდნავ რომ შემსუბუქდებოდა ცა, დასალიერზე ოდნავ რომ გაიბზარებოდა სიშავე, მამა კვარს აქრობდა და დიდ ლოდზე დგებოდა: ნელა, ძალიან ნელა თენდებოდა, მაგრამ ისე აშკარად მატულობდა სინათლე... ყოველივე იწოვდა ბინდს, საიდანღაც ნიავი წამოუბერავდა, ხეზე დაიჭიმებოდნენ ფოთლები, სახლებიც დინჯად ამოტივტივდებოდნენ მიწიდან და რომელიღაც პატარა, სულელი, ყოჩაღი ჩიტი გალობას იწყებდა, ბუნდოვან ჰაერს მკვეთრად აპობდა ეს უზომოდ გახარებული ხმა, და მამა მღელვარებით უყურებდა შორეულ ბორცვს, იქიდან კი, უთენია, ხალხი მოდიოდა! მოდიოდნენ ფეხით, ჯერ კიდევ მოლურჯო ჰაერში აბრდღვიალებული ჩირაღდნებით, ჩვილებით ხელში, ჩარდახიანი ურმებით მოდიოდა ხალხი - დიდები, პატარები, მოხუცები, კეთილნი და ბოროტნი, გულგრილნი, მაცდურნი, შეცდენილნი, - ხალხი მოდიოდა! ისინი ქვემოთ მოაბიჯებდნენ, ერთმანეთის ახლობელნი, ნათესავნი, მძიმედ ჩამოდიოდნენ დაღმართში და ყოველი ნაბიჯი ნეკნებზე აწვებოდათ, მთელი სოფელი მოდიოდა - ზოგი დაბერილ ყვრიმალებში დაგუბებული, უთქმელი მტრობით, სხვა - გულგრილობის ჭიით გამოფიტული, მაგრამ იმ დღესასწაულით მაინც ოდნავ დაძაბული, ზოგიერთი რაღაც აუხსნელი, აუწერელი სიკეთით გულში, საბრალო და მართალი ღიმილით სახეზე, ხელიხელჩაკიდებული ბავშვები, დარიგებისას თავისას რომ ფიქრობდნენ, მორჩილი, ყავისფერხელება მოხუცები, რომლებმაც როდის ჩაუარეს რაღაც დიდსა და მნიშვნელოვანს გვერდი, არც კი იცოდნენ და ახლა მაინც საოცრად მშვიდნი, რაღაცა უმნიშვნელოს შეგუებულნი, ფრთხილად მოაბიჯებდნენ; საკუთარი თავით უზომოდ აღტაცებული ქალიშვილები და ადრე მოტეხილი ქალები, მაინც ჭრელა-ჭრულა თავსაფრებითა და მძივებით, ბრმები, საოცრად დაძაბული სიმშვიდით სახეზე, ბიბო, პირველი ყმა, აუღელვებელი, დალაგებული, სხვისი პურის მჭამელი და მაინც გულის კუნჭულში მიმალული მტრობით, გვეგვე, უხალისოდ მომავალი, მისთვის უმიზნო დღესასწაულზე დუნედ, უგულოდ გაბრაზებული, გამოუცდელი ყმაწვილები, გოგო-ბიჭები, რესას შავოსანი დედა... ხალხი მოდიოდა! ისინი დაღმართში მოაბიჯებდნენ, ლოდზე შემდგარ მამას უკვე ესმოდა მათი ფეხის ხმა, მოდიოდნენ ჯგროდ, არეულნი ნაჯახებითა და ნედლი, დრეკადი რტოებით ხელში, ბღაოდა საქონელი, ურმებს გამობმული ძაღლები ჰყეფდნენ, ისინი კი ხმაგაკმენდილნი ჩამოდიოდნენ ბორცვზე და როცა დილის სუსტი და თვალისმომჭრელი მზე ირიბი სხივებით გაანათებდა ფერმკრთალ, ღამენათევ სახეებს, ყველანი მაღლა სწევდნენ ხელებს: უცნაური ტყე მოდიოდა მამისაკენ, არეული ტყე - რტოები, ხმლები, ნამგლები, ყვავილები, თოხები, ბარები, ჩვილები, ნაჯახები... და ვიღაც ერთი, სახელოში ბატის ფრთას მალავდა, - ხალხი, ხალხი მოდიოდა! მძლავრად, ღონივრად ახლოვდებოდნენ, შედგნენ, მამას მიაპყრეს თვალი-მომლოდინე; ის ლოდზე იდგა, ლოდივით კუშტად შემართული, გახევებული: - ყველანი აქ ხართ? - იკითხა მამამ. - ყველანი, დიახ, - გაეპასუხა პირველი ყმა, ლოყაზე მიიდო მაჯა და სახელოში მორიდებით ჩაახველა. - ყველანი აქ ხართ? - გაიმეორა მამამ, - ვინმე ხომ არ დარჩა... წესი იყო ასეთი, ორჯერ მაინც უნდა ეკითხა ეს, და ბიბომაც არხეინად მიუგო: „არავინ, არა“, და დაქიჩმაჩდა, რადგან მამამ თქვა: - აის ვიღაა... მაშინ - სადაა... აბა... - აი იქ, იქით... სულ სხვა მხარეს, კოშკისკენ წაეღო გაშვერილი ხელი მამას, პირი იბრუნა ხალხმა, თვალი მოჭუტა ბიბომ: - ვინა, აისა? - შეფიქრიანდა, - ისა, ლოდია... - ლოდი კი არა... - შეიჭმუხნა ცალთვალა გლეხი, - ლოდი, პირიქით, გულზე ჰკიდია... - ასე დაბალი? ალბათ ბავშვია... - თქვა დიდმა გლეხმა. - ეგებ ჯუჯაა... - ლოდი კი არა, ჯუჯაა, ხალხო და კუზი ადევს გულზე!.. - მგონი, ბელია... პირმოკუმული იმზირებოდა იქით, კოშკისკენ, ლოდზე შემდგარი მამა. კრინტს არა სძრავდა, და შექუჩებულ, უცნაურად აღგზნებულ ყმათა წამოძახილებს შუბლშეჭმუხვნილი უსმენდა. - ეგებ, ქურდია... - ეგეთი ჯუჯა? - გიჟი იქნება. - დილაადრიან? - თუ ბავშვია და... - ბავშვი არაა! - წამოიძახა კოჭლმა ყმამ, ძაან აღელდა, - არაა ბავშვი! - აბა, ჯუჯაა? - არა, არც ჯუჯა... მუხლებზე დგანა! გაფაციცებით აკვირდებოდნენ. - აგე, შეირხა... - სადაა, აბა... - აგეე, იქა... უფრო დადაბლდა. - პირქვე დაემხო! ...და გარბოდა იგი, დომენიკოსკენ გარბოდა ყვრიმალებდაბერილი მამა. ჯერაც ნამშეუმშრალ, გაზაფხულით დარბილებული მიწიდან ყრუდ და ღონივრად ამოისმოდა მისი შიშველი ფეხისგულების ბაგბუგი, და იქაურობის, იმ არემარის - მაღალი სოფლის გული სცემდა ძალუმად თითქოს, შორიდანვე თვალმოკრული და შებრალებული დომენიკოსკენ გარბოდა მამა, და მის მორკალულ - ნეკნებ, ხერხემალამობურცულ ზურგზე დავარდა, ეხვეოდა და, ეფერებოდა, გაზინტლულ თმაზე ნაზად და ხარბად უსვამდა გრილ, ხეშეშ თითებს, ძალიან გამხდარ, სიფრიფანა, საცოდავ მხრებზე ეამბორებოდა მას... გონს მოდიოდა ღრმად დაძირული, ლამში რბილად დაფლული დომენიკო, თავისი სოფლის მიწას სუნთქავდა, შეკრთა და თვალი გაახილა, ოდნავ გადახარა მოფერებული თავი, ლოყით დაეყრდნო მიწას, და ამოხედა - თვალში სინათლეგამოცლილი, მძიმედ მოტივტივე ლაქად აღიქვამდა სპეტაკ სახეს და „ისაა... ის...“ - რომ გაიფიქრა, გამხნევებული, დაიძაბა, თვალებად იქცა, ღელავდა როგორ, და იმ ლაქიდან მამის სახე გამოარჩია. წამოიწია დომენიკომ, მუხლებზე დადგა, ხელები მამისკენ აღაპყრო; ერთბაშად შემდგარნი, ადგილზევე ყუჩდებოდნენ სირბილით მოქოშინებული ყმები - რაღაცა უნდა მომხდარიყო და, თავად მამაც, მუდარადქცეულ თვალებში ჯიუტად ჩასცქეროდა დომენიკოს, იმის ლოყებზე თითები მაგრად შემოეჭდო და ისე... მგზავრმა კი სასწაულით შერჩენილი, ღონის პაწია ნამცეცი მოიკრიფა, დახეთქილ ტუჩებზე გაიხახუნა მშრალი ენა და, მისუსტებული შეევედრა: „მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა... და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა... - სულს ძლივს ითქვამდა და, თავდახრილმა, დააყოლა, - არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი“. თავჩაქინდრული, მუხლებზე იდგა, ყოვლად უმწეო, უსუსური, განაჩენს უცდიდა - თითები შეუშვა მამამ. მაგრამ ჯერ ისევ წინგადახრილი, გახევებული იდგა, დაკაწრულ მხრებზე ჯიუტად დასცქეროდა. - მაგან შეჭამა საცხოვრებელი შენი მეძავთა თანა... გაისმა იქვე. ეს - გვეგვე იყო, მამა კი წელში გაიმართა, ძლივას მოსწყვიტა დომენიკოს გამკაცრებული თვალი, პირი იბრუნა, კოშკისკენ ხელი გაიშვირა, თქვა: - გამოიღეთ სამოსელი პირველი, და შეჰმოსეთ მას. *** ბურანში იყო. უბედნიერესს, მშიერ-მწყურვალსა და გადაქანცულს ისე, თავის აწევაც ვეღარ შეეძლო, ფეხები ეკეცებოდა... მისავათებულსა და წელმოწყვეტილს, იმ მზიან დილით უდროო ბინდი ეძალებოდა, და ძილ-ღვიძილში ბუნდოვნად გრძნობდა, მხარში რომ შეუდგნენ, ფრთხილად მიაჩოჩიალებდნენ სადღაც. ააჰ - მამის ხათრით, სხვებსაც უყვარდათ... და უცნაურმა ელვარებამ მაგრად დახუჭული თვალებიც კი მოსჭრა - მოირწეოდა კოჭლი ყმა, ცალ მხარეს ყურით უნისკარტებდა ჰაერს, სასოებით გამოწვდილ ხელებზე უძვირფასესი კაბა გადაეფინა, და კოჭლის ყოველ გადაზნექაზე ღონივრად, ფერადოვნად იფეთქებდა ხოლმე, მჩხვლეტავი სიკაშკაშე გადასდიოდა, და მიახლოებული ყმა რომ შედგა, მაინც ადგილზე ელვარებდა, დილის ამღერებულ მზეზე ხიფათიანად ჟივჟივებდა, იწელებოდა სამოსელი პირველი... ისევ ჩაექინდრა მგზავრს, დომენიკოს, თავი, და მკრთალად იგრძნო, ძვირფასი თვლებით დამძიმებული სამოსი დაკაწრულ მხრებზე ფაქიზად რომ მოარგეს, მერე კი, სადღაც, სკამზე დასვეს და ალერსიანად გადაუწიეს თავი, დიდ, უზარმაზარ პეშვზე დაიდო ვიღაცამ იმისი კეფა, და ორიოდ ყლუპი წყალგარეული, წითელი ღვინო ფრთხილად შეასვეს... შვებით გმინავდა საბრალო, მგზავრი - მრგვლად უშველებელ სპილენძის გობზე იდგა, და გაზინტლულ, წვირიან სხეულს გულდასმით ჰბანდნენ, ეკლებს უღებდნენ; ნაიარევთან, მხარზე, მთლად განაზებულ ხელისგულს მორიდებით უსვამდა კოჭლი... ჩაიკეცებოდა დომენიკო, დიდ გლეხს რომ არ სჭეროდა, ეძინებოდა ისე... ტილოს შარვალ-ხალათი ჩააცვეს, ადგილზე ბარბაცებდა და, კვლავაც თვალდახუჭული, სისუფთავის გრილად მშვიდ სურნელს მთელ სხეულზე მალიმალ გრძნობდა; განბანილი და რულდატეხილი, მადლობის სიტყვებს უღონოდ, დუნედ ლუღლუღებდა და, მაგიდას მძიმედ დაყრდნობოდა ორთავე ხელით, მაჯის ფრთხილი, გახსენებული მოძრაობით თიხის ჯამიდან ხის მადლიანი, მსუბუქი კოვზით იღებდა მომჟავო წვნიანს - ცეცხლიდან ახლად გადმოდგმულ, ორთქლადენილ მაწვნის შეჭამანდს, ხმიადჩაყრილსა და პიტნით შეკაზმულს, თვალდახუჭული, სულს უბერავდა; და რბილ ლოგინში ჩააწვინეს, საბრალოს, ისე უხაროდა, რომ ვერც იძინებდა ერთხანს, ბურანში ასე და ამგვარად - თავზე საბანგადაფარებულს ერჩია ყოფნა, ძილი არ სურდა, და უცებ ბლანტედ იქაც წამოწვა - სიზმარში იყო... იმ მოიისფრო, უცხო სარდაფებში, იქაც კი, იქაც - დაღლილს, ეძინა... და რომ შებინდდა, შუაგულ სოფელში დიდი, მაღალი ცეცხლი დაანთეს, ლოდების უზარმაზარ გროვაზე დაეხვავებინათ შეშა, მცირე რამ წკირით ააალეს ფიჩხი, და სქელ მორებშუა ჯერ იყო და, დინჯად დატრიალდა სითბო, რადგან ახალი ცეცხლი აუჩქარებლად ირჯებოდა, წყნარად იწვოდა, მსუბუქად მიხოხავდა, მერე ხმელ შეშას ადვილად მოედო, თრთოლვით მიეწება, შიგანში გაუჯდა, და ჯერ ალაგ-ალაგ აატკაცუნა, გაფიცხდა მერე და ნედლ კუნძებზეც ააშიშხინა ხეთა ნატიფად გრილი წიაღიდან ცრემლებად გამონადენი სისოვლე, და ცეცხლის ირგვლივ განათებული ჰაერი მძიმედ ალივლივდა, კოცონსიქითა ხალხს გულზე ხელებგადაჭდობილი შესცქეროდა მამა. მისი სოფლიდან, მისიანები იყვნენ... ცეცხლს შესცქეროდა ხალხი, მოწიწებულ მზერას ვერ აშორებდნენ, და ფართოდ დახელილ თვალებში თუმცაღა ახტუნავებული ცეცხლი უელავდათ, სახეზე მაინც მორჩილება გამოსახოდათ, უჩვეულო სანახავები იყვნენ, აგიზგიზებული, ძალამოკრეფილი, ცისკენ აწელილი ცეცხლი კი მუქარიანი გუგუნით ნთქავდა დიდ მორებს, კუნძებს, ავარვარებული, დაბზარული ნაკვერჩხლები ლოდებშუა ცვიოდნენ, სახე აწითლებოდა ხალხს, მკვეთრი ჩრდილები გადასდიოდათ, სუნთქვაშეკრულნი უმზერდნენ ცისკენ აპოტინებულ როკვას - რა გაბედულად, და რა სისხარტით იწელებოდა ალი, და ავი თამაშის იშტაზე დამდგარ ცეცხლს თავისივე გუგუნი იდუმალი, წამქეზებლური დოლის ხმად ახლდა, რა ცეკვა იყო! შემოჯარულ ხალხს მკვეთრად გამსხლტარი, წაწვეტებული აჩრდილები დაუზოგავად ეხლებოდა, და შორს კი, იქით, გაცრეცილი და დაბლაგვებული, ზმანებასავით მოლიცლიცე რამ, აიმ კედელზე, ახლად გამოღვიძებული მგზავრი დაუდევრად რომ შესცქეროდა, მკრთალად ფართხალებდა და - სად ვარ! - ერთბაშად წამოჯდა დომენიკო, ფანჯრისკენ სწრაფად იბრუნა პირი - აიქ, სოფელში, დღესასწაულის კოცონი ხტოდა, მონატრებულ ცეცხლს ხარბად, იმედით შესცქეროდა მგზავრი, მაგრამ იქვე, ოთახში, უცხოდ გრძნეულმა ელვარებამ თვალი წაართვა - სუსტად მოკიაფე სანთელქვეშ, ტახტზე გადაეფინათ მისი კუთვნილება - სამოსელი პირველი. დაძაბული და წინგადახრილი, სწორედ იქითკენ გაეშურა, ფრთხილად ადგამდა შიშველ ფეხისგულებს, სამოსელ პირველს მორიდებით ეპარებოდა - რა კაბა იყო მაინც, რამდენი ოქრო, ცხვარი, შუშხუნა, რამდენი ქალი იმალებოდა ამ აბჟუტებულ, ყინულოვან ციალში, სამოსელ პირველს - აჰ, რაოდენი რამ ეკუთვნოდა, რას არ იყიდდა... მოჯადოებული დასცქეროდა ამ გასაოცარ, ლამაზად აკინძულ განძს, რა თვლები იყო ასეთი მაინც, რა და რა ფერი გადასდიოდა... შემცივნებული, მხრებში მოკუნტული დასჩერებოდა და მერე შიშით მიმოიხედა, მაგრამ სხვა რამ შესამოსი ოთახში არაფერი იყო და, გამხნევებულმა, ფრთხილად, სასოებით, მოკრძალებულმა წაავლო ხელი... იქ კი, კოცონთან, გლეხები თავიანთ სამოსს - ხალათსა და დაბამბულ ჯუბას ღონიერი თითებით აგლეჯდნენ უსახურ ნაჭრებს, თვალებს ხელისგულით იჩრდილებდნენ, ფრთხილად უახლოვდებოდნენ ცეცხლს და თავიანთი სხეულის სითბოშეყოლილ ნაგლეჯს ალში ისროდნენ - ასე ამბობდნენ, თითქოს ისინი, ამსოფლელები, დიდი ხნის წინათ ციდან ჩამოვიდნენ და წინაპრები იქ დარჩნენ და ტანსაცმლის ნაგლეჯს აქაური ამბებიც სხეულიდან შეჰყვებაო, ასე ეგონათ, ასე ამბობდნენ, და სხეულის სითბოშეყოლილი ნაგლეჯის კვამლიც ხომ მაღლა ადიოდა, ცაში, და ცადდარჩენილებს მათი ამბავიც ვითომ კვამლად აუვიდოდათ, ასე ამბობდნენ, სჯეროდათ ასე, და განათებული ცისკენ მიფარფატებდა აის ამბავი, დიდი, სევდიანი გლეხი თუ როგორ შრომობდა, საქათმეს შეჩვეული მელა ხაფანგში როგორ გააბეს, პურსა სთესდნენ და, დანაწვიმარზე როგორ ამოასუფთავეს წყარო, რომ დღით - მიწას ხნავდნენ, ეძინათ ღამით, და თავდახრილი გატრუნულიყო გვეგვეს ცოლი - ქმარი არ უყვარდა, და ეჩქარებოდა თავის ნაჭრიდან კვამლის აფანტვა; ვიღაცას შვილი ავადა ჰყავდა, და ნაღვლიანად იწეწებოდა კვამლი, გაბმულად, რწევით ადიოდა მათი ამბები იქ, მაღლა, ცაში - თუ როგორ დააგუბეს წყალი, დამჯერი ძაღლი მეტისმეტობით როგორ გაცოფდა, რომ ზამთარს ყველა ხე გადაურჩა, თეთრშუბლა ცხენი როგორ დაჭედეს, ძაძას აგდებდა ცეცხლის განაპირას რესას შავოსანი დედა, მგლებმა ფარეხში ძროხა დაგლიჯეს, და რომ ქათმები კინაღამ ერთიანად გაწყვიტა ჭირმა, ცას შესცქეროდა სევდიანი, მაღალი გლეხი - ნეტა იქ, ცაში, ფრთოსნები ჰყავდათ? ყიოდა რამე? გამართული და თავაწეული, უნებურად გაამაყებული, მძიმედ ახლოვდებოდა დომენიკო, და უცნაური სანახავი იყო: ფეხშიშველს, ტანთ უძვირფასესი კაბა - სამოსელი პირველი ემოსა, და შორსვე, ბნელში უამრავი კაშკაშა სხივი ავი ჟღრიალით იწელებოდა... იისფრად ციაგებდა დიდი ამეთვისტო, მინანქრით მოჭედილ საყელოსთან მიბნეული, მწვანედ ლივლივებდნენ ზურმუხტები, მთელი კაბის სიგრძეზე მწყობრად დატანებულნი, ყოველ ზურმუხტს შორის ლურჯად კამკამებდნენ საფირონები, წითლად ღვიოდა, აშუქებულიყო ლალი, გვერდით კი ყოველ ქვას წყვილი მარგალიტი ებნია; მთელი კაბა ოქრომკერდით იყო მოქარგული, ცივი, ყინულოვანი ციმციმით ერთმანეთში ხრაჭუნით იფშხვნებოდა უამრავი ყვითელი ნამცეცი, კოცონის ახტუნავებული ალი უწესრიგოდ ფეთქავდა მთელ სამოსელზე, ალმასებიდან კაშკაშით ისხლიტებოდა, სისხლისფრად იშმუშნებოდა ძოწი, ყვითლად შემოჯარულ ოქროში ავად კიაფობდა თლილი ბრილიანტი, ეს - დომენიკო ახლოვდებოდა, ფერადი ელვა მიუძღოდა და ყოველი ნაბიჯის გადადგმისთანავე ელვარება ემატებოდა, უფრო და უფრო თვალისმომჭრელი ხდებოდა სხარტად დაკლაკნილი, გამჭვირვალე და თან დაბინდული, ფერადოვანი გრძნეული შუქი, და ზედ კოცონთან შედგა დომენიკო, ცეცხლით დაჭმუჭვნილ, დაკრუნჩხულ ნაფლეთებს შუბლმოღრუბლული დასცქეროდა, რა იყო ნეტავ, ნეტა რა ამბებს გზავნიდნენ ძალიან მაღლა, ზემოთკენ, ცაში, და ძვირფასი კაბით უნებურად გაამაყებული, ამ ახტუნავებულ შიკრიკს - კვამლადენილ ცეცხლს ეჭვით შეპყრობილი მიჩერებოდა. ირწეოდა და იკლაკნებოდა დაუნდობელი, ფაქიზი ალი, ხან ნატიფი, თხელ ფარდასავით ცახცახებდა, ათასგან იბზარებოდა და მსუბუქად, მშრალად კოწიწდებოდა მერე, და ისევ დაფლეთილ ენად აიკლაკნებოდა, ამბებს ჰყვებოდა, როგორი რისხვით იძენძებოდა, და ცეცხლის წამიერ ბზარებს მიღმა გაოგნებული იცქირებოდა დომენიკო - კოცონის იქით თავად მამა, თვით მამა იდგა! კოცონის მიღმა, გავარვარებულ, ატორტმანებულ ჰაერში ულივლივებდა მთელი სხეული, ზმანებასავით ეწელებოდა და ეცვლებოდა; დროდადრო ცეცხლით იფარებოდა, ეწეწებოდა ნიადაგ მშვიდი, მკაცრად მართალი, სევდიანი სახე, ახლაც შემართული და მოუღლელი, ღამენათევი, იმ სწრაფი კლაკვნით აძენძილ ცეცხლში განატარებ, მცხუნვარე მზერას შვილს, დომენიკოს, ვინაც უყვარდა, ცნობისწადილით შეპყრობილი, არ აშორებდა - რაღაცა სურდა დომენიკოსგან თავად მამას, რაღაცა სურდა... აწრიალებული, ამას კი მიხვდა დომენიკო, მაგრამ რა უნდა მოემოქმედა, ვერაფრით ჩასწვდა, დაძაბულსა და წინგადახრილს, ორად მოკუნტულს მერე, მამისკენ ვედრებით აღეპყრო მზერა, ოფლით გახვითქულ, ცეცხლით დროდადრო ალაპლაპებულ სახეზე ყალბ პირსახოცად ეხახუნებოდა კოცონით ახტუნავებული ჩრდილები, მამისკენ ხელები გაეშვირა, გაფარჩხული თითებით ემუდარებოდა რაღაცას - თუნდ მცირე ნიშანს, ან რაიმეს თქმას, მაგრამ აჰ, არა - ხალხს შესცქეროდა ახლა მამა და, დომენიკომაც, ზედ კოცონთან შემდგარმა მგზავრმა, თავისი სოფლის სიტყვაძვირ ხალხზე გადაიტანა თვალი-მაძებარი - ისინი, ყმები, თავიანთ უბრალო, წყნარ და მიმოუკიბავ ამბებს ცეცხლის წყალობით იქ აგზავნიდნენ - ძალიან მაღლა, ზემოთკენ, ცაში, და მაწანწალა კვამლის მეშვეობით, ზემოთ ამბავი მიტივტივებდა, ისევ მიაბჯინა სიხარულით მიკარგულმა დომენიკომ ცეცხლით განწმენდილი მზერა მამას, და სამოსელი შემოიძრო, მაგრად ჩაბღუჯა, მოიქნია და შიგ იმ ცეცხლში, სამოსელი პირველი... სამოსელი პირველი ბადესავით მოისროლა! დინჯად დახარა მამამ თავი, რა შემართული, და რა ვალმოხდილი თითქოს, ისე იდგა, მთელი ხალხი კი, პირდაღებული, ამ უცხოდ ამაღლებულ, აღზევებულ სეირს თვალდახუჭული შესცქეროდა - ცეცხლი ალერსით ედებოდა სამოსელს პირველს, ქვემოდან ნაზად შეუჯდა, ზემოდან თრთოლვით დასცახცახებდა, პირველი კვამლიც მსუბუქი ტანჯვით აიზნიქა სამოსლიდან და - ეს, დომენიკოს ჭრელი ამბავი, გრძელიც და მოკლეც, ახლა ფიორა კვამლად ადიოდა ზემოთკენ, ცაში, ეს - დომენიკოს ნებსითა თუ უნებლიეთ თანამგზავრნი, ჰოი, რა მკვეთრად განსხვავებული, ხალხი იწვოდა! და ჯერ იყო და, სწორედ იმათ, შორიშორ ნაცნობთ, მოედო ცეცხლი, ეს - ოქრომკერდი სწრაფად იწვოდა, ერთი თვალისგადავლება, შორეული ხალხი - მოკირწყლულ ქუჩებში არხეინად მიმომავალი ლამაზ-ქალაქელები, დროდადრო - გრილ შადრევნებთან ჩამომსხდარნი; პირბადიანი ქალები, ჩახუჭუჭებულ ძაღლთა კოხტა საბელით გამასეირნებელნი, ხელქოლგიანნი, ვარდისფერსა თუ ცისფერ კაბებზე კოხტად დასკუპებული დიდი ბაფთებით; უსაქმურობისა გამო იქაური ჭორიკანა მამაკაცები, კაი სმა-ჭამის, ძილის, გართობისა და ძალად ხარხარის, ფანტის თამაშის, ჭუჭრუტანაში წაკუზულად ცქერის მოყვარულნი; იმათთან ერთად, კამორელებსაც მოეღოთ ალი - იქ, კამორაში, მარმარილოს კედლებს მიყრდნობილნი, მთვლემარენი ვითომ და როგორ დაძაბულნი, აკრეფილნი როგორ, თვალს არიდებდნენ ერთმანეთს, ფრთხილად ჩავლილებს კი ცივად ანთებული მზერით შეაცქერდებოდნენ კეფაზე, ზურგზე... შენიღბულები, თვალებამოქარგული ფარდებიდან იმზირებოდნენ, ხოლო იქით, შორს, სერტანელები დააჭენებდნენ მოსხლეტილ ცხენებს, რა ხალხი იყო... - ყველა იწვოდა. და ბაზრობათა ქალაქის უფერულნი და ერთნაირები დაახლოებით, მცხოვრებნი, - მატყუარა და შიშის გამო ზომიერად ფლიდი ვაჭრები, ვაჭრუკანები, მოგების ეშხით დიდში, მთავარში მუდამ წაგებული, საცოდავი ხალხი... და პირველად სწორედ იმ ნაცნობს, ყოვლად მიჩქმალულს, გამოურჩევს, აიმ მიქელეს მოედო ცეცხლი, ყმაწვილ კუმეოს ოქროს ძეწკვისა გამო თავი რომ სდრუზა, იწვოდა კუმეოს წილი ოქრომკერდიც, გახსოვთ ალბათ ის - ღორმუცელობისა გამო უშუალო ჭაბუკად აღქმულ-შეყვარებული ნაზი კონჩეტინას მიერ, იწვოდა თვითონ კონჩეტინა და წამდაუწუმ მხიარული ქალიშვილებიც, იმათი ამბავი ძალიან მსუბუქ, სიფრიფანა კვამლად ადიოდა ცაში, ასევე მიფარფატებდა სილვია, ვინაც არ იცოდა ამხანაგობა, რადგან მიჯნური წაართვა დაქალს და მიჯნურწაგვრილი როზინა, აი სწორედ ის, ჭალაში რომ იყო, ჭალაში ყოფნას ვერ დავუკარგავთ, ძალიან ვერა, და მისი მეტრფე, თმაგაპრიალებული ცილიო, ქალების წუწკი, იმისი ძმაკაცი ტულიო, ლამაზ-ქალაქელთა აღიარებული ახალგაზრდა სასიამოვნო კაცი - თავგადაგდებით ახარხარებული, დროსმტარებელი, თავშესაქცევ ამბავთა კოხტად მოყოლაში გაწაფული, მრავალ სახელოვან ოჯახად პირველ წყებაში მიპატიჟებული, მხნეობით აღსავსე, ხალისიანი და ბოლო-ბოლო - მათხოვარი მაინც, და იმის გვერდით შემთხვევით მოხვედრილი უწყინარი მღებავი ანტონიო, ვისაც დიდი თვალები ერთთავად ზრუნვით მიებჯინა სიძე ვინსენტეზე, რომლის გუნება-განწყობა, საქციელიცა და სიტყვა-პასუხი დიდად იყო დამოკიდებული იმაზე, საყელო შებნეული ჰქონდა თუ არა, სიძე-ცოლისძმის გამამწარებელი, ვეება ახვარი ჯუზეპე, ვისაც სანაქებო კუნთები ფიქრისას ძალიან ებერებოდა და იმისი გამლახავი დინო - პატარა, ღირსეული და ცქვიტი... მართლა, არტურო - ძლივს გამოირჩა ჟრჟოლადავლილი სამოსლიდან ლამაზ-ქალაქელი ცბიერი, ხარბი მასპინძელი, ჯანმრთელი ცოლ-შვილით - ეულალია-ჯანჯაკომოთი და იქვე იყო დედამისიც, ყოჩაღი მოხუცი სივილლა, და სათათბიროდ მიწვეული სისხლით ნათესავ-ახლობლები, რომელთა შორის გამოირჩეოდა კაცი, ვინც გრამატიკის სიღრმეებს წარმატებით ვერ ფლობდა... და თვით ამ სამოსელს, სამოსელ პირველსაც კი ჰქონია თურმე ყალბი თვლები, და როგორც კი ოდნავ წაეპოტინა ცეცხლი, მაშინვე დაიბზარა და დასკდა ჭყეტელა ქვები, ეს - ორჭოფულ კვამლად მიჩინდრიკობდნენ ზევით მითომ დარბაისელი სენიორ ჯულიო, და ლამაზ-ქალაქელთა მრჩეველი, დიდებულ მოსაუბრედ აღიარებული დუილიო, როგორიც იყო და მისი ყველაზე ერთგული მსმენელი, უშნოდ აცუნდრუკებული დედაბერი, მამიდა არიადნა, ვისაც ბედმა თუ ცხოველმა წარმოდგენამ ცხოვრებაში ნამდვილ მამაკაცს, ვასკოს შეახვედრა, და სამივესი ყალბი განცდები ახლა, აქედან, მაღალი სოფლიდან, ზეცაში, კიდევ უფრო მაღლა, კოცონს აჰქონდა... და რინალდოც კი ამობჟუტდა, ალბათ არ გახსოვთ - საუბრისას მხოლოდ დროდადრო გაყიდული, დახვეწილი გაიძვერა, ლამაზ-ქალაქის ბაღში მესამე კაცად ნამყოფი, ვისაც თერთმეტი წლის მკვლელის ამბავი სულ უშედეგოდ უამბეს; მწარედ იგრიხებოდა ყოვლად გამოუცნობი, თავდაჭერილი სერვილიოც, დუილიოს-ძე, ვისაც კამორელებთან რაღაც ფარული საქმეები აკავშირებდა... იწვოდა ის უთქმელი, მამიდა არიადნასთან სტუმრად მისული უკბილო კაცი, რომლის თვალთმაქც საკრავსაც სულად უცხო, ცვალებადი ფრინველი ჰყავდა, და მის ძვირფას ქვას, ერთ-ერთ საფირონს, ძვირფას ქვათაგან პირველს გაუჯდა მაძებარი ალი, და ერთი, ყველაზე მაღალი ქვის გარდა, დანარჩენები უკლებლივ რომ აავარვარა ცეცხლმა, სიმხურვალისგან წამოიმართა სამოსელი პირველი, განცვიფრებისგან, მოგუდული გმინვა დასცდათ ამ უცნაური სანახაობით ისედაც გაოგნებულ ყმებს - სამოსელი პირველი შუაგულ ცეცხლში, ატორტმანებულ, მხტუნავ ჰაერში სულ უარაფროდ, თვითონ, თავისით, შუაგულ ცეცხლში წამომართულიყო და იდგა, ეკიდა!.. ძალიან ძნელად, და ზომიერი თანდათანობით იფერფლებოდა ძვირფასი კაბა, ქვედა თვლებს მაგრად გაუჯდა ცეცხლი და, ერთ ადგილას, განსაკუთრებით ძნელად იწვოდა - ეს ახალგაზრდა გიჟი, უგო, ნამდვილი დანით ოფლიან ხელში, გარინდებული იმზირებოდა და ყინულოვან თვალებში ხანდახან დონდლო, ნაცრისფერი თევზები ეკლაკნებოდა, ჩაბინდული სიწითლე შემობურვოდა, ძოწისა იყო; იწვოდა ალექსანდრო, ქადაგად დავარდნილი, გიჟად წოდებული, ლამაზ-ქალაქში ყველაზე ნაღდი, კაქტუსოვანი, კეთილი კაცი... მისი ამბებიც - ამბავი თერთმეტი წლის მკვლელზე, ზღაპარი ბალახისფერ კაცზე, უცნაურად აღტყინებული საუბრები სცენიდან, ქუჩაში, ბუნების წიაღსა თუ ოჯახად, წამოძახილ-შეცხადებანი და სხვა, და სხვა, ერთ-ერთ საფირონში იწვოდა, და საფირონშივე ციაგებდა პატრიცია, სასაცილო ქალი, ვისაც ქმარი ინტელიგენტი ეგონა და ის კი თურმე გლახა ქალებში დადიოდა, წარმოგიდგენიათ? იწვოდნენ თვით გლახა ქალებიც - ლაურა და ტანგო, და ნამდვილი ქალი ტერეზა, თლილ ბრილიანტში კაშკაშებდა, ყვითლად შემოჯარვოდა ოქრო, საღამოობით აიქ, თავის ოთახში, თბილი წყლით სავსე დიდ კასრში იჯდა ხოლმე ქალი, ტერეზა, და გასაპნული მხრები უბზინავდა, ახლად დაბანილი, ჯერ კიდევ სველი თმა ლურჯი თავსაფრით მაღლა აეკრა და ღიმილისას მხოლოდ ცალ ლოყაზე ეჭუტებოდა პაწია ფოსო, რა ქალი იყო, ან რა ხმა ჰქონდა, დოინჯშემოყრილი, როგორ იდგა და იღიმებოდა, როგორ დადიოდა, იქ მაინც, ბურუსში... და გრძელი, ვრცელი ზამთრის ღამის მწვავე თამაშები, დიდი იისფერი საბანი, იქ დომენიკოს მკლავზე ეძინა, რა მკლავზე მერე, ეჰ, ტერეზა კი არა, ხელბოხჩიანი ქალიც კი, ლანდოს მოლოდინში უთავბოლოდ ალაპარაკებული, ლამაზ-ქალაქის მისადგომებთან პირველი რომ ნახა, ისიც კი ჩანდა წამომართულ სამოსელზე, ოქრომკედში, და სევდიანად, ყრუდ მწუხარებით აელვარდა კიდევ ერთი ქვა - ედმონდო იყო, დაძაბული, მუდამ ტანჯული ამხანაგთმაძიებელი, - კიდევ კარგი, რომ ამაყად მოკვდა, მწვანედ, ზურმუხტად მიიღველფა და, საკვირველებავ, აის ქალიც კი გაახსენდა, საყელოჩამოგლეჯილმა ვინსენტემ, მთვრალმა, ერთ-ერთ ქორწილში დაუნდობლად რომ უბწკინა - ვინმე გრაციაზა მატირელლი, და ორი კინკილა ქართველი მოგზაურიც - ჰაინრიხი და დრაგომირო, ტყუპად იწვოდნენ, ყველანი იყვნენ სამოსელზე თითქოს, ის უბედური ქალებიც - უგოს ბებია, ედმონდოს დედა, „და ყველაფერი რიგზეაა“, მორცხვად მოისმა ცეცხლიდან თითქოს, ეს - თვინიერი ლეპოლდინო, ლამაზ-ქალაქში ღამღამობით რომ დააბიჯებდა, ღარიბი, საცოდავი, ხახვსა და პურზე რომ გადადიოდა, რაღაცა ფაჩუნს ყურმოკრული, ფრთხილად შემდგარიყო, ძირს დაშვებული ფარნით ხელში, და შიშველი, დაგვემილი, ნატანჯი ფეხები თითქოს იაფ შარავანდედში ედგა... და სულ სხვა ხმაზედ დასძახოდა შეწერილ სიტყვას - „გეენიიაალურააადააააა“ - კამორელი ღამის დარაჯი, გოროზი კაეტანო, თვით მარშალ ბეტანკურს, ტანხვლიკიანს, კატა-არუფიანს, საიმედოდ დახშულ-დალუქულ ოთახშიაც კი სწვდებოდა მისი ხმა, ოღონდ მინამ ცოცხალი იყო... იქვე იწვოდა გრანდისსიმოჰალლეს უახლოესი დამქაში, ყოჩაღი გრანდჰალლე პოლკოვნიკი ფედერიკო სეზარ, და ცხვირში მოდუდღუნე ზედამხედველი ნავოლე, და ერთთავად სულ სხვა, არა საჭირო ადგილებში აღმოცენებული კაპრალი ელიოდორო და ბალიშით მუცელგამობერილი მისი ცოლი, შიშველი ანისეტო, წელიწადის დროთაგან ძალიან რომ უყვარდა ზაფხული და პირიქით - ზამთარი, კამორელ წარჩინებულთა მცველები, სერჟანტები, მემასსაჟენი, შიკრიკები და დილის ქალები, მალემსრბოლები, სმენადახშული მუსიკოსები - საწამებლის კართან პირზე საკრავმიდებულნი, გამზადებულნი რომ იდგნენ, ცოტათი მუდო გენერალი ხორხე, გამჭრიახი ადმირალი ციცკა, ლამაზ-გენერალი, ვისაც ქალად გადაცმისას მხოლოდ მკერდის არეში სჭირდებოდა ბამბის დამატება, დამსჯელი რაზმის კეთილ-გენერალი - მსხვილმანი ავაზაკი ორფეხი რამოს, პირველი თავზეხელაღებული რიგობერტო, ვისი ნაყოფიც ძალისძალათი შეანარჩუნებინეს საიდუმლოდ გადაბირებულ დილის ქალს და რიგით მეორე თავზეხელაღებული - გაბრიელი, მეტისმეტად, ზედმიწევნით თავაზიანად რომ საუბრობდა; ცალი ღამით მასპინძელი სკარპიოზო, ეშმაკი, ბრიყვი, ყველა ისინი, ყველანი იწვოდნენ - ბრიგადელები, კორპუსელები, ინტელიგენტი ქალები, ინტელიგენტურად რომ ევაჭრებოდნენ პოლკოვნიკ სეზარს, სუსხიანი დილით შილიფად გამოსული, რძის რიგში მდგარი მხრებშიშველი ქალი, დილეგში ჩამწყვდეული ჟაგუნსოები, ოთხი სახელოებდაკაპიწებული ჯალათი, ელამი კამორელი - ამფსონი შეუმჩნევლად რომ დაბრიდა, გალიაში სულამოხდილი დემეტრიო, და იმისი სულთამხუთავი, მარშალის პირადი აღმსრულებელი - უძვლო კადიმა, მორიგეები, წვრილმანი გამომვლენები - თავის თავში შეყვარებული ჯუჯა უმბერტო და წრიპინა ჩიჩიო, რომ არ სუქდებოდა და ჭამით კი ძალიან ბევრს ჭამდა, და მსხვილმანი გამომვლენი, ბავშვობიდანვე ყრუ-მუნჯად შერაცხილი აბსოლუტურსმენიანი ესტებან პეპე, ვინაც ძალიან სუფთად კი მუშაობდა, მაგრამ კაატინგაში მაინც ყოფა ეტირა. იწვოდა დიდი მარშალის თანამეცხედრე - მერსედეს ბოსტონი, ლურჯად და წითლად შეღებილი ცივი, ფერადი ქალბატონი, ვინაც ნამდვილი სულ არ იყო და იმ კერპს, მოლოქეს ჩამოჰგავდა, და იმისი ხათრით საკრავთან მიმჯდარი დონდლო სტელლა - პოლკოვნიკის გაუსულგულოებული მეუღლე და ენერგიული სუზანნა-სუზზი, ვისაც სახიფათო სიყვარული ძალიან სწამდა... იწვოდნენ მერსედეს ბოსტონის ბინძურ დღეობაზე ფასიანი საჩუქრებით მისული სტუმრები, ათასნაირი განხრისა და მიდრეკილების ავაზაკნი, მოწამლული ხალხი, რომელთაგანაც გამოირჩეოდა ზედა კამორას დაწინაურებული ნაღები, მარშალთან დაახლოებული თანამდებობის ბედნიერ-დაძაბული პირნი - ხნიერთა დასის მეთაური პორფირიო სიძიანა, - ღამღამობით ნოხებზე მონადირე რამირეს კისპეთი, ლოყებჩამოკიდებული დიდვაჭარი არტემიო ვასკეს, მთავარ შემმოწმებლად აღზევებული ყოფილი ჯიბის ქურდი მოკლეხელება პედრო კარდენასი, გასაიდუმლოებული მექისე ალფრედო ევია, ფუნჯის დიდოსტატი, ქედუხრელი გრეგ რიკიო, პირში მთქმელი პროკურორი ნოელ, საქმიანად მომხიბვლელ ჭაბუკად აღიარებული გადაცმულ ჩვიდმეტთამეთაური მასიმო, კარის ტენორი ეზეკიელ ლუნა და სხვები. სხვები, სხვანი და სხვანი, მათხოვრებად გადაცმული ჩინოსანნი და ძვირფასად გამოწყობილი მათხოვრები - ზიზღითა და ცეცხლით ამღვრეული, აჭრილი თვალებით ბოროტ, უბედურ კამორელთა წვას შესცქეროდა დომენიკო, და აიმ იმდენ ბოროტ ელვარებაში სამი ქვა მაინც სათნოდ იწვოდა, და იმდენნაირი ჯურის ხარისხოვან ავაზაკთაგან იმედად გამოარჩია ლურჯი იაგუნდი, ეს - ოთო-ექიმი იყო, მისი კამორელი მამობილი, კეთილი ძია, თვალში სისოვლე წამდაუწუმ რომ ეძალებოდა, და საცოდავად იკრუნჩხებოდა ქარვა, ნახევრად ძვირფასი ქვა - დილის უმწეო ქალი, როსა, უკანასკნელი ორმოცი გროში რომ დაუტოვა სიყვარულისთვის, მადლობის ნიშნად, და კიდევ ერთი, შავად აციაგებული, ყველაზე ღრმა და იდუმალი ქვა - ორ გიშერთაგან ერთ-ერთი, ალექსანდროს უფროსი ძმის, მიჩინიოს ავად პატიოსანი ძვირფასი თვალი ცეცხლში იწვოდა... მაგრამ იმდენი ავაზაკის ცივ ელვარებას რას ეყოფოდა მხოლოდ სამი ქვა, იმოდენა ბრბოს სად გასწვდებოდა და აუარება ძვირფასი, ნახევრად ძვირფასი და ყალბი თვალის ატკაცუნებულ წვას მოკუნტული და გაოფლილი მისჩერებოდა დომენიკო, მგზავრი, და, აწრიალებულმა, მეორე გიშერს რომ დაადგა მოწყალების მაძიებელი, ჯიუტად გაფაციცებული თვალი, ჰეე, რა მწარედ ესიამტკბილა, რომ მასაც, მგზავრსაც, მშობლიური სოფლის გარდა, თავისი ქალაქი, თეთრი კანუდოსი, ჰქონდა - ჩვენ ხომ... - ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი ქალაქი, ოღონდ ხანდახან არც ვიცით ხოლმე, როგორ არა გვაქვს, ანდა, გვექნება თიხის სპეტაკი, მომცრო სახლები მდინარის პირას, მცირე აღმართს თეთრად ამოყოლილნი, აბზინებულნი დილის გრძელ, ირიბსხივება მზეზე... და მთვარის ბაცად სიფრიფანა შუქზე რბილად აბრჭყვიალებული, მცირედ დაბუჟებული კანოდუსი... იწვოდნენ უჩვეულო ბედნიერებით გაჟღენთილი - თავისუფლებით პირთამდე სავსე ვაკეიროები, და დიდ, პირქუშსა და შავად ლამაზ ქვას, მეორე გიშერს მოედო ცეცხლი - ეს კანუდოსელთა თავკაცი, კუშტად შემართული კონსელეირო მენდეს მასიელი, იწვოდა... და მთელ ძვირფას ქვებს, იმ ერთის გარდა, მყისვე მოედო ცეცხლი - მწვანედ ბჟუტავდნენ ზურმუხტები, ლურჯად, მოცისფროდ იკლაკნებოდნენ ფირუზები და საფირონები, ყვითლად იღვენთებოდა ქარვა, წითლად ბრიალებდა ლალი, იქვე კრთებოდნენ მარგალიტები, ზღვათა უცხო, ღრმა წიაღიდან ამოსულნი და შეუმჩნეველ დაღმართს მიუყვებოდა კანუდოსელთა გრილი, მარად ახალი მდინარე, და განბანილი კანუდოსელების ამბავი ოკეანეში ჩაჰქონდა, აქ კი, მაღალ სოფელში, რა ფერადოვნად, რა ღირსეულად იწვოდა მთელი სამოსელი, სამოსელი პირველი ახლა, და მუქ ლურჯ კვამლად აჰქონდა ჩაუქი მწყემსების ამბავი კოცონს, იწვოდნენ გრეგორიო პაჩეკო - დოლის ჯადოქარი და დიდი მჭედელი სენობიო ლჲოსა, იწვოდა სერტანაში დარჩენილი, ყურმოჭრილი ტოგო, ვაჟკაცი; იღველფებოდა მასთან დარჩენილი უთქმელი ძმა, გარდაუვალ სიკვდილზე ხათრით წასული, ვინ რა იცოდა, მდუმარებისას გულში რა ედო, და მესამე ძმა მათი, შურისძიებით გაუმაძღარი პრუდენსიო... იწვოდნენ ნაღდი ვაკეიროები - ინოსენსიო, რაღაც-რაღაცებით გამორჩეული და აველინო, მიკარგული და შეუმჩნეველი; იწვოდნენ მათი ცოლები, დები, დედები, შვილები, სტუმრად ამოკუნტრუშებული შვიდი სხვადასხვანაირად შეყვარებული და ჩაცმულ-დახურული ქალიც იწვოდა ოქრომკედში და აალებულიყო კენტი როხასი, ვისაც ერთადერთს, მამაკაცთაგან, გადარჩენა მიესაჯა... ტივზე შემდგარნი, გაყუჩებულნი, მოყვარულ თვალთაგან მძიმედ შორიშორდებოდნენ გასახიზნები - მოხუცები და ქალები, ბავშვები... ბავშვები... ნაღვერდლდებოდნენ დაქვრივებულნი - ჟოაოს ცოლი, მარიამი, და მანუელა, თეთრი მწყემსი... კალაბრიაში კი, შორს, მიწაში იწვა უცნაური ქალი, მირცა, ვისაც წინასწარ შეეძლო კაცის დაფასება... იაგუნდებად ელვარებდნენ აეს ქალები, და ალმასებიც რომ წამოალდნენ, სუნთქვა შეეკრა დომენიკოს, ნაბიჯი წარსდგა, და მონუსხული მიაჩერდა ცეცხლს - რადგან ეს დიდი, დიდი, დიდი კანუდოსელები - ზე მორეირა, მანუელო კოსტა, ჟოაო აბადო, მოხუცი სანტოსი და დონ დიეგო - დიდი კანუდოსელები იწვოდნენ! და მხოლოდ ერთ ქვას - დიდ ამეთვისტოს ვერ ედებოდა მრისხანე როკვით შეპოტინებული ცეცხლი, სხვები-იწვოდნენ: ლტოლვილი, მაღალ სოფლად ღამით ამოხვეწილი, და მისმიერი უცხო ამბები - მასაი როგორ გახდა და წვიმებიანი ამბავი წინამძღოლზე, და მტაცებელი მცენარეების ზნე; იწვოდა ლტოლვილის ცინცხალფერება, ბუნდოვნად დამახსოვრებული სამშობლოს, იმ კლდის, ბუნებასა თუ ვიღაც ახირებულ მოქანდაკეს პეშვისთვის რომ დაემსგავსებინა და ზედ პატარა ობოლი იდგა, და იქაური ქალიშვილების, დოლის გუგუნში გრილტანა ხეებს რომ ეტრფოდნენ, ამბავი, იწვოდნენ სოფლად მხოლოდ ერთი ღამით დაბანაკებული ჯამბაზები, კუნაპეტში ჩირაღდნებათამაშებული, ცალშიშველფეხმოდუნებული ქალი და მისი შემყურე ნერწყვგამშრალი, წოწოლაქუდიანი, თეთრად სახემოთხაპნილი ბნელი ჯამბაზი - ზეზუხბაია, და იქვე, კოცონთან მდგარი ხალხიც კი, მაღალსოფლელები, რომელთა სახეებზეც აგერ, ა, აქვე, ცეცხლი რიალებდა, ისინიც კი თითქოს იწვოდნენ მიღველფილ, იმოდენა სიმხურვალით ჩამომდნარ სამოსელში - ბიბო და გვეგვე, მათი ცოლები, ნანდუ და რესას შავოსანი დედა, კოჭლი ყმა, დიდი, სევდიანი გლეხი, ყველა ისინი, მიწის ხალხი, მიწის კაცები, - მხვნელ-მთესველები, მეგუთნეები, მთიბავები, დროდადრო გაკალატოზებულნი, გამწყემსებულნი - ყველა იწვოდა სამოსელში, იქაურებიც, აქეთურებიც, და მხოლოდ იმ ერთს, ერთადერთს, იმ ჯიუტად მოელვარე ქვას, მაინც რამდენი უწრიალა და, ვეღარ მოედო ვერასდიდებით ცეცხლი, იცოდა მგზავრმა, ვისი ქვაც იყო დიდი ამეთვისტო, კარგად იცოდა, და ყელში მარწუხებწაჭერილი, სუნთქვაშეკრული, ცრემლებმომდგარი გავარდა წრიდან. ჯერ, განათებულს, ზურგით მიჰქონდა თითქოს ცეცხლი და მერე, გლეხთა თვალს რომ მიეფარა, გულზე ჯვარედინად მიედო ორთავე ხელი, მიწისკენ ძალიან გადახრილიყო და, მოკუნტული, ისე გარბოდა, თითქოს ეცემოდა და შესაჩერებლადაც ვეღარ იოკებდა თავს, იმ მდინარისკენ, შუაგულ ტყეში რომ ჩადიოდა, მიილტვოდა და გულში ზლუქუნებდა - ანა... მარია... აანა-მარიაა! ღამეულ ტყეში მიბარბაცებდა, აქოშინებული, გატრუნულ ხეებს ეჯახებოდა, გმინვა-გმინვით და ხელის ფათურით მიიკვლევდა გზას, ჰოი, ბეჩავი... სახეზე მსუბუქ სილად გადასდიოდა გაზაფხულობით ძალიან რბილი, მოქნილი ფოთლის გრილი შეხება, ფეხქვეშ კი შარშანდელი და შარშანწინდელი, და კიდევ უფრო შორეული, ჯერ - დამჭკნარნი და ტყის სისოვლეშეყოლილნი მერე, ძველი ფურცლები მსუყედ და მძიმედ შარიშურობდნენ. მდინარისაკენ ალალბედზე მიაბიჯებდა დომენიკო, მეგზურად მხოლოდ შორეული მდინარის ჩუხჩუხი ჰქონდა, სად მიდიოდა დაბნეული მგზავრი, რას დაეძებდა, რამ არივ-დარია, რაღა უნდოდა, ვიღა სურდა, ნუთუ სოფელშიც, მაღალ სოფელში ღამღამობითაც კი არ ეწერა სიმშვიდე, წოლა და მოსვენება, დღით - დინჯად თესვა და ხვნა, სულ ასე უნდა ევლო და ევლო? კი, რა თქმა უნდა, და მდინარისკენ ჩაუყვა იმ სიბნელიდან ძლივსღა გამორჩეულ, ზმანებასავით ატივტივებულ ბილიკს, ჩაიმუხლა და ცივ მდინარეში ხელი ჩაჰყო... გაირინდა. გატრუნულიყო და რაღაც შორეულს, მარად ახალი მდინარით ჩამოტანილს, მიუგდებდა ყურს... ასე იყო და, უცებ, ერთბაშად ამოძრავდა - გადაიხარა, ფსკერიდან ლამი ამოიღო, პეშვში მოწურა, წყალი გაადინა და ღონივრად მოზილა მერე, მიწა შეურია, გაამაგრა და ისევ მდინარეში ამოავლო, აატალახა. სათუთად ეპყრა ხელთ ეს უცნაური რამ შეხამება, დალბილებული თიხა: თან - ტალახი და თანაც - როგორი ვრცელი, ყოველივესი შესაძლებლობა, თან - მორჩილი და ჯიუტიც როგორ... დასცქეროდა და თუმც ვერა ხედავდა, გაჯიუტებული დასჩერებოდა აიმ თავისას, ერთადერთ პეშვს, დარბილებულსა და ვიღაცის ხელით უკვე ნაჯიჯგნს, ნაგვემს, თითქოს ადვილად დასამორჩილებელსა და დამყოლს, მაგრამ აჰ, აჰ, ვერა... გამწარებულმა, მაგრად მოსრისა, დააგუნდავა, და ჯერ სხეული გამოძერწა, სასაცილო და ამაზრზენი ალბათ, სულ ვერა ჩანდა... ეს მიწის ქალი იმედად სურდა, თუ როგორ, რატომ, აღარ იცოდა, განრისხებული, ჩამუხლული, კუშტად ძერწავდა, მიახლოებით გამოჰყავდა თავი და ხელი, და ისე შეკრთა! - ღამის ფრინველმა დაიწივლა ღამეულ ტყეში... წასწრებულივით შეშინებულმა, ისეთნაირი გამეტებით მოისროლა მიწის ქალი, თითქოს იმისი ბრალი ყოფილიყოს ის საზარელი შეწივლება და იქ, მდინარეში, სადაც ჩავარდა ის მცირე ქალი, განათდა ვითომ, და ისე გადაფითრდა საბრალო, მგზავრი, რომ აქეთ ახლა ის გამოირჩა კუნაპეტში და, ერთიმეორეს რა უცნაურად, და სხვადასხვანაირად როგორ, შეჰყურებდნენ: თავზარდაცემული, გაშეშებული დომენიკო ადგილზე ძრწოდა, ვერ აშორებდა დაბრიყვებულ თვალს - ფესვებგაჩაჩხულ კუნძზე, თავმომწონე მაჯლაჯუნასავით რომ გაეშვირა ნაზად დარხეული მახინჯი მკლავები, შეღებილი ქალი იჯდა, ყვითლად აბზინებულ ტანზე იისფერი გადასდიოდა, მძიმედ ჩამოშლილ თმას გრძელი, ავი ფრჩხილებით ივარცხნიდა და რაც ყოველივეზე საშიში იყო, თვალებში უნდო ღიმილით შესცქეროდა დომენიკოს, მდინარის პირას ჩახეტიალებულ მგზავრს, იქ რა უნდოდა, რა ძალა ადგა... თუმცა, რა მისი ბრალი იყო ეს - ჩვენ ყველას გვადგას ჩვენ-ჩვენი სხვისი ძალა, ოღონდ ძალიან ხშირად არც ვიცით ხოლმე და ფეხზე წამოდგა, გაირინდა დომენიკო, აღარ იცოდა, პირი ებრუნა თუ არა, საშინელებისადმი ზურგის შექცევას ისევ მისკენ ყურება სჯობდა, იდგა, გახევებული, სუნთქვაშეკრული, ტყის მდუმარებაც - ეხამებოდა, მაგრამ ნიავმა წამოუბერა და მკრთალი ლანდები ოდნავ შეირხა ტყეში... ხეზე ჩამოცურებული ჩრდილი... თითქოს შებარბაცდა დომენიკო, მაგრამ სხეული შეიმაგრა და მიმოიხედა, ბნელოდა, ბნელოდა, როგორ ბნელოდა, და მაინც იმდენნაირი რამ საოცრება გატრუნულიყო ღამეულ ტყეში... თვალები მოისრისა და, წეღანდელზე მეტად დაზრინა - სიჩუმე იდგა, უშველებელი, ერთიანი... სიჩუმეში კი, რამდენი რამ, რაოდენი რამ, აურაცხელი, იყო - იყო მდინარის ავად მოშრიალე ხმა და იყო ნიავი, ფართო და უზარმაზარი, გაუვალ ტყეში მაინც მსუბუქი და მოსხლეტილი გველივით რომ დაძვრებოდა ტოტებშუა; იყო ქუხილი, ყველაფრისმძლე, მგრგვინავი, გამაყრუებელი; იყო მუქარაც, უხმო სიშავედ მხრებს დაწოლილი, მაგრამ ყველაფერზე მეტად ამაზრზენი იყო სიჩუმის გულგრილობა - საზარელი, ამორჩეული არცოდნა. ხეს მიეყრდნო და ერთხანს ასე იყო, მოღონიერდა თითქოს, და მერამდენედ, ისევ შეკრთა - ხის უკან ვიღაცა იდგა... ჯიუტად მომლოდინე! - აჰაა, აჰა, ხომ მიეახლა ბოლობოლო, თავისი ფეხით, ყმაწვილი მგზავრი?.. - რა გულიანად, უსიტყვებოდ იქადნებოდა, მაგრამ ვინ იყო - ვეღარ გაბედა დომენიკომ, დაენახა და, შეძრწუნებული, ფრთხილად იხევდა, ფეხისგულებს შიშით ვეღარ აცილებდა მიწას, ისე მიჩოჩდა უკან, სხვა ხესთან, ზურგით მიეყრდნო, შეტრიალდა და გაშრა - იმ ხის უკანაც იდგა ვიღაც - ყოველი ხის უკან ვიღაცა იდგა! ალყაშემორტყმული, თავზე ხელებშემოხვეული, წინგადახრილი, ერთიანად ცახცახებდა, მხრები, ხელები, თითები, მუხლები უთრთოდა, ყველაზე მეტად კი მორკალულ ხერხემალს ეშინოდა... ჩაშავებული კენწეროებიდან რაღაცეები დასცქეროდნენ და მძიმედ მოიწევდნენ დაბლა; ვეღარ გაძლო და ადგილს მოსწყდა, მდინარისაკენ გაიქცა ისევ, წყალში შეტოპა, ფსკერზე თეთრი ქვა გამოარჩია, ეამა და სანამ გახარებას მოასწრებდა, ისევ ის შეღებილი ქალი! - კვლავაც თვალებში შემოჰყურებდა, საოცრად მკაფიოდ და ბუნდოვნად მოუჩანდა გაღიმებული, ოდნავ განზე მიქცეული ტუჩები და თვალებიდან მომწვანო-მოყვითალო მზერა გაყინული შუქივით უკამკამებდა. და, ესღა აკლდა - გაოგნებულს, ზურგზე ვიღაცამ ცივი თითები ჯერ მსუბუქად დაჰკრა და ისე დაზრინა, თითქოს ვიღაცამვე გაყინული ხელები სტაცა და აყვანა დაუპირა. გაუძალიანდა და ერთხანს გაუსხლტა, მერე კი ის ყინულოვანი თითები უზარმაზარ, საკუთარ ნეკნებად გადაექცა და ისე შემოეჭდო, ისე შემოესალტა, ისე ხუთავდა... ნაპირზე ამოხტა, ფეხი დაუსხლტა, კინაღამ წაიქცა, პირველსავე ხეს მივარდა, და ჩაეხუტა, ფეხებიც შემოხვია, გრილოდა ტყეში, უფრო აგრილდა, ეყინულოვნა და ისევ გახტა - აის ვიღაცა იქაც იდგა... ყოველი ხის უკან იდგა ვიღაც! მოლის შუაგულში გავარდა, და მაინც იქვე შორიახლოს, ირგვლივ, რაღაც საზარელი ამოდიოდა, მოდიოდა, იზრდებოდა, ხეებს მიეყრდნო, მიეძალა და გაფართოვდა, გაიბერა, შეიკრა, ამოიზარდა, ეს შიში იყო - ღამის ყვავილი. მუხლებზე დაეცა, გადაიხარა, სახე მაღალ ბალახში ჩარგო, ფეხები გაშალა და პირქვე გაწვა თუ არა, გამწარებულმა მოგლიჯა გვიმრა, მერე ნედლ მიწაში ჩაასო თითები. ღონივრად მოფხოჭნა და შორს მოისროლა; მიწას გახელებული თხრიდა, ორმო უნდოდა ამოეთხარა და ჩამალულიყო, და მათრახგადაჭერილივით შემართა ზედატანი - შორიდან, ტყიდან, მისკენ სინათლე მოირწეოდა, „ის მოდის, მოდის...“ - გამწარებული, ლოყით გაეხახუნა მიწას, ისევ გამალებული თხრიდა, ეგებ მოესწრო, მაგრამ დაშინებული თვალი განზე რომ გააპარა, უფრო ახლოს დაინახა სინათლე - „მოდის... ის მოდის...“ ვინ ის, არც იცოდა, მანამდე არნახული, საზარელი რამ არსება ალბათ, „მოდის, ის მოდის!“ პირქვე განერთხო და თავზე ხელები შემოიხვია, ახლა ყველაზე მეტად კეფას ეშინოდა და ნაბიჯების ყრუ, მოგუდული, ღონიერი ხმა - „მოდის, მოვიდა, ისიც მოვიდა!..“ გასრისა შიშმა, ხელები მიწაზე ჩამოუვარდა, და მთელმა სხეულმა შეწყვიტა ცახცახი, მკრთალადღა ჩაესმოდა ნაბიჯების ხმა; დამძიმებული და მომჩვარული, პირქვე იწვა სასტიკი, გამათავებელი დარტყმის მოლოდინში და ეს მოლოდინიც კი გაქრა, მიილია ერთხანს, მერე მაინც შიში დაეხმარა და ისევ იგრძნო კეფა, მაგრამ მცირე ხნით, კვლავაც ბურანი ჩამოაწვა და მიდიოდა, მიდიოდა, იპარებოდა, ადგილზევე უცნაურად ლღვებოდა - უმწეოდ მიგდებული სხეული აჩიჩქნილ მიწაზე რჩებოდა, თავად კი, თვითონ, სადღაც ძალიან შორს, გადაკარგულში მიდიოდა... ტკბილი იყო ეს წასვლა და შვებისმომგვრელი, მაგრამ მაინც გონს მოეგო და შიშმა ისევ რკინად უქცია მთელი სხეული, - რომელზედაც ორად ორი სიტყვა ჟღრიალით გადასდიოდა - „მოვიდა, მოვიდა, ისიც მოვიდა...“ თავის აწევა უნდოდა და ვერა ბედავდა, მიწაზე იწვა, მიწის მანუგეშებელსა და შემზარავსაც ერთდროულად, ძალუმ სუნს გრძნობდა, და აიკრიფა, აიწურა, მთლად გაფაციცდა - ვიღაცამ, სადღაც, სულ სხვა ადგილას, აჲამ მიწაზეც, რაღაცა კარგი და სანდო უთხრა... ვერ იხსენებდა და დაიძაბა, მაგრად დახუჭა თვალი, და იმ მისულმა როგორც კი ხელი დაადო მხარზე, ნაიარევი აუხურდა და მიჩინიო და მისი ნათქვამი - რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებდა - გაახსენდა და იმედით, რწმენით შემართა თავი - კი, მამა იყო, იმ კუნაპეტში თალხ ლაქად ადგა. მყისვე წამოჯდა დომენიკო, დაწრეტილ ძარღვებში სიხარულმა დაუარა, გაბრუვდა, და მხარზე დაუვარდა თავი. ერთხანს თვალდახუჭული იჯდა, ღონეს იკრებდა. და მერე ისევ აფორიაქდა - ორიოდ ნაბიჯზე გაეცალა მამა, და, შორიახლოდან, გამომცდელად თავს დაჰყურებდა. და დომენიკოს კიდევ რაღაც, რაღაც აუცილებლის მოსმენაც მოუნდა, რომ დამშვიდებულიყო - სიტყვა უნდოდა, ორიოდ ღერი სიტყვა სწყუროდა, და მამისაკენ გახოხდა. მუხლებით მიწასა და ფოთლებს ეხახუნებოდა, და ტყე ღონივრად ისრუტავდა ამ ჯიუტ შხარუნს, მერე კი, სიჩუმე რომ ჩამოდგა, დაჩოქილმა დომენიკომ ხელისგული მიადო მამას მუხლზე, ახედა და შეევედრა: - ნურაფრის მეშინოდეს? მამა დაფიქრებული დასცქეროდა, მერე თავზე დაადო ხელი და უთხრა: - ნურაფრის გეშინია. და მუხლმოყრილმა დომენიკომ, შვებამოგვრილმა, განთავისუფლებულმა, ერთიც ახედა, აფორიაქდა, და ყველაფრის თქმა დააპირა, თავს რაც გადახდა დაკლაკნილ გზებზე, მაგრამ იქვე გაშრა - ყოველივე კარგად იცოდა მამამ, მშვენივრად მოეხსენებოდა ყოველი, ისე დასცქეროდა და დომენიკომ, დაბნეულმა, თავი ჩაღუნა; რაღაცა უნდა მომხდარიყო, რაღაცას ელოდა, ფრთხილად, შეპარვით ააყოლა მოწიწებული თვალი, და დაძაბული შეაცქერდა - რა ღონივრად, როგორ მკაფიოდ დასცქეროდა მამა... და უცნაური, საჭოჭმანო განაჩენის მოლოდინში კვლავ მიწას დასწვდა, ფრთხილად მოფხოჭნა, წყლით გაჟღენთილი პერანგის სახელოები ჩამოიწურა, აატალახა მცირე მიწა და ისევ, კვლავაც, ეს მერამდენედ ცოდვილობდა, უსუსური და უცხო, მიწის უბრალოდ გამონაგონი ადამიანი რომ გამოეძერწა, ცოდვილობდა და ვერაფერი გამოსდიოდა, მხოლოდ ხელები მოეთხვარა მაღალი სოფლის კუთვნილი მიწით, და ესეც, ესეც კი საქმე იყო და, ერთბაშად აწრიალებული, არეული, სულაწეწილი, მამის განაჩენს, დამჭკნარ ფოთლებზე განერთხო და ისე უცდიდა, იმანაც, უთხრა: - ორჯერ გიბოძეს სამოსელი პირველი, დომენიკო, - თქვა მამამ, დინჯად ჩამოსცქეროდა, - და მესამედაც გიწყალობებ - მე მოგცემ სიტყვას შენ, დომენიკო. რა, ეს რა უთხრეს, გაბრუებული წამოჯდა მგზავრი. - კარგად იცოდე, დომენიკო, სამოსელი პირველია სიტყვა. შენი ამბავი ცად კი ავიდა, მაგრამ ჩვენთანაც, შენიანებთან, უნდა დატოვო. თავჩაქინდრული იჯდა, უსმენდა. - მრავალ ქვეყანას აგაშენებინებს, და უცნაური მეფე დადგები - ბევრი ყმა თუმცა კი გეყოლება, შენ მაინც ყველას მონა იქნები. და სული -შენით ედგომებათ. გამიგე? - დიახ. - და მაგ სამოსელს რაც უფრო მეტ ხალხს გადააწვდენ და გადააფარებ, უფრო მდიდარი შეიქმნები, უფრო ტანჯუ ლი... გაწამდები და, გაიხარებ... სიტყვის თამაშად ნუ ჩამომართმევ - უბედნიერესი უბედური იქნები... და დატანჯული. თუ გესმის... - დიახ. - და სახელადაც უცხო სახელს, დომენიკოს გარქმევ, სიტყვებიდან დომინუს, დომინიონ, და დომენ... ყურს ხომ არა გჭრის? - არა. ცოტათი... - არა უშავს რა, შეეჩვევი... და სიძულვილიც თუმცა კარგად უნდა შეგეძლოს, ისიც ყოველთვის, განუყრელად უნდა გახსოვდეს, თუ დედამაწას რაც ატრიალებს. გამიგე? - დიახ. - და აი ამ ქვას, დომენიკო, აღარასოდეს მოიშორებ. გულზე კანაფით ჩამოჰკიდა დიდი ამეთვისტო - ცეცხლმოუდები, მეუფიანი, ანა-მარიას მოციაგე ქვა. - ეს ლოდზე მძიმე იქნება, შვილო. აჟრიალებდა მგზავრს. - ძალიან ბნელა? - იკითხა მამამ. - ძალიან, დიახ. - მაგრამ მე - მხედავ? - ძალიან გხედავ. - დამიმახსოვრე. მდინარის პირას ჩამომჯდარიყო გაბრუებული, აღზევებაშემდგარი მგზავრი, და ტუჩზე რაღაც უცხო განზრახვა, რაღაცის წვდომა ბალღამნარევ თაფლად ეცხო და, ხან მოურგები და ჭრელაჭრულა, ხანაც - ძლიერი, სავსე, ჟღერადი, ფერადოვანი სიტყვები ფუტკრებივით გუნდად, ზუზუნით დასტრიალებდნენ, რაოდენი რა გამოერჩია, აღარ იცოდა, თავად კი, მგზავრი, თვალნათლივ სჭვრეტდა ცეცხლში წამომართულ, აგიზგიზებულ სამოსელ პირველს, რომლის ყოველი, ოქრომკედით შემოქარგული უძვირფასესი თუ ყალბი თვლიდან, კამორული თვლებამოქარგული ფარდის მსგავსად, ათასი ვინმე უჭვრიტინებდა, ზოგი - გონჯი და სულით მდაბალი, ზოგიც - სხვაგვარი, და მხარზე გრძნობდა მოხუცებული, ბრმა გოლიათის მოუთმენელ ხელისგულს, ზურგსუკან ედგა, იგი, სწორედ ის უნდა წაეყვანა თავის უცნაურ სამფლობელოში და ჯერ თავადაც არ იცოდა, რანაირად დაძრულიყო და, ან სად მიდიოდა, რა როგორ ეთქვა, საიდან დაეწყო - რომ დაიბადა? აჰ, არა, არა... გვეგვედან, ძმიდან? არა, იჰ, არა... და თვით მამასაც, ყველგან რომ იყო, ასე ადვილად, დასაწყისშივე, ვერ შებედავდა... სიტყვებს ეძებდა მარადახალი მდინარის პირას, იტანჯებოდა ღამეულ ტყეში, და შორს, ცისკიდურს დიდის იმედით, ავედრებული მიაჩერდა და - ჰეე, თენდებოდა... გათენებიდან უნდა დაეწყო, კი, ასე სჯობდა, ხომ ისევ აქ ხართ, მოდით, ჩამჭიდეთ უკანასკნელად ეგ უნდო ხელი, ხომ კი სჯობს ასე, მშვიდად დაწყება დამთავრებისას, აჰ, შევეჩვიეთ ერთმანეთს, მგონი, გზადაგზა რასაც კი გპირდებოდით, შეძლებისამებრ ვასრულებდი და სწორედ ახლა, დამთავრებისას, ერთი რამ უნდა შეგახსენოთ - ალბათ არ გახსოვთ, მე რომ გითხარით, რომ არ არსებობს ქვეყნად ამბავი, რომ ჰქონებოდეს ოდესმე ბოლო-მეთქი, და არ იფიქროთ, ნუ გეგონებათ რომ აი ახლა, დამთავრებისას, გამომიჭირეთ - თუმც სისულელით ისიც წამომცდა, გამოსავალი არსებობს-მეთქი, და - მივაგენი, რა, არა გჯერათ? აგერ არა ვარ, როდის რა მომიტყუებია, და ახლაც, კეთილო, მოთ, მოდით, მივდგეთ და ეს ამბავი სუულ თავიდან დავატრიალოთ, გათენებიდან, ვაბრუნოთ ასე - ჯერ კიდევ ძალიან ბნელოდა, მხოლოდ ერთგან, დასალიერზე, თითქოს ოდნავ გაბაცდა ცა. წვიმას ახლახან გადაეღო, წვეთები უხმაუროდ სხლტებოდა ერთი ფოთლიდან მეორეზე და აკანკალებული, გალუმპული, ერთიანად სმენადქცეული ლტოლვილი ყურს უგდებდა ამ ილაჯგამოცლილ ჩქამს. ყოველნაირ ხმაურს აიტანდა იგი, გარდა ფლოქვების თქარათქურისა. წამდაუწუმ მდევარი ელანდებოდა და, ღონემიხდილი, ორივე ხელით ჩაჰბღაუჭებოდა სველ ტოტებს. აქამდე ვერავინ შენიშნავდა, ისე გატრუნულიყო, ხეს ჩახუტებული; ახლა კი, გათენებისას, როცა ძალიან აცივდა და შეწუხებული ლტოლვილი აწრიალდა, იმ გაბზარულ სიბნელეში აშკარად გამოირჩა მისი ჩაშავებული, მოძრავი სახება. საშინლად ეძინებოდა, ძლივს იმაგრებდა დამძიმებულ თავს. კიდევ კარგი, რომ იჯდა მაინც - იმოდენა აღმართის შემდეგ დაღლილ, გადატყავებულ ფეხებს ასვენებდა. აქ, ხეზე ამძვრალს, ძაღლებიც ვერ შესწვდებოდნენ, თუმცა ყეფა არც გაუგონია. ცოტათი გამხნევდა და იქვე მოშივდა. უბეში ჩაიყო შეციებული თითები და პურის ყუა ამოაძვრინა. ნელა, აუჩქარებლად იღეჭებოდა, მაგრამ ერთი ბეწო პური იყო და ჩქარა შემოეჭამა. უფრო აეშალა საღერღელი, სოფელს მიაჩერდა, სადაც საჭმელი უნდა ეშოვა. ოდნავ გამოიკვეთა სახლები, ისევ შეათვალიერა მიდამო და უცნაურმა შიშმა შეიპყრო: მდევრებისა კი არ ეშინოდა, სულ სხვა რაღაცის - მაინც რა საოცრად, როგორ თენდებოდა!.. უნახავს კია როდესმე ისეთი უცნაური, მკვეთრად გამოხატული ფოთლები, ანდა ისეთი მყარი მესერი თუ უნახავს, იმ ბინდბუნდში თვალნათლივ რომ იკრეფდა ძალას... როგორ მოცურავდნენ სახლები ძალიან შორიდან, ლოდებიც რა დინჯად ამოდიოდნენ მიწიდან, ისეთი საშიში სიოც თუ უნახავს სადმე, გამთენიისას რომ სცოდნია და იმ სიოსაყოლილი მკრთალი ჩრდილების მიწაზე ბოგინიც რა უცნაური და შემაშფოთ... და შემაშფოთ... და შემაშფოთ.... და შემაშფოთ... „ნუთუ ყოველივე, - გაიფიქრა დომენიკომ, მარადახალი მდინარის პირას იჯდა, - ნუთუ ყოველივე ეს?..“ 1966-1978 წწ. წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა აკაკი ციცქიშვილმა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი