ახალი რა ვთქვა..


ახალი რა ვთქვა, მე შენსკენ ვიწევ,
აღმომჩენივით მიწის თუ განძის,
თვალახვეული ვიკვალავ სივრცეს,
მაგრამ ვერაფრით ვამცირებ მანძილს.
ვიწევ და ლამის მომწყვიტოს წელი
წაუკითხავი ლექსების დასტამ,
ჯერაც არ ვიცი რამდენი წელი
ვიქნები გზაში, როდემდე გასტანს
წარმოსახვაში ასეთი კადრი,
ასეთი მძაფრი შეგრძნება მიწის,
როდესაც თითო მეტრი თუ ადლი
ჩემი ტერფების ქვემოდან იწვის.
ახალი რა ვთქვა, მზე მომაქვს ხელით,
ტკივილებს სუნთქვაშეკრული ვითმენ
და როგორც დამწვარ ასანთის ღერებს,
მე ისე ვმალავ უბეში თითებს.
გადაჩვეული ფიქრსა და სიცილს,
მოვათრევ შენსკენ უცნაურ საგნებს,
გიახლოვდები, გხედავ და ვიცი,
სად ხარ და მაინც ვერასდროს გაგნებ.
ახალი რა ვთქვა, მე შენსკენ ვიწევ,
აღმომჩენივით მიწის თუ განძის,
თვალახვეული ვიკვალავ სივრცეს,
მაგრამ ვერაფრით ვამცირებ მანძილს.

წყარო: biblioteka.litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი