ნაბიჯის სტატისტიკა


იქნებ,
არსებობს სტატისტიკა,
ყოველდღიურად,
რამდენ ნაბიჯს დგამს პლანეტაზე ადამიანი
და დღის მანძილზე,
გადადგმული ნაბიჯებიდან,
სულ რამდენია,რეალურად, 
წინგადადგმული?

თუნდაც, მთლიანი ისტორია ავიღოთ, მოდი,
ჯარის მტრისაკენ დაძვრებით და დაბრუნებებით,
(ცხენის ნაბიჯიც მივათვალოთ-როგორც მისტიკა,
ოთხივე ფეხით გადადგმული, ამ სტატისტიკას...)

ან
მივყვეთ ქალაქს: 
ქუჩა, 
ჩიხი,
ასფალტის ბზარი, 
სადმე ბილიკი,
ბანი, 
ტრასა, 
გადასასვლელი,
ჰორიზონტალურ ნაბიჯებზე ვიმსჯელოთ მგზავრის,
ან ვერტიკალურ ნაბიჯებზე, თუნდაც, მთასვლელის..

რომელიც, სხვისგან განსხვავებით, მოკლეზე მიდის?
ყელში აქვს, ალბათ, ბანიც, ტრასაც, ქუჩაც და ხიდიც.

პრინციპში, 
ვიცნობ ადამიანს, როგორც ქმნილებას,
ღმერთის 
და ვუშვებ, 
რომ სწრაფებმა და მოქნილებმა,
ხანდახან, უფრო ააჩქარონ სისწრაფე ბიჯის,
რომელი ტემპიც, მოუქნელებს, აშკარად გვიჭირს.

მოკლედ არ ვიცი... ამიტანა თითქოს დილიდან,
ცნობისმოყვარე და მაცდურმა ფიქრმა, გასავლელ
ან თუნდაც განვლილ ცხოვრებაზე, ვინ სად მივიდა, 
ვინ როგორ შეხვდა გარდაუვალ თავგადასავლებს.
შესაბამისად, ასეთ ფიქრებს კვალზევე მისდევს
სურვილი - შენში სამუდამოდ შეწყდეს, მოთავდეს
კითხვა - რამდენჯერ დააბიჯა ქუსლები ქრისტემ
ვიდრე სასჯელის მიღებიდან , გზას - გოლგოთამდე.

ხო,სად ვიყავით, მგონი დროა, უკვე ვნასკვავდე,
საკუთარ სათქმელს, ახირებულ ფიქრსა თუ სურვილს,
რადგან გუგუნში, პლანეტაზე, თოფის და ჭურვის,
მე კიდევ უფრო მირთულდება მისვლა დასკვნამდე
და როგორც ცაში ვერ დაითვლი ნამყოფ ვარსკვლავებს,
ისე ვერ იტყვი ვერასოდეს, ასე დათქმულად,
ნაბიჯებიდან, ცხოველსა და კაცს რომ ანსხვავებს,
მაინც რომელი ჩაგვეთვალოს წინგადადმულად
ადამიანებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი