იქით წავიდნენო ადამიანები ..


იქით წავიდნენო ადამიანები -
მანიშნა კაცმა და ხელის გაშვერა იგულისხმა,
რადგან უბედურს არ ჰქონდა მკლავი.
მე უნაკვთებოდ გავიღიმე. გამოვეყავი საკუთარ სხეულს.
ჩემი თავისგან  იმის იმედით დავწინაურდი -
კაცთაგან  ვინმე ჩამორჩენილს დავეწეოდი...

რაც კი მებადა -
ალღოთი სავსე ერთი ტომარა და ბოთლით წყალი,
რომელსაც მხოლოდ მაშინ ვსვამდი, როცა გავრბოდი
და გაჟღენთილი ფუჭი ყლუპებით,
ნავარაუდებ წვიმამდე მაინც, თავს ვიმშვიდებდი.
რამდენჯერ თოვლსაც ჩავუსაფრდი,
მაგრამ მალევე მოვშალე ალყა, არ ღირდა მოცდა,
ფლოქვებისა და ჩლიქების გარდა
მაინც არაფერს იტყობდა თოვლი.

დიდხანს მივსდევდი ნადირივით კვალში ჩამდგარი - სიცარიელეს,
გზაში მთლიანად შემომეხარჯა ყველაფერი მანძილის გარდა,
ალღოც და წყალიც.
მივხვდი ვერავის დავეწეოდი, ამიტომ ბოთლში,
ბოლო იმედის წვენი ჩავწურე.
მეგონა მთვარის ამოსვლამდე ვიმყოფინებდი,
შემდეგ კი იმედს ჩემში თუ არა,
ჩამორჩენილი ადამიანის უცხო ჭურჭელში გადავწურავდი.

წელიწადების მეხუთე დროის ამინდი იდგა.
იდგა კედელთან და სარგებლობდა შიშის უფლებით.
ტოტზე ვაშლები ქანაობდნენ მოუკრეფავად მოკბეჩლები.
ვაშლის ბაღებში გაძარცვული საფრთხობელები
გარეულ ჩიტებს ფრთებს უშუშებდნენ კაცის ნაკბილარს.
მე კი მივბოდი.
და შეშუპებულ სამყაროში  ერთადერთს  რასაც წამოვეწიე -
ისევ უცხენო კუდი იყო, რომელიც ძუით,
კაცის უტანო ხელს მიათრევდა.
ხელს  მუჭით თხილის გული მიჰქონდა,
არსად უშვებდა ცხრაწლიანი ლოდინის შედეგ -ჩაბღაუჭებულს.

ეს იყო ხელი,
ხელი რომელიც ტანს გულისხმობდა,
ტანი რომელიც გულს გულისხმობდა,
გული რომელიც კაცს გულისხმობდა,
კაცი რომელიც თავს გულისხმობდა -
ოჯახში მეცხრეს და ნაბოლარას,
რომელსაც მთელი ცხრა წლიანი ლოდინის შემდეგ
ერგო  კუთვნილი თხილის გული - მეცხრე მოსავლის.

ეს იყო კაცი ხელის გაშვერა რომ იგულისხმა,
როცა მგზავრების მიმართულებას მიმასწავლიდა.
ეს იყო კაცი, კაცი, რომელიც ჩემგან ცარიელ სამყაროში

მე მგულისხმობდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი