არ ვიცი ..
არ ვიცი.... თქმითაც, სამწუხაროდ, თავიდან მიწევს, გაგიმეორო, გაგაგონო, გითხრა იგივე, რომ ბოლო წლები ვეღარაფრით ვეჩვევი მიწას, და ვიცელები წინა ხაზზე მდგარი რიგივით. თუ გაიხსენებ, გაჭირვებით გამოვლილ დროთა მონაკვეთებში არაერთი თავი მოვთალე ფანქრის და გულში გაცრეცილად დავატყვე ოთახს, ჩემი ნაფიქრი,ნააზრევი და ნაბოლთარი. მიყვარდი კიდეც, რა დროსია... მაგრამ გამხელას, არავითარი, დამიჯერე, არ ქონდა აზრი, არც მაშინ, როცა ერთმანეთში ვცლიდით სახელებს, მითუფრო ახლა, როცა ასე დავშორდით ტაძრებს. დღეს, საბოლოოდ. გაუვიდა ყავლი ოცნებას და სანამ წყალზე გამოთლილი მთვარისგან ნავი, ჩემს წასაყვანად, სრუტეებში ფრთხილად მოძვრება, მინდა, ჯერ კიდევ, ხმელეთიდან გაგანდო თავად , რომ მე წავედი, აღარ დავრჩი, იცი, რატომაც, რაც იყო ჩემი, თუნდაც მტვერი, თუნდაც ნაჭუჭი, წავიღე ჩემთვის, მაგრამ ვიდრე სახლი დავტოვე, მოურიდებად, ნაწილ–ნაწილ, თვალებდახუჭულს, გაკოცე ორჯერ! ერთი, რადგან ყოველ მხარეში, იცხოვრე ჩემთან უფანჯრებოდ და უკრამიტოდ, და ყოველგვარი, ყოველგვარი ვნების გარეშე, დაუსრულებლად რომ გიყვარდი, ერთიც ამიტომ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი