პორტრეტი


ზუსტად არ ვიცი,
მგონი სახლში ვარ,
თითქოს მეცნობა კედლის ფრაგმენტი,
მზე -
დახატული ცარცით, ნახშირით
და ცოტა მარცხნივ,
ჭერთან,
აგრეთვე,
მთვარე და ჩემთვის უცნობი კაცის,
გაკვრით გასმული ნაცნობი სახე…

და აქვე ვიტყვი,

არ მახსოვს არც ის,
დამესიზმრა თუ,
მე ცხადში  ვნაახე,

ეს უცნაური კაცი და მაშინ,
მივხვდი,
მომინდა მისი დახატვა,
მერე კი, დიდხანს ვიშენდი თავში
ხელებს,
ჩანახატს როცა დავხედე.

ვიგრძენი,
კაცი რაღაცით მგავდა,
რაღაც ნამდვილად ჩემი ვიცანი
მე მის პროფილში
და ამის გარდა,
ჩვენი მსგავსება იყო სიცივე,

ამოუხსნელი, მკაცრი სიცივე,
სახის შიგნიდან თუ მის გარედან,

დიახ,

და ახლაც ისე ვიცინი,
მე, როგორც ცელქი ბავშვი,
არადა,

დიდი ხანია,
იმ ასაკს,
მენდე,
გავცდი და ცხელი ზაფხულის ხვატი,
სადღაც დავკარგე და მაინც დღემდე,
ასეთ უაზრო პორტრეტებს ვხატავ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი