მოლოდინი
ხილული წრეა… მზე ბეთლემს ანთებს, მზე ფოთლებს უთვლის თოვლისფერ ხეებს ცივი სხივებით და ღამენათევ თვალებში მალავს საუკუნეებს. ხილული წრეა… მზე ბეთლემს ათბობს, უძილოები თვლემენ რტოები, არავის უნდა სიფხიზლე დათმოს და თუთიანი ქუთუთოებით ახელენ თვალებს... სიმძიმე თოვლის, წამწამებს შორის ჟონავს და წვეთავს და ლურჯ კიპაროსს, ნატიფს და მოვლილს, მზე ვიდრე ფოთლებს შემოუხვეტავს, ხეები კვლავაც არჩევენ დუმილს და ისევ მზისგან ელიან ხმაურს, და მათი ტანი მჟავე და უმი სუნთქავს და სუნთქავს, რაღაც უცნაურ ლოდინის კლიმატს. სხივების ნემსი ტოტებზე ტოკავს და ხეებს აცმევს მძივების აცმას და ვიდრე მწყემსი, ამ ხეებს უფლის გაჩენას ამცნობს, ტოტებზე ჩიტი ბუდისკენ იგნებს თოვლის ბილიკებს, სადაც სრულიად, ახალგაჩენილ კვირტების შიგნით, ჯერ უჟანგბადო გაზაფხულია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი