III


....შენ ამიტომაც დაგეშილი  დაეძებ უფალს,
დაეძებ ყველგან, ხის თაროზე, წიგნის ტომებში,
მტვრიან სკივრებში, ძველმანებში დაეძებ უფრო
და კიბეებზე, საფეხურის გამოტოვებით,
ჩარბიხარ თავქუდმოგლეჯილი, პროსპექტებს კვეთავ,
ქვებით ჩამსხვრეულ ვიტრინებში,ხმით და იერით,
თავს თუ ხანდახან ემსგავსები,ყველაზე მკვეთრად -
არარსებობით,აღარყოფნით, სიცარიელით.

გზაზე უხეშად ეჯახები მიმავალ მგზავრებს,
ცივი და ვიწრო გეჩვენება ყველგან, ქუჩები,
დაბნეულ მძღოლთა ამღვრეული თვალები გზარავს,
როცა მანქანებს შენს ფეხებთან ამუხრუჭებენ
და რაც მანძილი იწელება, ხვდები, რომ ერთი
გაუქმებული ლაბირინთი მიდის მიზნამდე,
გუშინდელივით გახსენდება გამქრალი ღმერთიც,
რომელსაც შენში დაუნდობლად კლავდი, ხიზნავდი...

მარხავდი ლექსებს, იფარებდი მიწას სახემდე,
მესაფლავეებს უტკეპნიდი ფეხით - ნაბარავს
და ბალახებით ამოვსებულ თვალებს ახელდი,
მრავალჯერადი თვითმკვლელობის გადასაფარად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი