მაისის ჩურჩული


თუ ჩემი სული შენს ფიქრთ ზღვაში არა მარხია...
მაშ სევდის სიომ რად გაკოცა, რად შეგარხია?
ჩამკიდე ხელი! ჰიმნი სტყორცნე ჩემს სულის კანკალს,
სულზედ უტკბესო! მტლედ დავედვი შენს რჩევა-სურვილს!
ნისლის ცრემლებით აგაყვავებ, მოგიკლავ წყურვილს!
ტრფობის კოცონზე ტრფობით დავწვავ ტრფობის ნაპერწკალს.
თუ მართლა არ ხარ მზის ასული, ლერწამი ტბისა, -
მაშ იადონმა ჩირგვში რისთვის დაიკისკისა?...
კოლხეთის ქალო! ნუ გსურს ჩემი დასაფლავება!
მზის ოქროს თმისგან სიმს დაგიწნავ დღესავით მართალს,
მარადისობა ჩვენს კისკასზე ზეიმს გამართავს ,
ოცნების გვირგვინს თავს დაგვადგამს ცის უკვდავება.
თუ მართლა არ ხარ გამსჭვირვალე ყვავილთა მტვერი, -
მაშ მაგ კულულთა სურნელებით რად დავითვერი?
რა არის ლოცვა? სულის კვნესა?! გულის დაკოდვა?!
რა არის კაცი ცოცხალ-მკვდარი, მივიწყებული?
შენ სიმბოლო ხარ ღმერთთა ქნარზე ქანდაკებული,
მე კი მაისის ჩურჩული ვარ, მაისის ბოდვა!
თუ მართლა არ ხარ სიყვარული, არც სიძულვილი, -
მაშ რაღად მქვიან მე მგოსანი, ბუნების შვილი?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი