გლარჯის მილი
ნუ სწევ თუთუნს! ნუ სწევ! ნუ სწევ! აბა, რად გსურს ააბოლო? ვეჭვიანობ! და შენს მგოსანს მომეღება ეჭვით ბოლო. როცა ქალი დივანზე ზის, ზის ჩანაფიქრ-ჩაღვრემილი, როცა პირში უკავია სუნოვანი გლარჯის მილი, როცა ფეხი ფეხზე უძევს კაცის თვალის მოსატაცად,- და სწევს თუთუნს ხამუშ-ხამუშ, და სვამს ორთქლსა დაყოვნებით, და სწევს ნაგრძნობ-ნაფაზითა, სწევს გიჟურად... ჟინით... ვნებით... მაშინ გულში ვებრძვი ჩემს იჭვს, ვცემ ნაღარას, ვცემ ყიჟინსა, ვამბობ, სჩანს, მცვლის, რომ ჩემს ნაცვლად ამ თუთუნზე იკლავს ჟინსა! ნუ სწევ თუთუნს! ნუ სწევ! ნუ სწევ! აბა,რად გსურს ააბოლო? ვეჭვიანობ, და შენს მგოსანს მომეღება იჭვით ბოლო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი