თუთუნის ქარხანაში მომუშავე ქალის სიმღერა


თუთუნს ვახვევ სიფრიფანა,
თხელ ქაღალდის სამოსელში
და თან ვმღერი ჩემს ვაებას,
მებჯინება ცრემლი ყელში.

ვმღერი... ვშრომობ... ვშრომობ... ვმღერი...
ვმღერი ცრემლად დანალექი,
და ნელინე მკლავს და მახმობს
ულმობელი ჭლექი... ჭლექი...

ვეღარ ვყნოსავ ჩემი სოფლის
მაცოცხლებელ ყვავილთ სუნსა,
ნაცვლად ვხედავ დღით თუ ღამით
აქ თუთუნსა, იქ თუთუნსა.

აქ თუთუნით სუნთქავს ყველა,
მოიშხამა ყველაფერი,
დამნატრულდა სუფთა სიო
და კამკამა ჰაერფერი.

ჩანაყვითლი სახე ჩემი
ჰგავს ფოთოლსა შემოდგომის!
ვშრომობ! მაგრამ, ეხ, ვინ არის
მადლიერი ჩემი შრომის?!

და თქვენ... და თქვენ, სვე-მღვიძარნო,
როს იკავებთ თუთუნს პირში,
გრძნობთ, რომ იმის მკეთებელი
კვდება ტანჯვა-გასაჭირში?

თუთუნს ვახვევ სიფრიფანა,
თხელ ქაღალდის სამოსელში
და თან ვმღერი ჩემს ვაებას,
მებჯინება ცრემლი ყელში.

მაგონდება სიყმაწვილე,
მაგონდება დედა... მამა...
მყავდა ქმარი, მყავდა შვილი -
ყველა მიწამ შემიჭამა.

და ობოლი - ობლად დავრჩი,
უბედურად - უბედური;
ეხლა თუთუნს ვჭრი და ვახვევ,
რომ ვიშოვო ლუკმაპური.

ეხ, ვის ვუთხრა ჩემი დარდი,
ფიქრი ვიღას განვუმარტო? -
როგორც მარტო გავჩნდი ქვეყნად
და ჩავკვდები ისევ მარტო.

ან ვის დავწყვეტ გულს სიკვდილით?
ვინ მიტირებს ოხერ-მკვდარსა?
მხოლოდ დარდს კი თან წავიღებ,
დარდს, ჩემ მუდმივ მეგობარსა.

და თქვენ... და თქვენ, სვე-მაძღარნო,
რომ იკავებთ თუთუნს პირში,
გრძნობთ, რომ იმის მკეთებელი
კვდება ტანჯვა-გასაჭირში?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი