ლექსის შექმნის დროს
ლექსის შექმნის დროს მე წარმოვადგენ ცის და მიწის ხიდს, ხიდს მძლავრს და მჭიდროს. მე ვქმნი და მე ვსპობ: მოგკლავ! აღვადგენ! ლექსის შექმნის დროს!.. ლექსის შექმნის დროს!.. მე შემიძლიან... თუ შენს გულს უნდა - გაჩუქო აგერ ის არემარე, სადაც ზღვის ჭავლი მზით ადუდუნდა, ჭავლი ხუჭუჭა, ჭავლი მთვლემარე. მე შემიძლიან - მხოლოდ მარტო მე - სიყვარულიცა... სილამაზეცა... მე შემიძლიან, თუ მოვინდომე, ცხვირსახოცივით დავკეცო ზეცა. მე შემიძლიან, კანონი ღვთისა ისე შევცვალო, სატრფოვ სვიანო, რომ ჩემის ლექსით თვით ჩასვლა მზისა ცოტა ხნით კიდევ დავაგვიანო. ო, მე სულ სხვა ვარ! მე წარმოვადგენ ცის და მიწის ხის, ხიდს მძლავრს და მჭიდროს, მე ვქმნი და მე ვსპობ: მოგკლავ! აღგადგენ! ლექსის შექმნის დროს! ლექსის შექმნის დროს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი