ლია!
1. მე შენს სახელს შემოვევლე! ლია! ლია! ლია! ლია! ეს სახელი ჩემს ბაღჩაში ტყის ფოთლების შრიალია; ეს სახელი ისე ცეკვავს და შრიალებს ისე... ისე... ვით პერანგის შარიშური და ყვავილთა სიმაისე. შენში მგოსნად შემოვგორდი! და შენ, ლიავ, შენ, მეუფევ, ამიხსენი, სად არ გხედავ? ამიხსენი, სად არ სუფევ? როცა თოვლი მოჩუმჩუმებს და ნელი-ნელ ბარდნის ტყე-ველს: თოვლის ფერფლი "ლიას" მღერის, ლიას ცელქს და შეურყეველს; როცა წვიმა წამოჟონავს და აცრემლებს მთებს და გორებს: მოწანწკარე წვიმის წვეთი შენს ნაზ სახელს იმეორებს; როცა ლურსმულ წარწერებით იჭედება ვარსკვლავეთი; ცის გუმბათზე "ლია" მოსჩანს ნაპერწკლებით განაკვეთი; ყველა სცოცხლობს შენს სახელთან, ყველა შენი ტრფიალია, - მე შენს სახელს შემოვევლე! ლია! ლია! ლია! ლია! 2. და შენ, ასულს ისრაელსა, დაგეუფლა დღეს ქართული - მაგრამ ღმერთი ხომ ერთი გვყავს, ღმერთი ყველას შემმართველი? და რა ღმერთი? სიყვარული, - ეს ცხოვრების აზრი, გონი, - ხომ პირველად თქვენგან არის მონათესი-მონაგონი? და სოლომონს, თქვენს მძლავრ მეფეს, სიყვარული რო მოსწყურდა, გადააწყდა ვიღაც მწყემს ქალს და მწყემსურად ამიჯნურდა. დაუწერა "ქებათ-ქება", გაავრცელა ურიასტანს და აქებდა სულამიტის შავ ყვავილზე ნაკვეთ თეთრ ტანს; ან სალომე არ იყო, რომ ჯავრ-გადამხდელ, ტკბილ ზმორებით - იოჰანეს მოკვეთილ თავს დაეკონა ამბორებით? თვით იუდა? იუდაც ხომ შურს მალავდა, შურს ნელი-ნელს, და, როს იგი შეეტრფოდა მრუშ მარიამ მაგდალინელს: მარიამს კი ქრისტეს ტრფობა ედებოდა გულს ნაკვერცხლად!.. ქალის გამო ქრისტე გასცეს სულ ოცდაათ რაღაც ვერცხლად! 3. მე კი გეტრფი სულ სხვაგვარად, მე კი გეტრფი სულ სხვა ჯურად, მე მინდა, რომ შენს მაჯებზე მე ამასხა სამაჯურად! მე მინდა, რომ ეგ ყრუ ლოყა, ნაფერმკრთალი თბილის თოვლით, მხოლოდ ლექსით ავაწითლო, პოეტურის ზრუნვა-მოვლით! მე მინდა, რომ როცა ჩემს ლექსს შენ იმღერებ მოძახილად: ლექსი ჩუმად მოგეპაროს და გაკოცოს ტუჩში ფრთხილად! მე მინდა, რომ ეგ ტუჩები... ეგ ყურები... ეგ სხეული... არ შევბღალო! და შეიქნეს მარად წმინდა-კურთხეული. როგორ გეტყვი: "იყავ ჩემი!" ან: "შევუღლდეთ ტოლად, ჯუფთად!" ვერ შეგბღალავ! უნდა დარჩე ეგრე წმინდად, ეგრე სუფთად. როგორ გეტყვი: შენს ნაწნავზე იკლიბაკლობს ვნების მტვერი, როგორ გეტყვი: ვინ ჩაგიწყო მკერდში ორი სეფისკვერი? არა! არა! თვით ეს ლექსიც წმინდა ეჟვნის წკრიალია... მე შენს სახელს შემოვევლე... ლია... ლია... ლია... ლია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი