ქალი მსახიობი
ჰოდა, აი, ერთ მაგალითს მეც მოგითხრობ, გამიგონე - ერთი ქალი გავიცანი, მსახიობი ანტიგონე! შემიყვარდა! შევუყვარდი! ამას თითქმის ყველა გრძნობდა, - ...მაგრამ თურმე მსახიობი ცხოვრებაშიც მსახიობდა! მას შევწირე ყოველივე, ყოველივე, რაც მებადა, ის დავბადე მე ჩემს ლექსში, ლექსიც მისგან დამებადა, მე ვმღეროდი შოთას ჰანგებს, ის კი ჩანგზე ხმას აწყობდა, - ...მაგრამ თურმე მსახიობი ცხოვრებაშიც მსახიობდა! ო, მან ჩემი სიყვარული, უმტვერო და ფრთახასხასა, ვერ განჭვრიტა დინჯის თვალით, ვერ ახსნა და დააფასა; მან მომპარა ყოველივე, რაც ჩემს ლხენას შეადგენდა, მომპარა და ეხლა, ეხლა? დარჩა მხოლოდ ეს ლეგენდა: მაგონდება - ვსეირნობდი ერთხელ ბაღჩის ლარნაკ ტანზე, შემოიჭრა ამ დროს იგი, შემომიკრა ლარნაკ ტანზე, თან ამბობდა: "ჰხედავ, ჩემო, მშობლებს არც კი შევეპოვე და მოგნახე, როგორც იყო, ძლივს გიპოვე! ძლივს გიპოვე!" ტიკტიკებდა, მეხვეოდა, ზვიადობდა, მღამიობდა, - ...მაგრამ თურმე მსახიობი, ცხოვრებაშიც მსახიობდა. და, შემთხვევით - მესამე დღეს - მეც ვეწვიე ჩვენს თეატრსა, თამაშობდნენ ერთ პიესას ცნობილსა და ნაინატრსა, და, რომ ლექსით დამეოკა აშლილობა ჩემი ნერვის - მე სცენაზე ვერ ვამჩნევდი მსახიობთა გარდა ვერვის. ამ დროს - ღმერთო, - შემოიჭრა ჩემი სატრფო და ამ ქალმა ჩაიხვია ვიღაც ვაჟი, ვაჟიც ხვევნით მიესალმა. ქალმა უთხრა: "ჰხედავ, ჩემო, მშობლებს არც კი შევეპოვე და მოგნახე, როგორც იყო, ძლივს გიპოვე, ძლივს გიპოვე!.." სთქვა და... სტქვა და ამ სიტყვებზე ჩამოეშვა ხელად ფარდა, მოეწონათ მსახიობი, ყველა ერთხმად ახარხარდა; მხოლოდ ერთი ამ ხარხარში ცრემლის ფრქვევით კვლავ ამბობდა: - ეხ, მართლაც რომ მსახიობი ცხოვრებაშიც მსახიობდა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი