შენი ყელი


შენი ყელი... ამბობენ, რომ შენი სწორი ყელი
ლერწამია შარბათისა ძველი, მაშრიყელი.
არა! უფრო ამსგავსებენ... რას? არ ვიცი, თუ რას:
მარმარილოს ცისარტყელას, თუ სადაფის სურას?!
მე კი... მე კი გამოვძებნი სურათს ჯერ არყოფილს:
შენი ყელი მე მაგონებს გედის ათლილ პროფილს.

ორჯერ გნახე! და ორჯერვე ისე ავკეკლუცდი,
რომ ბუნებრივ სიკვდილს, ჩემო, რა ვქნა-აღარ ვუცდი.
მსურს გიმზირო და ამ მზერით გაგარჩიო სხვაში,
რომ გავქვავდე, როგორც ბუზი მარგალიტის ქვაში.

აი, ეხლაც თეატრში ხარ... და თეატრის სკამებს
შენი ყელის არემარე მორცხვად აკამკამებს.
ისე ნაზად აძლევ სალამს ყველას... ყველას... ყველას...
რომ წარბების მათრახებით ჰხატავ ცისარტყელას:
და ლოტნეტის ორი მინა ისე ხარბად მზვერავს,
რომ არ ვიცი, რით გავუძლო მაგ ჯადოსნურ მზერას.
ისე გშვენის მძივ-გულქანდა ყელზე მონართავი,
რომ..ახ, ნეტა, მე შენს ყელზე ჩამოვიხრჩო თავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი