ტყეში
იქ მყუდროა... მთვარის სხივი იქ ტყის ფოთლებს ვეღარ ატანს, იქ ნიავი სურნელს მოგვცემს, ფიჭვ ნაძვისგან გამონატანს, იქ ქიმი სჩანს ერთი კლიდისა სახესავით ჩამოთლილი; იქ ციგლიგოს მთის ნაკადი მაგ თმასავით ჩამოშლილი. იქ მე დავლევ შენს ცრემლს სუნთქვით, ცრემლს თვალებზე ნაგუბარსა, იქ გასწავლი, სიცოცხლეო, წამწამებით საუბარსა. იქ დღეს სულ სხვა საღამოა, სხვა საღამო... სხვა საღამო... წამო ტყეში! ტყეში წამო! დღეს არ ვეტრფი, ჩემო კარგო, შენს თოვლისფერ ნარნარა ტანს, ტანს ოცნების მხატვრის ხელით მკრთალ ტილოდან გადანატანს. დღეს მსურს დავსტკბე ჩემებურად! ჩემთან მოდი! ჩემთან... ახლოს!... რომ დაგწყევლო წუთის შემდეგ, რომ ოცნება განვაახლო! იქ მე ასე გეტყვი ზღაპარს საუცხოოს, მომხიბლავსა, გეტყვი, ჩემო, თუ ეს სული შენს სულს როგორ დაემსგავსა. იქ მე ასე გადაგიწვენ სათუთ მკლავზე გადატეხით, იქ მე კოცნით წავშლი მიწას აქოჩრილსა შენის ფეხით; იქ მე ასე მსურს მოვკოცნო შენი ტუჩი მოხასხასე. აი ასე მსურს მოვკოცნო... აი, ასე... აი ასე... იქ დღეს სულ სხვა საღამოა, სხვა საღამო, სხვა საღამო... წამო ტყეში! ტყეში წამო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი