ვარსკვლავთა ხომლნი...


ვარსკვლავთა ხომლნი აბამენ ფერხულს,
სიო მთის მწვერვალს დაჰქროლავს ცივად;
ნამი ხის ყლორტებს უკოცნის ტუჩებს,
ყვავილის ფურცლებს ესხმევა მძივად.

ფოთოლი ფოთოლს ეჩურჩულება,
ჩაჰკონებია ვერხვის ტოტი ტოტს;
წყარო ანკარა პირს ჰბანს ყვავილებს,
ეთამაშება ბუნების წალკოტს.

ჩუ!.. სევდის ხმები მოარხევს ჰაერს
და მეც ბანს ვაძლევ გაბრუებული, -
ტურფავ, ეს შენ მღერ ნაღვლიან ჰანგებს,
- თუ შორს ბუჩქნარში ჰკვნესის ბულბული?..
 

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი