ახალგაზრდულად


არ დავბერდები, გულო, არასგზით,
(სხვა გზა რომ მქონდეს,
სხვა შესაფერი);
ვიწამლებ ჩემი მტკვრით და ალაზნით,
ჩემი ზეკარით, ჩემი ლატფარით.
ვიწამლებ ჩემი მცხეთის ლამპრებით,
კოლხურ აისის ოქროს კონებით;
ჩემი გეგუთის
თეთრი ზღაპრებით,
ჩემი თბილისის შემოდგომებით.
არ მოვხუცდები, გულო, არასგზით,
ლტოლვის, სიცოცხლის,
სუნთქვის დასტურად...
კუბოს კარამდის, კუბოს კარამდის
გულო, დაღლილო _ ახალგაზრდულად!
ახალგაზრდულად
კვლავ მზეს ვეფეროთ,
წლებსაც, _
ჩვენზე რომ ლახვრად დაძრულა...
ახალგაზრდულად, გულო, ბებერო,
ცოტაც, სულ ცოტაც, ახალგაზრდულად!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი